* * * ძვირფასო მკითხველო,
ერთხელ ჩემმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა თქვა: „სიბერეში ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახალი იდეები აღარ მომდის თავში“. ეს სიტყვები მოსმენისთანავე სამუდამოდ ჩამრჩა გონებაში, ვინაიდან სწორედ ამის მეშინია ყველაზე მეტად. ვფიქრობ, მხოლოდ მე როდი ვარ ასეთი. ადამიანები უცნაური არსებები არიან: ბევრი მათგანი სიბერეს სიკვდილზე მეტად უფრთხის.
ეს არის ამბავი მოგონებებსა და მათგან გათავისუფლებაზე. სიყვარულით აღვსილი წერილია, მამაკაცისა და მისი შვილიშვილის, მამისა და მისი ვაჟის ნელი დამშვიდობებაა.
რომ არ დაგიმალოთ, არასოდეს მნდომებია, თქვენ ის წაგეკითხათ. ეს მხოლოდ საკუთარ აზრებში გასარკვევად დავწერე – მე ხომ იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც დაწერილს გაცილებით უკეთ აღიქვამენ.
მოგვიანებით ეს გადაიქცა პატარა მოთხრობად იმაზე, თუ როგორ ვუმკლავდები დიდებული გონების იმ ადამიანთა თანდათანობით დაკარგვას, რომლებსაც ვიცნობ, როგორ მენატრებიან ისინი, რომლებიც ჯერაც აქ არიან, და როგორ მინდა ამ ყველაფრის ახსნა ჩემი შვილებისთვის. დაუყოვნებლივ მსურს ამის გაკეთება, რადაც არ უნდა დამიჯდეს.
ეს არის ამბავი შიშსა და სიყვარულზე, იმაზე, თუ როგორ მიდიან ისინი თითქოსდა ხელიხელჩაკიდებულნი დიდი ხნის განმავლობაში. და, რაც მთავარია - დროზე. სანამ ის კიდევ გვაქვს. მადლობას გწირავთ, რომ თქვენი დრო დაუთმეთ მას.
ფრედრიკ ბაკმანი