I - (1883 წლის 9-11 იანვარი) საოცარია, როგორ ჰგავს ზოგჯერ შავი მელა კლდის ნამსხვრევს (სკუგა-ბალდური ( Skugga-Baldur ) – ისლანდიური ფოლკლორის მიხედვით, კატისა და მელას ნაჯვარი, ყველაზე სახიფათო და გაიძვერა მტაცებელი). ზამთარში ლოდს თუ მიუწვა, ქვისგან ვერ გაარჩევ. ის ბევრად უფრო ეშმაკია, ვიდრე თეთრი მელა, რომელიც უფრო ადვილი დასანახია საკუთარი ჩრდილის ფონზე ან ყვითლად მოჩანს ქათქათა თოვლზე.
აი, განაბულა შავი მელა თავის სამალავ ქვასთან და უხვად ეყრება ნამქერი ზურგის მხრიდან. ბეჭები ზამთრის გრიგალისთვის მიუშვერია, რგოლად მოკუნტულა და ბარძაყქვეშ დრუნჩშეჩურთულს ძლივს მოუჩანს გუგები ოდნავ გახელილ თვალებში. ასე აკვირდება ადამიანს, რომელიც არც კი განძრეულა მას შემდეგ, რაც თითქმის თვრამეტი საათის წინ შემოწვა ამ ნაბუქარში, ასჰეიმარის ერთ-ერთ ფერდობზე. იმდენი თოვლი დაჰყრია, რომ კაცის მაგივრად, კედლის ნაშალი გეგონება.
მელამ არ უნდა დაივიწყოს, რომ ეს კაცი მონადირეა.
მან ნადირობა აქედან სამხრეთით, ბოტნში დაიწყო. ცა უღრუბლო იყო, რიჟრაჟი კი ისეთი მუქი, როგორიც ზამთარს სჩვევია. კაცმა თხილამურებით გადაკვეთა მახლობელი მინდვრები და ჩრდილოეთისკენ – აუსარის მთაგრეხილის გასწვრივ, ლიტლა-ბიარგისკენ აიღო გეზი, სადაც მიწა ჯერ კიდევ არ იყო გადათოვლილი.
ქედთან მისულმა მთის თხემზე მოძრაობა შენიშნა. უბიდან ჭოგრიტი ამოიღო, გაშალა და ჯანსაღ თვალთან მიიტანა:
კი, ის იყო!
ზემოთ მელა რეინარდის (შუა საუკუნეების სატირული პოემების ციკლის „მელა რეინარდის რომანის“ პერსონაჟი, ანთროპომორფული წითელი მელა) ასული დაიარებოდა.
მელა თითქოს ვერ გრძნობდა საფრთხეს. ეტყობოდა, წასახემსებლად გამოსულიყო და ამ ერთადერთი მიზნისკენ აუჩქარებლად, დინჯად მიძუნძულებდა.
კაცი ყურადღებით დააკვირდა.
ცდილობდა გამოეცნო, რა მიმართულებით წავიდოდა ნადირი ქედის დაზვერვის შემდეგ. მოულოდნელად მელა ადგილს მოსწყდა და მოკურცხლა. კაცი ვერც კი მიხვდა, ასე რამ დააფრთხო. გაუგებარმა შიშმა შეიპყრო, არადა, ადამიანის სიახლოვე ვერ უნდა ეგრძნო – ყოველ შემთხვევაში, ხუთი გრძნობიდან რომელიმეთი.
ალბათ გუმანით მიხვდა კაცის ზრახვებს.
იგრძნო მისი ნადირობის ჟინი.
კაცი ფერდობს აუყვა. მელას პოვნა რომ არ გასძნელებოდა, ცდილობდა, ცხადად ჩაებეჭდა გონებაში მისი ხატება – როგორ ბრუნავდა ჩიკორივით თოვლის ქერქზე.
ქედზე კაცი მელას კვალის შესწავლას შეუდგა. ცერითა და საჩვენებლით თათის ანაბეჭდი გაზომა. ნადირი კარგა მოზრდილი უნდა ყოფილიყო. ხელზე აკრულ თოვლში ბალანმა გაიბზინა. ეს ფერი სხვაში არ აგერევა. ბეწვი შავი მელასი იყო.
დასავლეთით ღრუბლები შვეულად დაიზოლა.
ქარიშხალი ახლოვდებოდა.
მელა არსად ჩანდა.
მისი ნაკვალევი მკაფიოდ გასდევდა თოვლს ბოლომდე – სანამ ველს თვალი გასწვდებოდა.
კაცი მხნედ მიაბიჯებდა. ქარი ზურგში უბერავდა, მაგრამ უკვე სულ ერთი იყო, იყნოსებდა თუ არა მას მელა: მხეცმა ისედაც იცოდა, რომ ფეხდაფეხ მისდევდნენ.
კაცი დროდადრო ჩერდებოდა, ნაცადი წესით სინჯავდა არემარეს. მხოლოდ ერთი საფიქრალი ჰქონდა – გამოეთვალა, რა გზით წავიდოდა მელა და სად შეიძლებოდა მასთან სროლის მანძილზე მიახლოება.
უეცრად, თითქოს ვიღაცამ ჩასჩურჩულა, საით უნდა ევლო და საიდან უნდა მიჰპარვოდა:
„მელა დაბლობით, ჩრდილოეთისკენ გარბის. მერე, მკვეთრად იბრუნებს პირს აღმოსავლეთისკენ, მელარის ღორღიანი სივრცეებისკენ, სადაც ქვის მეტი არაფერია და სადაც ყველაზე კარგად შეძლებს დამალვას“.
იქნებ მხეცმა მეტისმეტი სიფრთხილე გამოიჩინა? იქნებ ზედმეტად მიმართა გონება ამ საფრთხისაკენ და ამით საკუთარ ფიქრებში შეუშვა ადამიანი? იქნებ დაავიწყდა, რომ შორს უნდა დაეჭირა მისგან თავი?
ან იქნებ სულაც განზრახ ჩააგონა ეს აზრი მონადირეს?
ქვიან დაბლობზე ჰაერი არ იძვროდა, მაგრამ სიცივე მაინც ძვლებში ატანდა; ლოყებს კი მხოლოდ სუსტ მონაბერად ევლებოდა. მოშორებით, ჩრდილოეთისკენ, კაცმა მოლურჯო გორგალი შენიშნა და გაირინდა. მალე გორგალი შეირხა და ქვებს შორის მელა წამოიმართა.
აი, ისიც!
იშვიათი მხეცი – მიწისფერი, ხშირბეწვიანი, კუდფუმფულა და ძალიან ფრთხილი. ის მყისვე განზე გახტა და სწრაფი, ხშირ-ხშირი ნახტომებით მოკურცხლა.
კაცი დაედევნა.
მელა ისე მოიქცა, როგორც მონადირემ ივარაუდა – პირდაპირ ახლად დატრიალებული ბუქისკენ გაიქცა. სანამ თოვლის ღრუბელი შთანთქამდა, წამით გაჩერდა და კაცს გამოხედა.
და ისევ არნახული სისწრაფით მოსწყდა ადგილს.
ჰაერში სტვენა და წივილი გაისმა.
კაცს ყურთან ქარს გამოყოლილმა გნოლმა ჩაუფრინა. შევარდენი მოსდევდა – მაღლა ლივლივებდა, დინჯად და თავდაჯერებით.
კაცმა ქარის ძლიერ დაქროლას სახე აარიდა, კარგად შეიფუთა კისერი შარფით და სამჯერ შემოიხვია მარჯვენა მკლავზე სამხრე ქამარი, რომ ჩანთა უკეთ მიბჯენოდა ბარძაყზე.
ქარიშხალი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
დიდხანს იარა თვალშეუვალ ბუქში.
თავიდან ქვა-ღორღზე მიდიოდა და სვლა არ გასჭირვებია. მაგრამ მერე თოვამ იმატა, ხრიოკი მიწა თოვლიანმა შეცვალა და საქმეც გაძნელდა.
სხვა რა გზა ჰქონდა, ისევ შინაგან ხმას უნდა მინდობოდა:
„მელას შეიძლება ბავშვივით შეეშინდეს ავდრის. ასეთ დროს