იასუნარი კავაბატა – იაპონური ესთეტიკის მესაიდუმლე იასუნარი კავაბატა პირველი იაპონელი მწერალია, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოეს. 1968 წელს, პრემიის გადაცემის ცერემონიაზე, მან სიტყვით მიმართა აუდიტორიას და კიდევ ერთხელ აგრძნობინა მსოფლიოს იაპონური ფილოსოფიის, პოეზიის, ჩაის ცერემონიისა თუ, ზოგადად, იაპონური კულტურის ხიბლი და დიდებულება. „იაპონური სილამაზით შთაგონებული“ – ასე დაასათაურა კავაბატამ თავისი ნობელის ლექცია.
იასუნარი კავაბატა 1899 წელს დაიბადა ქალაქ ოსაკაში. მან ადრე დაკარგა მშობლები და ბიჭის აღზრდა ბაბუამ ითავა; თუმცა, 15 წლისას ბაბუაც გარდაეცვალა და კავაბატა სრულიად ობლად დარჩა. ლიტერატურის კრიტიკოსები და ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ კავაბატას შემოქმედება ამ ობლობისა და მარტოობის ტრავმის დაძლევის მცდელობაა. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ უტყუარი ფაქტია, რომ 15 წლის მოზარდი ერთგულად იჯდა მომაკვდავი ბრმა ბაბუის სარეცელთან და იწერდა მისი „კვდომის“ ყოველ წუთს... მოგვიანებით ეს ჩანაწერები აისახა ბრწყინვალე ესეში – „თექვსმეტი წლის ბიჭის დღიური“.
კავაბატას რთულ ეპოქაში მოუხდა ცხოვრება: სრულიად ახალგაზრდა კაცი მომსწრე გახდა, ერთი მხრივ, ტოკიოს „დიდი მიწისძვრისა“ 1923 წელს, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ქალაქიც გაანადგურა, ხოლო, მეორე მხრივ – იაპონიის საომარი გეგმებისა და მოქმედებების გაძლიერებისა მსოფლიო სარბიელზე. როგორც ერთმა, ისე მეორე მოვლენამ დიდი ზეგავლენა იქონიეს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე; გაიზარდა იაპონიის საერთაშორისო ამბიციები, რასაც მოჰყვა საზღვრების გახსნა და ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიის შემუშავება, რომელსაც უნდა გაეზარდა ქვეყნის ინტელექტუალური რესურსი და ხელი შეეწყო იაპონური კულტურისა და ლიტერატურის დამკვიდრებისათვის მსოფლიო მასშტაბით. იასუნარი კავაბატა ახალგაზრდობის სწორედ იმ ნაკადში მოხვდა, რომელიც საყოველთაო საგანმანათლებლო კამპანიის ობიექტს წარმოადგენდა.
წერა ადრიდანვე დაიწყო. ტოკიოს უნივერსიტეტის სტუდენტი უკვე აქვეყნებდა მოთხრობებს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში და თანდათან ავტორიტეტსაც იკრებდა. კავაბატამ მალე დაიმკვიდრა თავი, როგორც „ლირიკოსმა პროზაში“; მისი პროზა პოეტურ სულისკვეთებას ატარებდა, რასაც თავად მწერალიც აღნიშნავდა: ჩემი ტექსტები ძალიან ჰგავს იაპონურ ჰაიკუსო. ქვეყანაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ვესტერნიზაციის ფონზე, კავაბატამ, როგორც მწერალმა, შემოქმედების თემად იაპონური ტრადიცია აირჩია. იაპონიის წარსული, კულტურული ძირები და ფესვები მისთვის შთაგონების წყაროდ იქცა, თუმცა მისი წერის ტექნიკა და მეთოდები დასავლური მოდერნიზმის რადიუსზე იყო გამართული.
იაპონურ კულტურაში მოდერნიზმის ტენდენციების შეჭრა და გაძლიერება თავდაპირველად თარგმანის გზით განხორციელდა და ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ჩაკეტილობის დაძლევის მიმდინარე პროცესის ფონზე, საკმაოდ სწრაფადაც გავრცელდა. ტოკიოში 1923 წელს მომხდარმა მიწისძვრამ კიდევ მეტად გაამყარა მოდერნიზმის ფილოსოფიის პოზიციები: „ძველი სამყარო“ ერთბაშად დაიმსხვრა და მოდერნისტებს გაეხსნათ თემატური და სტილისტური ექსპერიმენტების ჩატარების ფართო ასპარეზი. სწორედ ამ პერიოდში კავაბატა ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოდერნისტული მიმდინარეობის – ნეოსენსუალიზმის – ფუძემდებლად მოგვევლინა.
ნეოსენსუალიზმი იყო მოდერნისტული მიმდინარეობა, რომლის ძირითად მახასიათებლებსაც ტექსტის უკიდურესი მეტაფორიზება, აგრეთვე, ადამიანური გრძნობებისა და ემოციების დეტალებში ჩაღრმავება წარმოადგენდა. საგულისხმოა, რომ ეს მეთოდი მანამდეც ახასიათებდა იაპონურ კულტურას, ვინაიდან ემთხვეოდა სამყაროს აღქმის იაპონურ, შეგრძნებით მოდელს, თუმცა იასუნარი კავაბატამ მას ახალი სული შთაბერა და მოდერნიზმის სტანდარტებში მოათავსა: მწერალი მკითხველისაგან მოელოდა არა ტექსტის წაკითხვას, არამედ ტექსტში „ყოფნას“. იაპონური მოდერნიზმის ეს მიმდინარეობა, განსხვავებით სხვა პროდასავლური ლიტერატურული მოდელებისგან, მიმართული იყო იაპონური კულტურის ძირებისაკენ: ჩავუღრმავდეთ სამყაროს, რომელიც შეგრძნებით გვეძლევა. კავაბატას ამ პერიოდის შემოქმედების უდავო მარგალიტია მოთხრობა „მოცეკვავე გოგონა იძუდან“ (1926).
მიუხედავად იმისა, რომ იასუნარი კავაბატამ დიდ წარმატებას მიაღწია ნეოსენსუალიზმის თეორიულ და პრაქტიკულ პოპულარიზაციაში, გარკვეული დროის შემდეგ ის ახალ შემოქმედებით ეტაპზე გადაინაცვლებს, რასაც შეიძლება ფსიქოლოგიური რეალიზმი ეწოდოს. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს 1934 წელს დაწერილი რომანი „თოვლიანი მხარე“, სადაც მკითხველი ორეულივით აედევნება მთავარ პერსონაჟს, შიმამურას, და ხდება მისი ყველა განცდისა თუ იმედგაცრუების გამტარი. კრიტიკოსები სამართლიანად საუბრობენ ამ პერიოდის კავაბატას შემოქმედებით კავშირზე ჯეიმზ ჯოისთან (ცნობიერების ნაკადის გავლენა), ასევე, ფროიდის ფსიქოანალიზის მეთოდთან და ნიცშეს ნიჰილისტურ ფილოსოფიასთან. თუმცაღა, კავაბატასთვის ნიშანდობლივი ერთგულება იაპონური კულტურული კოდისადმი უცვლელია: რომანში წამოწეულია არა მხოლოდ მარტოობისა თუ მიუღწეველი სიყვარულის თემები, არამედ მშვენიერებისა და სევდის „სწრაფწარმავალობის“ ტრადიციული იაპონური მოტივი, გამოსახული კავაბატასეული მეტაფორული სიღრმითა და პოეტურ-ვიზუალური მანერით.
მოგვიანებით, მოღვაწეობის შემდგომ ეტაპზე, კავაბატას მიერ დამკვიდრებული ახალი ლიტერატურის ტენდენცია კიდევ მეტად ერწყმის იაპონურ ფილოსოფიასა და ლიტერატურულ ტრადიციას, რასაც ადასტურებს მისი ბრწყინვალე რომანები: „ათასი წერო“ (1949-1951) და „მთის ხმა“ (1949-1954). მწერლის მოღვაწეობის ეს პერიოდი შეიძლება შეფასდეს, როგორც მისი გენიის სიმწიფის ხანა. ორივე დასახელებული რომანი გამოხატავს კავაბატას რწმენას, რომ საჭიროა ლიტერატურის არა თხზვა, არამედ გადმოღვრა; შევქმნათ არა „მოგონილი“, არამედ „თავსგადახდენილი“ ლიტერატურა, ოღონდ არა,