თავი 1 ჯაშუში ვარ, ჩანერგილი პასიური აგენტი, ორსახოვანი კაცი. ალბათ, საკვირველი არაა ის, რომ გონებაც ორი მაქვს. ზოგი ისე მექცევა, თითქოს რაღაც გაუგებარი მუტანტი ვიყო კომიქსიდან ან საშინელებათა ფილმიდან, მაგრამ ასეთი არ ვარ. უბრალოდ, შემიძლია ორივე მხრიდან დავინახო ნებისმიერი საკითხი. ხანდახან ჩემი თავის საამებლად ვამბობ, რომ ეს ერთგვარი ნიჭია და თუმცა, ვაღიარებ, რომ ეს უნარი არცთუ მნიშვნელოვანია, ეს ალბათ ერთადერთი ტალანტია, რაც გამაჩნია. სხვა შემთხვევებში, როდესაც ვფიქრობ, თუ როგორ ვერ ვახერხებ, სამყაროს ამგვარად არ ვუყურებდე, მაინტერესებს, მაშინ საერთოდ რას შეიძლება ეწოდოს ნიჭი. რაც უნდა იყოს, ნიჭი არის რაღაც, რასაც იყენებ და არა რაღაც, რაც გიყენებს. უნდა ვაღიარო, რომ ნიჭი, რომლის არგამოყენებაც არ შეგიძლია, ნიჭი, რომელმაც თვითონ დაგისაკუთრა, სახიფათოა. მაგრამ იმ თვეში, როდესაც ეს აღსარება იწყება, სამყაროს ჩემეული ხედვა ჯერ კიდევ უფრო ზნეობრივი ჩანდა, ვიდრე საშიში, როგორც ჩანს ხოლმე თავიდან ზოგიერთი ხიფათი.
განსახილველი თვე იყო აპრილი – უსასტიკესი თვე. ამ თვეში უაღრესად გაჭიანურებულ ომს საცეცები უნდა დაეკარგა, იმიტომ რომ სწორედ ასე ვითარდება ნებისმიერი ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება. ეს იყო თვე, რომელიც ჩვენს პატარა რეგიონში ყველაფერს ნიშნავდა და სრულიად უმნიშვნელო იყო ადამიანთა უმეტესობისათვის მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. თვე, რომელიც ომის დასასრულიც იყო და ამავდროულად დასაწყისი იმისა... ჰო, „მშვიდობა“ უადგილო სიტყვაა, ხომ, ძვირფასო კომენდანტო? ეს იყო თვე, როდესაც იმ ყველაფრის დასასრულს ველოდებოდი ვილაში, რომელშიც ბოლო ხუთი წელი ვცხოვრობდი, ვილაში, რომლის კედლები ყავისფერი მინის ნამსხვრევებს აებრჭყვიალებინა, თავზე კი ჟანგიანი მავთულხლართის გვირგვინი ედგა. ვილაში საკუთარი ოთახი მქონდა, უფრო სწორად, საკუთარი ოთახი თქვენს ბანაკში, კომენდანტო. რა თქმა უნდა, ჩემს ოთახს საკანი უფრო შეიძლება ეწოდოს, დამლაგებლის ნაცვლად კი ბავშვისსახიანი დარაჯი მომიჩინეთ, რომელიც საერთოდ არ ალაგებს. მაგრამ არ ვწუწუნებ – ამ აღიარებითი წერილის წერისას განმარტოება მჭირდება და არა სისუფთავე.
გენერლის ვილაში ღამით საკმარისად იზოლირებული ვიყავი ხოლმე ადამიანებისგან, მაგრამ დღისით ამის შესაძლებლობა მაინცდამაინც არ მქონდა. გენერლის ოფიცრებს შორის მხოლოდ მე ვცხოვრობდი მის სახლში, ერთადერთი დაუქორწინებელი კაცი ვიყავი მის შტაბში და ყველაზე საიმედო თანაშემწე გახლდით. დილაობით, სანამ ავტომობილით ახლოს მდებარე ოფისში წავიყვანდი, ერთად ვსაუზმობდით და ტექის სასადილო მაგიდის ერთ ბოლოში სასწრაფო შეტყობინებებს განვიხილავდით. ამ დროს მაგიდის მეორე ბოლოში მისი მეუღლე კარგად გამოწვრთნილი თორმეტი, თოთხმეტი, თექვსმეტი და თვრამეტი წლის ასაკის შვილების ოთხეულს ზედამხედველობდა. კიდევ ერთი, ცარიელი ადგილი განკუთვნილი იყო მათი ქალიშვილისთვის, რომელიც ამერიკაში სწავლობდა. შეიძლება ყველას არ ეშინოდა დასასრულის, მაგრამ გენერალი ამას აშკარად გრძნობდა. საუცხოო აღნაგობის, წელში გამართული გამხდარი კაცი იყო, სამხედრო ვეტერანი, რომელსაც მედლები პატიოსნად ჰქონდა მიღებული. მიუხედავად იმისა, რომ ხელებზე მხოლოდ ცხრა თითი შერჩენოდა, ფეხებზე კი რვა – სამივე ტყვიებმა და შრაპნელმა დააკარგვინა – მხოლოდ მისი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იცოდნენ, როგორ გამოიყურებოდა მისი მარცხენა ტერფი. მისი ამბიციების განადგურება თითქმის შეუძლებელი იყო, თუ არ გავითვალისწინებთ იმ შემთხვევას, როცა სურდა, ბურგონის შესანიშნავი ბოთლი ეშოვა და იმ თანამეინახეებთან ერთად დაელია, რომელთაც არ ესწავლებათ, რომ ღვინოში ყინულის ჩაყრა კარგი გადაწყვეტილება არაა. ეპიკურელი და ქრისტიანი იყო, ამ თანმიმდევრობით. კაცი, რომელსაც სწამდა გასტრონომიისა და ღმერთის, თავისი ცოლისა და შვილების, ფრანგებისა და ამერიკელების. მისი აზრით, ისინი გაცილებით უკეთეს სწავლებას გვთავაზობდნენ, ვიდრე უცხოელი სვენგალიები, რომლებმაც დააჰიპნოზეს ჩვენი ჩრდილოური საძმო და სამხრეთელთა ნაწილი – კარლ მარქსი, ვ.ი. ლენინი და თავმჯდომარე მაო. ამ მოაზროვნეების ერთი ნაშრომიც კი არ ჰქონდა წაკითხული. ჩემი, როგორც მისი ადიუტანტისა და დაზვერვის (აქ ავტორი სიტყვით თამაშობს – ორმაგი მნიშვნელობით იყენებს ტერმინს intelligence, რომელიც არა მხოლოდ „დაზვერვას“, არამედ „ინტელექტსა“ და „ზოგად („ტრივიალურ“) ინფორმაციასაც“ ნიშნავს.) უმცროსი ოფიცრის მოვალეობა იყო მისი მომარაგება, მაგალითად, „კომუნისტური მანიფესტის“ ან მაოს „პატარა წითელი წიგნის“ ციტატებითა და შენიშვნებით. მასზე მხოლოდ ის იყო დამოკიდებული, რომ შესაბამის შემთხვევებში მტრის აზროვნების შესახებ თავისი ცოდნა ეჩვენებინა და როცა კი თავის წარმოჩენა სურდა, თავის საყვარელ შეკითხვას სვამდა, რომელიც, მისი აზრით, ლენინს ეკუთვნოდა: ბატონებო, – ამბობდა და თან ფოლადის პატარა მუშტს მაგიდას ურტყამდა, – რა უნდა ვიღონოთ? უადგილოდ მეჩვენებოდა გენერლისთვის იმის თქმა, რომ ეგ შეკითხვა სინამდვილეში ჩერნიშევსკიმ დასვა თავის ამავე სახელწოდების რომანში. ვისღა ახსოვს ახლა ჩერნიშევსკი? სწორედ ლენინი იყო ანგარიშგასაწევი ფიგურა – საქმის კაცი, რომელმაც ეს შეკითხვა აიღო და მიისაკუთრა.
იმ