ჩანაწერი 1. კონსპექტი:
განცხადება. ხაზთა შორის უბრძენესი. პოემა.
სიტყვასიტყვით, პირდაპირ ვიწერ იმას, რაც დღევანდელ სახელმწიფო გაზეთში დაიბეჭდა:
„120 დღის მერე სრულდება „ინტეგრალის“ მშენებლობა. ახლოვდება დიადი, ისტორიული წუთი, როდესაც პირველი ინტეგრალი აიჭრება სამყაროულ სივრცეში. ათასი წლის წინათ თქვენმა გმირმა წინაპრებმა დაიმორჩილეს ერთიანი სახელმწიფოს ხელისუფლება, მთელი დედამიწა. თქვენ კიდევ უფრო დიდი, საგმირო საქმე გელოდებათ: მინის, ელექტრული, ცეცხლმფრქვევი ინტეგრალით სამყაროს უსასრულო განტოლების ინტეგრება. გონების გადამრჩენელ გარდაუვალ ძალას თქვენ უნდა დაუქვემდებაროთ სხვა პლანეტებზე შესაძლოა ჯერ კიდევ ველური თავისუფლების პირობებში მცხოვრები შეუცნობელი არსებები. თუ ისინი ვერ მიხვდებიან, რომ მათთვის მათემატიკური სიზუსტის მქონე ბედნიერება მიგვაქვს, ჩვენი ვალია ვაიძულოთ ისინი ბედნიერად იგრძნონ თავი, მაგრამ, სანამ იარაღს გამოვიყენებდეთ, სიტყვის ძალა უნდა მოვსინჯოთ.
კეთილისმყოფლის სახელით ცხადდება ერთიანი სახელმწიფოს ყველა ნომრის საყურადღებოდ:
ყველა, ვისაც შესწევს ძალა, ვალდებულია ერთიანი სახელმწიფოს სილამაზესა და სიდიადეს ტრაქტატები, პოემები, მანიფესტები, ოდები ან სხვა თხზულებები უძღვნას.
ეს იქნება პირველი ტვირთი, რომელსაც იტვირთავს ინტეგრალი.
დიდება ერთიან სახელმწიფოს, დიდება ნომრებს, დიდება კეთილისმყოფელს!“
ვწერ და ვგრძნობ: ლოყები მეწვის. დიახ: გავაინტეგროთ გრანდიოზული სამყაროული განტოლება. დიახ: გავმართოთ ველური მრუდი, გავასწოროთ იგი მხების - ასიმპტოტის - წრფის გასწვრივ. ვინაიდან ერთიანი სახელმწიფოს ხაზი - წრფეა. დიადი, ღვთაებრივი, ზუსტი, ბრძნული წრფე - ხაზთა შორის უბრძენესი...
მე, Д-503, „ინტეგრალის“ მშენებელი - ერთიანი სახელმწიფოს მხოლოდ ერთ-ერთი მათემატიკოსი ვარ. ციფრებს ჩვეულ ჩემს კალამს არ ძალუძს რითმებისა და ასონანსების მუსიკის შექმნა. მე შევეცდები მხოლოდ ჩავწერო ის, რასაც ვხედავ, რასაც ვფიქრობ, უფრო სწორად - რასაც ვფიქრობთ ჩვენ (სწორედ ასე: ჩვენ, დაე, ეს „ჩვენ“ იყოს ჩემი ჩანაწერების სათაური). თუმცა ეს ხომ ჩვენი ცხოვრებიდან იქნება წარმოებული, ჩვენი, ერთიანი სახელმწიფოს მათემატიკურად სრულყოფილი ცხოვრებიდან. და თუ ასეა, ეს ხომ პოემა გამოვა, თავისთავად, ჩემი სურვილისგან დამოუკიდებლად. გამოვა - მჯერა და ვიცი.
ვწერ და ვგრძნობ: ლოყები მეწვის. ვფიქრობ, ეს ძალიან ჰგავს იმას, ქალი რომ განიცდის, როდესაც პირველად იგრძნობს თავის ორგანიზმში ახალი, ჯერ კიდევ პაწაწინა ბრმა არსების გულისცემას. ეს მე ვარ და, იმავდროულად, არა ვარ მე. ხანგრძლივი თვეები იქნება საჭირო მის გამოსაკვებად, საკუთარი სასიცოცხლო წვენით, სისხლით, ხოლო შემდეგ - ტკივილით უნდა მოიგლიჯო და დადო ერთიანი სახელმწიფოს ფერხთით.
მაგრამ მე მზად ვარ, ისევე, როგორც ყოველი, ან თითქმის ყოველი ჩვენგანი. მე მზად ვარ.