მოხუცის ოქრო მოხუცმა თავი მაღლა ასწია და სანამ რამეს იტყოდა ტალღებივით შეერთდნენ გადამფრენი ჩიტების გუნდი, თითქოს ერთი სხეული ყოფილიყო, უზარმაზარი წყლის წვეთი, ისეთი, სხვა რამესთან რომ არ ერთდება. ცა რომ მოსუფთავდა, მოხუცი მაინც უძრავად იდგა და მერე თავისთვის თქვა, "ადრეა ჯერ ხის კედლებში გამოკეტვა, სახლი მოიცდის". იქ იცოდა ლაპარაკი საკუთარ თავთან და სიმართლე რომ ითქვას, გულწრფელი იყო ყოველთვის. სიტყვის გამცემი ზოგჯერ არც გამოჩნდებოდა. ასკილის ბუჩქივით გადახლართულ გზებზე ვინ ივლიდა მასზე მეტს და თუ ვინმეს ნახავდა, აჰა, გამარჯობა ეთქვა და მაგით დაემთავრებინა. თავი დახარა, ფეხსაცმელი სულ მტვერს შეეჭამა. დილით რომ თქვა თავისთვის, კარგად ახსოვდა, ძველი, ლუფის ჩალისგან ნაქსოვი ქუდით თავზე, სარკის წინ, "მზეს შეჭამს მშიერი ლომი და თავიდანაც დაიბადება. ეს მე ვიკითხო, გამხდარი და ხმელი, ლამის ჩრდილი რომ გამიქრეს". ეზოში რომ ფეხი გამოდგა, ბაწარზე გაბმულ ცხვრის ტყავს შეხედა. კარგად იყო გამომშრალი და ანათებდა, თითქოს ოქროსი იყო. პურის თავთავები, ნიავზე რომ შეირხევიან, ისე აუფორიაქა სული და თვალწინ წარმოუდგა მიწაში ჩაფლული ელვარება. ეგ რომ არა, კიდევ დიდი ხანი იქნებოდა ტიმოთეს ნათქვამზე ჩაფიქრებული და ჩაყუდებული, როგორც ორმოში, საიდანაც სასიკეთოს არაფერს უნდა ელოდო. იქნებ ახლაც, იმის გამო არ ბრუნდებოდა შინ. ჯერაც რომ ვერ ამოეგდო თავიდან უსიამოვნო სიტყვების წყობა. არადა, ის სახლი ყველაფერს აიტანდა. თუმცა ოდნავ დაღლილი მაინც ჩანდა მოხუცი, ზეთისხილის ბაღებს მიჩერებული. გარშემო სულ დამსკდარი იყო მიწა ხანგრძლივი გვალვისგან. კაცს ამომშრალი თვალები მასზე მიეჩერებინა. მარტო მაგაზე არ ფიქრობდა, გონებაში ოქროს ძებნის წლებს ითვლიდა. მან ოთხმოცდაერთს მიაღწია და ნოღარის მხარეში ყველამ იცოდა მისი ამბავი. არ არსებობდა გარშემო, უცხო და მისთვის ფეხდაუდგამი ადგილი, ოქრო რომ არ ეძებნა. მოხუცი ხის ძირას დაჯდა. საღამოს ჯერ კიდევ ეჭირა დღის შუქი და ხელიდან არ უშვებდა. შინ მისვლამ- დე, ერთი ადგილი უნდა ენახა ფარნას. წლები და იქნებ გაჩენამდეც, აკითხავდა იქაურობას. გამუდმებით ჩიჩქნიდა ფერდობზე ქვებსა და მიწას. გული უგრძნობდა, რომ იქ იპოვიდა ოქროს, მაგრამ ყოველ ჯერზე იმედგაცრუებულს უწევდა უკან მობრუნება. ბოლო დროს ფერი იცვალა იქაურობამ, მიწა და კლდე რომ ჩამოიშალა. ფარნამაც უმატა ფერდობზე სიარულს, მაგრამ მაინც ვერაფერი ნახა. არადა, ჯერ კიდევ ისე იყო, თვალებში საიმედო სინათლე ედგა. მუხლებიც ქვასავით ჰქონდა. ადვილადაც დადიოდა, ვერავინ დაასწრებდა, მამალიც კი – ყივილს, ისე დგებოდა. ცა როცა გაბაცდებოდა, დედამისის სამოსის ფერი ახსენდებოდა. დილით, როგორც კი ინათა, ნოღარის ფერდობისკენ აპირებდა წასვლას, მაგრამ ნახევარ დღეზე მეტი ეზომ დაიჭირა. ძმის სტუმრობისგან გაჩენილი აშლილი ფიქრები არ ეშვებოდა. ფარდულში შევიდა და მისი დალაგება დაიწყო, ცოტა გული რომ გადაეყოლებინა, მაგრამ იქ იმდენი რამე იპოვა, უფრო ჩაეფლო იმაში, რაც დიდად არ სიამოვნებდა. იცოდა, რომ მისგან არაფერი ხეირი არ იყო. ძველი ხერხი და ნახევრად ჩამპალი ხის კასრები, რაც დარჩა, ყველაფერს ინახავდა. წიგნივით იყო, მიადგებოდი და წაიკითხავდი. ან ტიმოთეს ამბებს რა გამოლევდა მანდ. ძმის გამოჩენას და ყველა მის სიტყვას ხომ სამუდამო ადგილი ჰქონდა მოხუცის გონებაში. "რას აპირებ, ფარნა?". თითქოს გულზე ნემსი უჩხვლიტეს მაშინ. ამას ცხადივით გრძნობდა. არც იცოდა, რა ეპასუხა. განა ძნელი იყო იმის მიხვედრა, რა უნდოდა ფარნას. არც ის იყო რთულად გასაგები, რომ ძმა სხვა რამეს ელოდა მისგან, საერთოდ სხვა საქმეს და არა სოფლის მისადევარში ოქროს ძებნას. მას მერე ბევრი წელი იყო გასული. მოხუცი კი ისევ ისეთი შემართებით ეძებდა ოქროს, როგორც ყოველთვის. სჯეროდა, რომ აუცილებლად იპოვიდა ნოღარეში მიწაში დამარხულ მზეს. "სადმე სხვაგან შეფერადდება პურის ყანები ასე მზესავით?" – იტყოდა თავისთვის, როცა დაქანცული შეისვენებდა ზეთისხილის ბაღებთან და მიაჩერდებოდა ვრცელ ჰორიზონტს. სუფთა ცას რომ ახედავდა, სიმშვიდეს მოიმარაგებდა. ახლა, როცა ჩამოჯდა, მიხვდა, ოდნავ რომ დაღლილიყო. წინა ღამით ძმის მოსვლის ამბავი ხომ ჯერ კიდევ ზურგზე ჰქონდა მოკიდებული. მის გვიან გამოჩენას არც ელოდა. "ხომ იცი, ყველაფერი შენ უნდა ქნა", – უთხრა ტიმოთემ წასვლის წინ და მთელი ღამე, სინათლის მოსვლამდე, ეს ფრაზა ქარბუქივით ტრიალებდა ფარნას გონებაში. იმას ხომ არ ნიშნავდა, რომ ძმის იმედი არ უნდა ჰქონოდა, ან თითქოს ჯერ არაფერი ექნა და ყველა მთავარი საქმე წინ ჰქონდა მოხუც კაცს. უამრავ რამეს მოარგო ძმის სიტყვები, მაგრამ ვერსად უპოვა მოსასვენებელი. იქნებ არც ღირდა ამაზე ამდენი ფიქრი, რადგან ძმამ მხოლოდ თევზსაჭერზე უთხრა, რომელიც მოხუცმა სხვას გააკეთებინა