ერთადერთი ენა
ორი ენა იცოდა მხოლოდ - წუწუნის და წუხილის ენა. იმ ენების გრამატიკაში დრო ყოველთვის წარსული იყო, რიცხვი მუდამ მხოლობითი. პუნქტუაციიდან მარტო მძიმე სჭირდებოდა. მძიმე დღეები, მძიმე ხასიათი, მძიმე სხეული. სწორად წერას ვერაფრით მიეჩვია: ყველა სიტყვას ცალ-ცალკე წერდა. ნელ ნელა და უსახლ კარო და თან და თან და სულერთია, რამდენცნებიანი იყო კომპოზიტი. ყველაფერი დანაწევრებულია და სათითაო, იტყოდა და წერასაც და შეცდომებსაც ძველებურად გააგრძელებდა.
შეცდომა დავუშვი, არასწორია. უნდა თქვა, შეცდომა მომივიდა - უხსნიდა მეხუთეკლასელს მასწავლებელი.
ის ბეჯითად იმეორებდა - შეცდომა დავუშვი. შეცდომა დავუშვი. და მისი ყველა შეცდომა მართლა ასე, განზრახ დაშვებულს ჰგავდა.
ასე არ უნდა გექნა, ასე არა! - თავს გადააქნევდნენ მშობლები, თინეიჯერი კედელთან რომ აიტუზებოდა.
ეს - არა, ის - არა. რაღა დარჩა? - ჩაილაპარაკებდა და გააგრძელებდა კედელზე ბზარების თვალიერებას.
სულ ეგონა, სახლი ინგრეოდა. გახდა უამრავი წლის და იდგა ისევ. არც აივანს მოჰკლებია ჩიტის ბუდეები და არც ბზარები დამატებია კედელს. ოჯახის წევრებიც სულ იმდენი იყვნენ, რამდენიც თავიდან. ექვსადგილიანი მაგიდა ივსებოდა, თუ ყველანი დასხდებოდნენ სასაუზმოდ. დედა, მამა და ოთხი ცალი შვილი. თოჯინებივით ჩამწკრივდებოდნენ ხის სკამებზე და ერთმანეთს არ უყურებდნენ.
ოთხივეს სხვადასხვა საჭმელი მოსწონდა და ხან რომელს უმართლებდა, ხან - რომელს. მშობლებსაც სულ სხვადასხვა ბავშვი უყვარდათ. აი, იღვიძებს ორშაბათს და თურმე იმ დღეს თვითონაა საყვარელი შვილი, თანაც ყველაფერი ეპატიება, გინდ კაბა დაილაქაოს მელნით და გინდ ფეხსაცმელს გასძვრეს ძირი სირბილისას. მერე ღილს დაკარგავს სამშაბათს და მაგაზეც გაუწყრებიან. ოთხშაბათს იქნებ ზედაც არ შეხედონ.
თვითონაც მშობლებისგან ისწავლა ასეთი სიყვარული: ხანდახან რომ გრძნობ და სულაც არა ხარ ვალდებული, სულ მაგის ფიქრში იყო. ამიტომაც უყვარდა ქმარი მხოლოდ კვირაობით, ან მხოლოდ ზამთარში, ან მხოლოდ მზიან დღეებში და ხანდახან მთელი წელი ისე გავიდოდა, არც უყვარდა. იმას კიდევ ვერ გაეგო, რატომ იშორებდნენ ნაჩქარევად ცოლის ხელები ან პირიქით, მკერდში გაშმაგებით რატომ იკრავდნენ.
29 წლის გახდა თუ არა, სამოგზაუროდ წავიდა. ორი-სამი ქვეყანა მოიარა, ოთხი-ხუთი მუზეუმი ნახა და ისეთი რამეები გასინჯა, სახელს სწორად რომ ვერ წარმოთქვამდა. გზა სამჯერ აებნა. შვიდჯერ უგონოდ დათვრა სასტუმროს ნომერში. შვიდიდან ხუთჯერ ნაბახუსევმა გაიღვიძა. ოთხჯერ უცნობ ადამიანს აკოცა და მხოლოდ ორჯერ ინანა. თერთმეტჯერ აეშალა კუჭი ნერვიულობისგან. ოცდახუთი სხვადასხვა ფანჯრიდან უყურა გათენებას. თექვსმეტმა მიმტანმა არ გაუღიმა მომსახურებისას. ოცდათერთმეტი სხვადასხვა საინფორმაციო გამოშვება ნახა. სამ საპროტესტო აქციას დაესწრო. ორჯერ მატარებელზე დააგვიანდა. ერთხელაც არ უფიქრია, დარჩენა მინდაო, მაგრამ უკან აღარ დაბრუნებულა. წუწუნის ენა ნელ-ნელა დაავიწყდა. ვერავის ელაპარაკებოდა. წუხილის ენაში კი ახალ-ახალი სიტყვები ჩნდებოდა. რაც დრო გადიოდა, მით უფრო იზრდებოდა მისი ლექსიკური მარაგი. მანამ იზრდებოდა, ვიდრე არ მიხვდა - უკვე ყველაფრის თქმა შეიძლებოდა წუხილის ენაზე. სხვა ადამიანები განიცდიდნენ, ენა საგნებისგან დაცარიელდა და მხოლოდ მაშინ არ იტყუები, როცა ჩუმად ხარო, მაგრამ მისი ენა გამონაკლისი იყო - ამ ენამ ყველაფერი იცოდა და ყველაფერს ზუსტად ხვდებოდა.
ზუსტად იციან მისმა სიტყვებმა - გუშინ მთელი დღე წვიმდა.
მატარებლის სადგური, რომლის რემონტიც იმდენჯერ გადაიდო, რამდენჯერაც დაიგეგმა, ჩამუქებულია და უსიხარულო. ცივ ძელსკამზე ჯდება. ფიქრობს, ხის აჯობებდაო და მხრებიდან ჩანთის ღვედებს იშორებს. ერთხანს ხელისგულებს იზელს, აქერცლილი კანი აუტანლად ექავება, მერე ჩანთას კალთაში ჩაიდებს, ელვას გახსნის და პარკში გახვეული სენდვიჩი ამოაქვს. უხმოდ ჭამს, აუჩქარებლად. მლაშე ყველის ნაჭერი სიცივისგან დახეთქილ ტუჩებს უწვავს, სწრაფად გაილოკავს ენით და ვერც ამჩნევს, რომ პურის ნამცეცები მუხლებზე ეყრება. მატარებელი არ ჩანს. სველ ფილებზე მგზავრების ფეხსაცმელების ტალახიანი ნაკვალევი დარჩენილა, მაგრამ თავად მგზავრები აღარსად არიან. მეტალის ფირფიტა, რომელზეც ქალისა და კაცის თეთრი ფიგურები ხატია, ერთადერთი ლურსმნითღაა მიჭედებული მოპირდაპირე კედელზე და განუწყვეტლივ ქანაობს. რამდენიმე ადამიანი მოდის. დახედავენ, ცოტას იხეტიალებენ ბაქანზე, ისევ დახედავენ, უსიტყვოდ მიდიან. წვიმის წვეთების ხმა ისე ისმის, თითქოს ნელ-ნელა უახლოვდება ქალი და წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი აცვია. სადაცაა უნდა გამოჩნდეს, გატეხილი ქოლგა წვალებით დაკეცოს და ძელსკამზე ჩამოდოს; მერე წვიმით გალუმპული თმა მუჭში უნდა მოიქციოს, ღონივრად გაწუროს და ზურგზე გადაიყაროს. ოღონდ ასეთი არავინ მოსულა. მძიმე, უშნო ფეხსაცმელები ეცვათ იმათ და სახეც ისეთი უსიამოვნო ჰქონდათ, კიდევ კარგი, არ რჩებოდნენ.
ზუსტად იციან მისმა სიტყვებმა - მატარებელი არ მოვიდა და სახეტიალოდ სადღაც წახვედი.
ხის ჯიხურში, რომელსაც ერთადერთი საღი ფანჯარა შერჩენია, ფერადი კანფეტები და მოხატული ჩაის ჭიქები