„ლიტერატურული მონსტრის“ ნაგვიანევი აღიარება XX საუკუნის გერმანულენოვან ავტორთა შორის ელიას კანეტი, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო მწერალია. მართალია, მას, როგორც დრამატურგსა და რომანისტს, შემოქმედებითი გზის ადრეულ ეტაპზევე მაღალი შეფასება მისცეს ჰერმან ბროხმა და რობერტ მუზილმა, მაგრამ ჯერ ემიგრაციამ, შემდეგ კი მეორე მსოფლიო ომმა აშკარად შეაფერხეს, ან უკეთ, რამდენიმე ათწლეულით დააყოვნეს მისი საერთაშორისო აღიარება. მიუხედავად იმისა, რომ 1936-დან 1949 წლამდე „დაბრმავება“ ხუთჯერ გამოიცა როგორც გერმანულენოვან სამყაროში (ავსტრიასა და გერმანიაში), ისე ამ სამყაროს ფარგლებს მიღმა (ინგლისში, აშშ-სა და საფრანგეთში), მხოლოდ 1963 წელს, რომანის მეექვსე გამოცემის შემდეგ ეღირსა მის ავტორს ჭეშმარიტი ლიტერატურული წარმატება, რომელმაც კულმინაციას მიაღწია 1981 წელს, კანეტისთვის ნობელის პრემიის მინიჭებით.
„დაბრმავებაში“ წიგნებისადმი სიყვარულს კაცი სიგიჟემდე, საბოლოოდ კი სიკვდილამდე მიჰყავს. წარმოიდგინეთ 25 ათასი წიგნით სავსე გამოქვაბული. კედლებს მაღალი თაროები გასდევს. არც ფანჯარა, არც მზის სხივი, არც დღის შუქი არ არღვევს სქელ-სქელი ფოლიანტების მყუდროებას. ეს პეტერ კინის სამფლობელოა. ვენელი ბიბლიომანი და „თავისი დროის უდიდესი სინოლოგი“ ამ უზარმაზარ ბიბლიოთეკაში ბინადრობს, როგორც ნიჟარაში – სამყაროსგან გარიყული, გაუცხოებული, უცნაური და მარტოსული. „არსად მაგიდა, არსად კარადა ან ღუმელი, რომელიც თაროების ჭრელ ერთფეროვნებას დაარღვევდა. (...) მდიდარი, მოწესრიგებული და ყოველი მხრიდან მოზღუდული ბიბლიოთეკა, სადაც არცერთი ზედმეტი დგამი, არცერთი ზედმეტი ადამიანი მას სერიოზულ აზრებს არ გაუფანტავდა.“
რამდენადაც ამ კაცს უყვარს თავისი წიგნები, იმდენად სძულს ადამიანები. ეზიზღება ბავშვები, კიდევ უფრო მეტად – ქალები. მათ ადამიანის მსგავს მორთულ-მოკაზმულ ცხოველებად მიიჩნევს. ამიტომ, მკითხველს ლამის დაუჯერებლად ეჩვენება, რომ კინი ცოლად ირთავს თავის დიასახლისს, ტერეზე კრუმბჰოლცს. ქალი ამტკიცებს, თითქოს კეთილსინდისიერად უვლის კინის წიგნებს, თუმცა სინამდვილეში მხოლოდ მის ქონებაზე უჭირავს თვალი და ძვირფასი წიგნების ფულად ქცევას ლამობს. ქორწინების პირველივე ღამეს იწყება დაუნდობელი ბრძოლა ბინაში ბატონობისთვის. რა გასაკვირია, რომ პეტერ კინისა და ტერეზეს წყვილს ერთმა კრიტიკოსმა „მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი ცოლ-ქმარი“ უწოდა.
კიდევ ერთი ციტატა რომანიდან: „[კინს] ვერ გაუგია, რა ხდება, ადამიანები წიგნებად იქცევიან. ხმამაღლა ყვირის და ანგარიშმიუცემლად გარბის ცეცხლისაკენ. გარბის, ქოშინებს, თავბედს იწყევლის, ხტება ცეცხლში, ეძებს და მავედრებელი სხეულები ეკვრიან ყოველი მხრიდან. ძველი შიში იპყრობს, ღვთის ხმა ათავისუფლებს, თავს დაიხსნის და იმავე ადგილიდან იმავე სცენას აკვირდება. ოთხჯერ გააბრიყვებინა თავი. ხდომილებათა სიჩქარე ყოველ ჯერზე იზრდება. იცის, რომ ოფლი ღვარად ჩამოსდის.“
სავსებით ლოგიკური ჩანს, რომ რეალობას მოწყვეტილი ეს წიგნების მოყვარული საბოლოოდ ცეცხლში ჩაიფერფლება თავის ბიბლიოთეკასთან ერთად. რადგან ერთადერთი ნამდვილი სიყვარული ამ რომანში, ეტყობა, სწორედ წიგნების სიყვარულია. აქ ყველა ადამიანი დაბრმავებულია – ზოგი ფულისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ სწრაფვით, ზოგიც – სინამდვილის წინაშე ძრწოლითა და ბიბლიომანიით.
ეს რომანი რომ დაწერა, ელიას კანეტი ოცდაათი წლისაც არ იყო. როგორც მრავალი წლის შემდეგ თავად აღნიშნა, ამ ტექსტის შესაქმნელად მისთვის მთავარ შთამაგონებლად იქცა ვენის იუსტიციის სასახლეში 1927 წელს მომხდარი ხანძარი. რაც იმხანად 22 წლის ახალგაზრდას მეხსიერებაში ჩაებეჭდა, იყო არა იმდენად უამრავი ადამიანის სიკვდილი, არამედ დანახვა ერთი მოხელისა, რომელიც თურმე თავგზააბნეული დარბოდა ცეცხლში და მოთქვამდა: „საქაღალდეებს რა ეშველება! საქაღალდეებს რა ეშველება!“
„დაბრმავებით“ ელიას კანეტიმ შექმნა გროტესკულად გამძაფრებული იგავი წვრილი ბიურგერის ძალაუფლებასა და ინტელექტუალის უძლურებაზე – თითქმის 600-გვერდიანი ლიტერატურული მონსტრი, რომელშიც ყველა ყველას ებრძვის. „მივხვდი, რომ ხალხი, მართალია, ერთმანეთს ელაპარაკება, მაგრამ ერთმანეთისა არ ესმის. – ამბობს კანეტი თავის ერთ ინტერვიუში. – ერთი ესაუბრება მეორეს, მეორე – მესამეს, თუმცა ნათქვამის არსს ვერავინ სწვდება. ‘დაბრმავება’ ნაწილობრივ წარმოიშვა ჩემი ვენური შთაბეჭდილებებისა და ბერლინური გამოცდილების უცნაური კონფლიქტიდან. [კანეტისთვის იმდროინდელი ბერლინი – მყუდრო, მშვიდ ვენასთან შედარებით – საგიჟეთს ჰგავდა. – დ.კ.] რაც ყველაზე მეტად მაწუხებდა ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ, იყვნენ შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც იქ გავიცანი. ერთ დღესაც გამიჩნდა აზრი, რომ აღარ შეიძლებოდა სამყაროს წარმოდგენა ისე, როგორც ადრინდელ რომანებში, ასე ვთქვათ, მწერლის პერსპექტივიდან. სამყარო დაიშალა და მისი ჭეშმარიტი სურათის დახატვას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებდი, თუ გეყოფოდა სითამამე, ის თავის დაშლილობაში გეჩვენებინა.“
ამ შეშლილ, შეპყრობილ ადამიანებზე კანეტი გვიამბობს სტილით, რომელიც ირიბი მეტყველებისა და შინაგანი მონოლოგის ნაზავად შეიძლება მივიჩნიოთ. ავტორი თითქოს ენდობა თავისი პერსონაჟების აზროვნებასა და მეტყველებას და ზედმიწევნით მიჰყვება მათს ლოგიკას, რომელიც, მართალია, „შეშლილი“ და არაადეკვატურია, მაგრამ, ამავდროულად, სავსებით კანონზომიერიცაა.
დიდი საერთაშორისო რეზონანსისა და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მოპოვების მიუხედავად, გერმანულ ჟურნალ „შპიგელის“ ლიტერატურული მიმომხილველის აზრით, კანეტის