წინასიტყვაობა
გილოცავთ, თქვენს ხელში ნამდვილად ღირსეული არჩევანია.
ვიქტორ ფრანკლის ლოგოთერაპია და ეგზისტენციალური ანალიზი ვენის მესამე ფსიქოთერაპიულ სკოლას წარმოადგენს და მისი ცენტრალური იდეა ეფუძნება საზრისის ძიებასა და აღმოჩენას, რომელიც ეხმარება ადამიანს გაიაზროს საკუთარი ცხოვრების არსი, იპოვოს სულიერი სიმტკიცე და ღირებულებათა ნიადაგზე დაყრდნობით მოახდინოს პიროვნული განვითარება.
საზრისის ძიება მხოლოდ ადამიანისთვის დამახასიათებელი მისწრაფებაა, „წყურვილი“, რომელიც მას, როგორც ფსიქო-ფიზიკურ-სულიერ არსებას აქვს და რომლის აღმოჩენაც ეხმარება იმაში, რომ გაუძლოს ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციას - შინაგან თუ გარეგან კრიზისებს, ტანჯვას, დანაშაულის გრძნობას, დანაკარგს.
ვიქტორ ფრანკლმა - გამოჩენილმა ფსიქოთერაპევტმა, ნევროლოგმა, ფსიქიატრმა და ვენის მესამე ფსიქოთერაპიული სკოლის - საზრისზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ფუძემდებელმა, XX საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მოაზროვნემ, პირადი, ცხოვრებისეული მაგალითით დაამტკიცა საკუთარი თეორიის ჭეშმარიტება და გახდა ცოცხალი მაგალითი იმისა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღირსების, ღირებულებების, სინდისის, საზრისის მნიშვნელობა ცხოვრებაში და მათი ერთგულება არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, განურჩევლად არსებული გარემოებებისა.
წიგნი „ფსიქოთერაპია ღირსებით“ ორი არაჩვეულებრივი ლოგოთერაპევტის - ელიზაბეტ ლუკასის (ვ. ფრანკლის მოსწავლის) და ჰაიდი შიონფელდის (ელიზაბეტ ლუკასის არქივის დირექტორის) მიერ პრაქტიკაში ხორცშესხმული თეორიის ღირებული მონაგარია, რომელიც ზუსტად ასახავს ადამიანის სულისა და შინაგანი ძალის მნიშვნელობას ცხოვრებისეული დილემებისა და მტკივნეული პრობლემების წინაშე ყოფნისას.
ავტორები წარმოგვიდგენენ ლოგოთერაპიის კონცეფციას კონკრეტული მაგალითების ილუსტრირებით, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს - არც ჩვეულებრივ მკითხველს, არც დამწყებ ფსიქოლოგს და არც პროფესიონალ ფსიქოთერაპევტს. ზოგისთვის ეს წიგნი მიგნებებისა და თვითგამორკვევის წყარო გახდება, სხვებისთვის - პროფესიულ გზაზე ხედვის გაფართოებისა და ახლებური მიდგომების დამკვიდრების შესაძლებლობა.
წიგნი არა მარტო ფასდაუდებელ ცოდნასა და ინფორმაციას გადმოგვცემს, არამედ მნიშვნელოვანი გზავნილიც მოაქვს - ღირსება ის თვისებაა, რომელიც არ უნდა დავკარგოთ, განურჩევლად ცხოვრებისეული გარემოებებისა. ლოგოთერაპიის ჭრილში ცხოვრებასთან ურთიერთობის აღქმა იცვლება და გვევლინება, როგორც შემოქმედებითი პროცესი, რომელშიც ადამიანი, მიუხედავად ნებისმიერი ვითარებისა, თავად ირჩევს როგორ იმოქმედოს, განიცადოს ან უპასუხოს რეალობას.
სახელწოდება „ფსიქოთერაპია ღირსებით“ ლოგოთერაპიის კონტექსტში საკმაოდ საინტერესო და შინაარსიანი არჩევანია. იგი გამოკვეთს მიმდინარეობის შემქმნელისა და ავტორის შეხედულებას პიროვნებაზე, ლოგოთერაპიის, როგორც ანთროპოლოგიის, ფილოსოფიისა და ფსიქოთერაპიის არსს, გვიჩვენებს, რომ პიროვნების ღირსების უპირობო აღიარებით, ვაძლევთ ადამიანს შესაძლებლობას მოახდინოს საკუთარი რესურსების საუკეთესო, საზრისზე ორიენტირებული რეალიზება.
ლოგოთერაპია - ვიქტორ ფრანკლის მიერ ჩამოყალიბებული ფსიქოთერაპიული მეთოდი - ემყარება იდეას, რომ ადამიანის ძირითადი მისწრაფება და სულიერი მოთხოვნილებაა ცხოვრების საზრისის აღმოჩენა. ეს მიდგომა განსაკუთრებულად გამოკვეთს ღირსებისა და პიროვნული ღირებულებების მნიშვნელობას.
„ფსიქოთერაპია ღირსებით“ ამ მიდგომის ქვაკუთხედს გამოხატავს, რადგან თვალსაჩინოს ხდის იმას, რომ თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ღირებულებები, რომელთა დამკვიდრებაც მნიშვნელოვანია კრიზისების დასაძლევად. ღირსების, როგორც ჭეშმარიტი ღირებულებების ერთგვარი კრებითი ცნების, ფსიქოთერაპიაში დანერგვა მნიშვნელოვანია, რადგან იგი ეხმარება პიროვნებას რთულ სიტუაციებში საკუთარი არსის შენარჩუნებაში, ხაზს უსვამს იმას, რომ ღირსება ადამიანის სულიერების ნაწილია და მისი აღმოჩენა ეხმარება მას არა მხოლოდ ფსიქოლოგიური, არამედ სულიერი სიმშვიდის მიღწევაში.
ფრანკლის ხედვით, ღირსება პირდაპირ კავშირშია პასუხისმგებლობასა და თავისუფლებასთან. ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ღირებულ პიროვნებად აღიქვამს, ახერხებს გაიაზროს, რომ მას აქვს არჩევანი და აკისრია პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე. ფსიქოთერაპიის დროს, ლოგოთერაპიული მიდგომა ეხმარება პაციენტს, გაიაზროს ეს პასუხისმგებლობა და თავისუფლება, რაც ხელს უწყობს ღირსების გრძნობის ჩამოყალიბებასა და პიროვნულ ზრდას.
ეს წიგნი ღირებული თანამგზავრია მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ შეიძლება სირთულეები და განსაცდელი შინაგანი მეტამორფოზისა და განვითარების ახალი ეტაპების საწყისად ვაქციოთ. ადამიანი უნიკალური არსებაა, რომელსაც ხელეწიფება ამაღლდეს ნებისმიერ გარემოებებზე და ყველაზე მძიმე სიტუაციაც კი „სულიერი ტრიუმფის“ მაგალითად აქციოს.
მადლობას ვუხდი ავტორებს, „კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციისადმი“ გამოხატული ნდობისთვის წიგნის ქართულ ენაზე თარგმნისა და გამოცემის უფლებისთვის, რომელიც უსასყიდლოდ გადმოგვცეს, მთარგმნელს - მზია გალდავაძეს, წიგნის „სულის“ შემეცნებისა და პროფესიული სიფაქიზისთვის, თითოეული სიტყვისა და ტერმინის „დაგემოვნებასა“ და გაშინაარსებაში გატარებული არაერთი ერთობლივი დღისთვის და გამომცემლობა „პალიტრა L”-ს მხარდაჭერისა და განსხვავებული მიდგომისთვის, რომელსაც ის მუდმივად ავლენს რუდუნებით შერჩეული ლიტერატურის მკითხველისათვის შეთავაზების თვალსაზრისით.
ნინო ბერძნიშვილი
კლინიკური ფსიქოლოგი, ლოგოთერაპევტი, „კავკასიის ლოგოთერაპიისა და ეგზისტენციალური ანალიზის ასოციაციის“ პრეზიდენტი, წიგნის სამეცნიერო რედაქტორი