პირველი ნაწილი - 1
შინ დაბრუნდა. ათი საათი იყო; ხუთშაბათობით წიგნის მაღაზიას ცხრაზე კეტავდა და ათის ნახევრისთვის ვიტრინისა და შესასვლელი კარის გისოსებს რომ ჩამოუშვებდა, პარკის გავლით გაუდგებოდა ხოლმე ნახევარსაათიან გზას, რომელიც უფრო გრძელი იყო, ვიდრე ქუჩა-ქუჩა რომ ევლო, მაგრამ დამღლელი დღის შემდეგ ეს უფრო სიამოვნებდა. პარკი გაველურებული იყო, ვარდის კვლებს სურო მოსდებოდა, კვიდოს ბუჩქები არ გაეკრიჭათ. მაინც სასიამოვნო სურნელი ტრიალებდა, როდოდენდრონისა და იასამნის, ცაცხვისა და ჩინური ხემყრალასი, მოთიბული ბალახისა და სველი მიწის. ზამთარ-ზაფხულ ამ გზით დადიოდა, კარგსა და ცუდ ამინდში. შინ რომ მივიდოდა, განვლილი დღის უსიამოვნებები და საზრუნავი ჩამოფერთხილი ჰქონდა.
ცოლთან ერთად ცხოვრობდა იუგენდსტილის რამდენიმესართულიანი სახლის ბელეტაჟში, ათეულობით წლის წინ იაფად შეისყიდა, ამასობაში ბინას ფასი დასდებოდა და უზრუნველ სიბერეს ჰპირდებოდა. ფართო კიბე და მისი მომრგვალებული სახელური, ჭერსა და კედლებზე თაბაშირის ორნამენტები, შიშველი ლამაზმანის ქანდაკება, რომლის გრძელი თმა სართულიდან სართულამდე ჩაუყვებოდა კიბეს – უყვარდა სახლში შესვლა, კიბეზე ასვლა და ფერადყვავილებიანი მინის ჩანართიანი კარის გაღება. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, შიგ რა ელოდა.
ჰოლში, ძირს, ბირგიტის პალტო ეგდო, სურსათით სავსე ორი ჩანთა გადაყირავებული იყო. დიდი ოთახის კარი ღია დახვდა. ბირგიტის კომპიუტერი და შალის პლედი, რომელსაც სიამოვნებით იხურავდა ხოლმე, ტახტიდან ჩამოცურებულიყო. ღვინის ბოთლიც და ჭიქაც წაქცეულიყო და გადმოღვრილ სითხეს ხალიჩა დაესვარა. ცალი ფეხსაცმელი კართან ეგდო, მეორე – კაფელის ღუმელთან; ეტყობა, ბირგიტმა, როგორც სჩვეოდა, იქვე გაიძრო ფეხსაცმელი და შორს მოისროლა.
პალტო კარადაში შეკიდა, ფეხსაცმელები კომოდის გვერდით მიაწყო და დიდ ოთახში შევიდა. ახლაღა დაინახა, რომ ტიტებიანი ლარნაკიც წაქცეულიყო და დამჭკნარი ყვავილები და მინის ნამსხვრევები როიალის გვერდით ეყარა წყალში. დიდი ოთახიდან სამზარეულოში გავიდა. მიკროტალღოვან ღუმელთან ბრინჯიანი ქათმის ცარიელი პარკი დახვდა, როფში კი ბირგიტის ნახევრად სავსე თეფში და ერთობლივი საუზმისას გამოყენებული ჭურჭელი. ყველაფერს თვითონ გაწმენდდა, გარეცხავდა და მიალაგებდა.
იდგა და გრძნობდა, როგორ დაუარა მუცელში ბრაზმა, როგორ დაეჭიმა ხელები. მაგრამ ეს დაღლილი კაცის ბრაზი იყო. ხშირად მორევია და ისევ გადაუვლია. ანდა რა უნდა ექნა, მეორე დილას ბირგიტს რომ წაეჩხუბებოდა, ის დარცხვენილ და ჯიუტ მზერას შეაგებებდა, მერე თვალს აარიდებდა და მოსთხოვდა, თავი გამანებე, ცოტა დავლიე, რა, დალევის უფლებაც აღარ მაქვს, ჩემი ნებაა, რამდენსაც მინდა, იმდენს დავლევ, ჩემი სმა თუ გაღიზიანებს, გამეცალეო. ან ცრემლად დაიღვრებოდა, თავს დაიდანაშაულებდა და დაიმცირებდა, სანამ იქით არ სცემდა ნუგეშს და ეტყოდა, მიყვარხარ, კარგი, არა უშავს, არ ინერვიულოო.
არ შიოდა. ბირგიტის მორჩენილ ქათამსა და ბრინჯსაც იმყოფინებდა. მიკროტალღოვან ღუმელში გაიცხელა და სამზარეულოს მაგიდასთან ჭამა. შემდეგ ნაყიდი სურსათი მაცივარში შეალაგა, ღვინის ბოთლი და ჭიქა, ლარნაკის ნამსხვრევები და დამჭკნარი ყვავილები ოთახიდან სამზარეულოში გაიტანა, დაღვრილი წყალი აწმინდა, ხალიჩაზე დამჩნეულ წითელი ღვინის ლაქას ლიმონის წვენი დააწვეთა, კომპიუტერი დახურა, შალის პლედი დაკეცა და ჭურჭელი გარეცხა. სამზარეულოს პატარა განჯინა ებმოდა, ადრე იქ სურსათს ინახავდნენ, ახლა სამრეცხაო იყო; სარეცხ მანქანაში რაც დახვდა, გამოიღო და საშრობში შეყარა, გასარეცხი რაც იყო კალათაში, მანქანაში ჩატვირთა. წყალი აადუღა, ჩაი დაისხა და ჩაის ჭიქით ხელში სამზარეულოს მაგიდას მიუჯდა.
ჩვეულებრივი საღამო იყო, ადრეც რომ ბევრი ყოფილა, ისეთი. ხანდახან, ბირგიტი თუ ადრე დაიწყებდა სმას, შინმოსულს უარესი ხვდებოდა, ვიდრე წაქცეული ჩანთები და ჭიქებია, და კიდევ მეტი დამსხრვეული ლარნაკი. ზოგ საღამოს კი, თუ მის შინ დაბრუნებამდე ერთ ჭიქაზე მეტი არ ჰქონდა დალეული, მხიარული, ენაგახსნილი, განაზებული შეეგებებოდა, ხოლო თუ ღვინის მაგივრად შამპანურს მიჰპაროდა, ისეთი სიცოცხლით სავსე ხვდებოდა, რომ აბედნიერებდა და თან ანაღვლიანებდა, როგორც ყველაფერი კარგი, რაც იცი, რომ ნამდვილი არ არის. ასეთ დღეებში ერთად მიდიოდნენ დასაწოლად. სხვა დროს კი, შინ რომ ბრუნდებოდა, ბირგიტი უმეტესად ლოგინში იწვა ან ტახტზე, ხანდახან იატაკზეც და მას მიჰყავდა ხოლმე საწოლამდე.
შემდეგ სარკიანი მაგიდის წინ უზურგო სკამზე ჯდებოდა და მას უყურებდა. დანაოჭებული სახე, მომჭკნარი კანი, თმის ბუსუსები ნესტოებში, პირზე ნერწყვი, დახეთქილი ტუჩები. ბირგიტი ხანდახან ქუთუთოებს შეატოკებდა, ხელს უნებლიეთ გაიქნევდა, უაზრო სიტყვებს წამოისროდა, ოხრავდა და კვნესოდა. ხვრინავდა, ოღონდ არც ისე ხმამაღლა, მისთვის ძილი დაეფრთხო, მოგვიანებით რომ მიუწვებოდა ხოლმე, მაგრამ მაინც ისეთ ხმაზე, ჩაძინება უჭირდა.
მისი სუნი სძულდა. ალკოჰოლის და ავადმყოფი კუჭის სუნი ჰქონდა, ხანდახან კი მისი სიმძაღე ჩრჩილის გასაქრობ ბურთულებს აგონებდა, ბებიამისი რომ აწყობდა ხოლმე კარადებში. საბედნიეროდ, იშვიათობა იყო, მაგრამ ლოგინში თუ აერეოდა გული, ფანჯარას