პირველი ინდური ხეტიტა ხშირი ფოთლების სამოსს მთლიანად დაებურა, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებოდით, აუცილებლად შეამჩნევდით საყვირის მსგავს ფართოდ გადაშლილ, ყვითელ და მიმზიდველად მოღიმარ, თავჩაქინდრულ, ჩამქრალ წითელ ყვავილებს. ხეტიტას ყვავილი რომ ფერმკრთალდება, კიდევ უფრო მშვენდება. კალი წამოხტა და ერთი ცალი მოწყვიტა. თუკი რამ მოეწონებოდა, ყოველთვის ცდილობდა, დაჰპატრონებოდა. ყვავილი ცოცხლად გამოიყურებოდა, თუმცა ფოთლები კი დასცვენოდა. კალი იქვე ჩამოჯდა და დაყნოსა. ცხვირთან ძალიან ახლოსაც რომ მიგეტანათ, მაინც ვერ იგრძნობდით მის სურნელებას. მიხვდა, რომ არ უნდა მოეწყვიტა. ხეზე უფრო მომხიბვლელი ჩანდა, თან ვერც სურნელით დაიკვეხნიდა.
ხეს თვალი შეავლო. დიდი ხნის წინ სიმამრის სახლის წინა ეზოში საკუთარი ხელით ჩარგო მიწაში. მანამდე, როცა კი იმ სახლში მივიდოდა, ცარიელი მიწის დანახვა თვალს სჭრიდა და ცდილობდა, მზის ჩასვლამდე გარეთ არ გამოსულიყო. ეს ოჯახის ქალებს სულაც არ მოსწონდათ, რადგან ჭორაობას ვეღარ ახერხებდნენ. ერთხელაც კალი თავის ცოლისძმას გაესაუბრა.
– ხომ კარგი იქნება, აქ ხე რომ დავრგოთ?
– უარზე არიან. ამბობენ, მზე არაფერმა არ უნდა მოჩრდილოს, მიწისთხილისა და სიმინდის გაშრობაში ხელი შეგვეშლებაო. მამაჩემს რომ დაელაპარაკო?
იმ დღეს კალიმ არაფერი უპასუხა, თუმცა შემდეგი სტუმრობისას ხელცარიელი არ მისულა, თან პატარა ნერგი მიიტანა. გზად პონაიმ კითხვები რომ დაუსვა, მხოლოდ გაუღიმა.
– რას მოათრევ, მაამა (სასიყვარულო ან არაფორმალურ ურთიერთობებში სიტყვა გამოიყენება საყვარელ, ახლობელ მამაკაცთან მიმართვის დროს.) ? – ლოყაზე სიყვარულით უჩქმიტა პონაიმ და განაგრძო: – არასდროს არაფერს მეუბნები. მომხიბლავი ღიმილის გარდა, შენგან ვერაფერს ვიღებ!
მათი ქორწინებიდან ჯერ სამი თვეც არ გასულიყო; ერთმანეთს თვალს ვერ სწყვეტდნენ, დაშორება ხომ წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ. ერთ დღესაც, როცა კალი სიმამრის სახლს ესტუმრა, შინ არ შესულა; ბარი და ნიჩაბი აიღო და საქმეს შეუდგა. ნერგის დასაბინავებლად ისეთი ადგილი შეარჩია, სადაც მცენარეს არაფერი შეუშლიდა ხელს, ტოტები რომ ყველა მიმართულებით გაეშალა. მართალია, ახლა სულ პატარა იყო, მაგრამ კალი თავის წარმოსახვაში უკვე გაზრდილს ხედავდა; იცოდა, როგორი იქნებოდა ათ, უფრო მეტიც – ოც წელიწადში.
მისი სახლის უკან, საქონლის ბაკთან, ინდური ხეტიტა ხარობდა. არავინ იცოდა, ვინ ან როდის დარგო ხეტიტა იქ. კალიმ სწორედ მისგან აიღო ნერგი. გონებაში უზარმაზარი, ფართოდ გაშლილი ტოტები ისე ჩაჰბეჭდოდა, რომ ზუსტად იცოდა, პატარა ნერგიც ისევე გაიზრდებოდა და ეზო-კარს დაამშვენებდა. წარმოიდგენდა ხოლმე, როგორ ინებივრებდა მის გრილ ჩრდილში წამოგორებული და წინასწარ განიცდიდა ნეტარებას. ოჯახში ახალი სიძის სურვილს არავინ შესწინააღმდეგებია.
სანამ ნერგისთვის შემოხვეული, ძროხის ფუნით გაჟღენთილი სახვევი გაშრებოდა, ნერგმა ყლორტები გამოიღო. ახლა უკვე ვალდებულება გაჩნდა, რომ სიძის დარგული ხისთვის მიეხედათ. კალის სიდედრმა, იმის შიშით, რომ სხვა საოჯახო საქმეების გამო ხის მორწყვა არ დავიწყებოდა, მის გვერდით დაიწყო ჭურჭლის რეცხვა. იქვე ინახავდა წყლით სავსე დიდ ქვაბსაც, რათა შინ დაბრუნებულებს ხელები და ფეხები დაებანათ. ასე რომ, ხის ქვეშ სივრცე მუდამ ნოტიო გახლდათ. ყოველთვის, როცა კალი სტუმრად მიდიოდა, პირველ რიგში ხეს დახედავდა ხოლმე.
– მგონი, შენი სიძე აქ იმიტომ მოდის, რომ ნახოს, როგორ ვუვლით მის მზითევს!
კალის სიმამრმა ხეს ხუმრობით „სიძის მზითევი“ შეარქვა. სახელით სიძესაც არ მიმართავდა და ახლა მისი ხეც დაემატა. სულ რაღაც ერთ წელიწადში ხე იმდენად გაიზარდა, რომ ტოტების ქვეშ კაცი წელში გამართული დადგებოდა. მოსალოდნელიც იყო, ბოლოს და ბოლოს, ისეთი წინაპარი ჰყავდა, ყველანაირ სირთულეს რომ გაუძლო. მომდევნო წელს იყვავილა, კიდევ ერთ წელიწადში ნაყოფიც გამოიღო.
თორმეტმა წელმა თვალის დახამხამებაში გაირბინა. ინდური ხეტიტა ყოველწლიურად იზრდებოდა და იფურჩქნებოდა. ახლა მის ჩრდილში ათი ასაკეცი საწოლი მაინც დაეტეოდა. ფოთოლი გამუდმებით არ ცვიოდა, მაგრამ როცა ცვიოდა, სიდედრი მაშინვე წუწუნს იწყებდა. – გაუთავებელი ხვეტა გამიგია? აღარ დამთავრდა ჩემი „სიძის მზითევზე“ ზრუნვა! – კალის სიმამრი გახარებული ადევნებდა თვალს საკომპოსტე ორმოების ხის ფოთლებით შევსებას. ხემ იმდენი სასუქი გამოიმუშავა, რამდენის გამომუშავებასაც ერთ ბაკში ახერხებდნენ ძროხები. სიძის საჩუქარი ნამდვილად ფასდაუდებელი განძი აღმოჩნდა!
ბოლო ორი წელი კალი სიმამრის სახლში არ გამოჩენილა. ამ ხნის განმავლობაში ხეტიტა ცისკენ სწრაფვას განაგრძობდა. პატარა მცენარის ზრდა თვალშისაცემია, რომ მოიზრდება, მერე ვერც კი შეამჩნევს კაცი. თუმცა კალი ხის ტოტებს თვალით გამუდმებით ზომავდა და ადვილად შენიშნა, რომ ერთი ტოტი, რომელსაც ეზო გადაეკვეთა და ლამის სახლში შესჭროდათ, მოეკვეთათ. თითქოს ხის ერთმა ნაწილმა პირვანდელი მშვენება დაკარგა. ალბათ იმიტომ გაიმეტეს, რომ მზეზე რაღაცები გამოეშროთ. კალი იდგა და ხის ნაიარევს უცქერდა.
ბოლო ხანს