ამაყობდა სტრინდბერგის გავლენით თანამედროვე ამერიკული დრამატურგიის ფუძემდებელი იუჯინ გლადსტონ ო’ნილი დაიბადა ნიუ იორკში 1888 წლის 16 ოქტომბერს. მისი წინაპრები ირლანდიელები იყვნენ. მომავალი დრამატურგის მამა განთქმული მსახიობი იყო, მთელი ქვეყანა მოიარა გასტროლებით, უამრავ სპექტაკლში მონაწილეობდა, მაგრამ განსაკუთრებული სიყვარულით მაინც ერთ როლს თამაშობდა – გრაფ მონტე-კრისტოს როლს ალ. დიუმას ცნობილი რომანის ინსცენირებული პიესაში და ცდილობდა სცენაზე გათამაშებულ რომანტიკულ გმირს არც ცხოვრებაში ჩამორჩენოდა.
იუჯინი შეეცადა გაცლოდა ყალბ რომანტიკულ სამყაროს, რომელიც გარს ერტყა მამამისს. ერთხანს კათოლიკურ სკოლასა და კოლეჯში სწავლობდა, მერე პრინსტონის უნივერსიტეტში, მაგრამ, არ დაუმთავრებია, ხეტიალი დაიწყო, ჰონდურასში წავიდა, ხელი კომერციას მიჰყო, მალე ისიც მიატოვა და ორი წელი იმეზღვაურა, მაგრამ აქაც მოეცარა ხელი. რა ხელობას არ მოჰკიდა ხელი – რეპორტიორის, ოქროსმაძიებლის, მსახიობის, კანტორის მოსამსახურის, სად არ იყო – მოგზაურობდა აფრიკაში, დახეტიალებდა ინგლისში, მათხოვრობდა არგენტინაში. ბიოგრაფები წერენ რომ, უმნიშვნელო გაწბილებასაც კი იუჯინი ბოთლთან მიჰყავდა, ლოთობდა. ნასვამი კი წერდა და წერდა. რამდენჯერმე თავის მოკვლაც სცადა. ტუბერკულოზიც აღმოაჩნდა. სანატორიუმში ექვსი თვე დაჰყო, განიკურნა, ჰარვარდის უნივერსიტეტში შევიდა, სადაც პროფესორ ჯორჯ პირს ბეიკერის სემინარებს ესწრებოდა დრამატურგიაში. 1914 წელს გამოვიდა მისი პირველი კრებული „წყურვილი და სხვა ერთმოქმედებიანი პიესები“. ახალგაზრდა ო’ნილის ნოვატორული ძიებები დაემთხვა ჯორჯ კრომ კუკისა და მისი ცოლის სიუზენ გლასპელის ექსპერიმენტული თეატრალური დასის მსახიობების მოღვაწეობას. პირველი პიესა, რომელმაც სცენა იხილა, იყო „აღმოსავლეთით, კარდიფისაკენ“. იგი 1916 წელს პროვინსტაუნის მიტოვებული გემთსაშენში დაიდგა. ო’ნილის დებიუტს ნიუ-იორკში კრიტიკა მოწონებით ხვდება. ამ სპექტაკლით ავტორი აუმხედრდა ბროდვეის კომერციულ თეატრს. გზა ნაპოვნია.
ო’ნილი პიესას პიესაზე წერს. რეჟისორები ცდილობენ ყოველი მათგანი დადგან. ო’ნილი აშშ-ის დრამატურგიის აღიარებული მეთაურია. მთელი მსოფლიო აღიარებს მას საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მწერლად.
ო’ნილის შემოქმედებითი მოღვაწეობა რამდენიმე პერიოდად იყოფა, პირველი – მოსამზადებელი ანუ განსწავლის პერიოდი – 1913-1919 წლები. ამ პერიოდის ძეგლად დარჩნენ კრებულები „წყურვილი და სხვა ერთმოქმედებიანი პიესები“ (1914), „მთვარე კარიბის ზღვაზე და ექვსი სხვა პიესა ზღვაზე“ (1918). ეს დრამატული მინიატურები გამოირჩევა განგაშით, შიშით, ბრძოლით თავის გადასარჩენად.
საგანგებოდ შევჩერდეთ „წყურვილზე“. კატასტროფაში მოყოლილი ხომალდის გემბანზე სამად სამი კაცია დარჩენილი: ვიღაც ბატონი, მოცეკვავე ქალი და მულატი მეზღვაური. ისინი შუა ოკეანეში არიან და წყურვილისგან პირი უშრებათ. მოცეკვავე ქალს ჰგონია, რომ მეზღვაურმა მტკნარი წყალი გადამალა და ცდილობს გამოსტყუოს იგი. ქალი წამსვლელიც კია ყველაფერზე, ოღონდ წყურვილი მოიკლას, მაგრამ მეზღვაურს წყალი არა აქვს. ქალი საშინელი ტანჯვით კვდება. წყურვილისაგან ჭკუაზე შეშლილი მეზღვაური იღებს დანას, რათა ქალის სისხლი დალიოს, რასაც წინ აღუდგება ცოცხლად დარჩენილი მესამე. მათ შორის ატეხილ ჩხუბში ორივენი გადავარდებიან გემბანიდან და ოკეანის ტალღებში იღუპებიან.
თითოეული პიესის დადგმა მთელი მოვლენა იყო აშშ-ის თეატრალურ ცხოვრებაში. ისინი ორ ჯგუფად იყოფა: რეალისტურ და ექსპრესიონისტულ პიესებად. პირველ ჯგუფს ეკუთვნის „ისეთი არა, როგორც ყველა“ და „ჰორიზონტს მიღმა“ (1918, პულიცერის პრემია), „ოქრო“ და „ანა კრისტი“ (1921, პულიცერის პრემია), „პირველი ადამიანი“ (1921), „დარჩილულები“ (1922) და „სიყვარული თელებს ქვეშ“ (1924).
„ჰორიზონტს მიღმა“ იყო ო’ნილის პირველი დიდი პიესა, რომელმაც დასაბამი დაუდო ტრაგედიის შემოქმედებითი სიმწიფის პერიოდს. იგი პირველად 1920 წელს ბროდვეიზე დაიდგა.
მოქმედი პირი სამია: ორი ძმა მეიო – რობერტი და ენდრუ, და რუთი, ქალი, რომელიც ორივეს უყვარს. ენდრუ ძლიერი კაცია, ნებისყოფიანი; მას უყვარს მიწა და თითქოსდა იმისთვისაა გაჩენილი, დაამუშავოს იგი. რობერტი, პირიქით, რომანტიკოსია, მეოცნებე; შორეული მოგზაურობების გეგმებს აწყობს. მათ ცხოვრებაში იჭრება რუთი. იგი ენდრუს საცოლე იყო, მაგრამ მეოცნებე რობერტით მოიხიბლა. მისმა ვნებამ ყველაფერი არია: რობერტი შინ რჩება, მიწაზე, ენდრუ სამოგზაუროდ მიდის. ორივე კრახს განიცდის, არც რობერტი გამოდგება ფერმერად, არც ენდრუ ნახულობს სიხარულს თავის მოგზაურობებში. ვერც რუთი პოულობს ბედნიერებას. წინანდელი მეოცნებე ხელმოცარული პრაქტიკოსი ხდება, მისი ძმა – ხელმოცარული სპეკულიანტი. უბედური გამოდგა რობერტისა და რუთის ქორწინებაც. სამივეს გადაწყვეტილება მცდარი გამოდგა, არცერთს არ მოუტანა ბედნიერება.
არასწორ ნაბიჯსა და ჩადენილ ბოროტებას ვერც გამოასწორებ, ვერც გამოისყიდი. ეს აზრია გატარებული პიესაში „ოქრო“. კრიტიკოსებმა შენიშნეს პიესის მთვარი გმირის კაპიტან ბარტლეტის მსგავსება ბალზაკის ძუნწებსა და მომხვეჭელებთან – გრანდესა და გობსეკთან.
ოციანი წლების პირველი ნახევრის ყველზე ძლიერი და ღრმა პიესაა „სიყვარული თელებს ქვეშ“, სადაც წამოწეულია სისხლის აღრევის, ცოლქმრული ღალატის, შვილის მკვლელობის თემები. პიესამ მაშინვე ყურადღება მიიქცია ტრაგიკული პათოსისა და მასში ასახული მძაფრი კონფლიქტების გამო. იგი დღემდე რჩება თანამედროვე თეატრის ღირსშესანიშნავ მიღწევად.