თავი პირველი - შესავალი
ახლა, ამას რომ ვწერ, 28 წელია გასული მას მერე, რაც ჩემი პირველი წიგნი „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ გამოქვეყნდა, მაგრამ, ფაქტობრივად, ბევრი არაფერი შეცვლილა. რასაკვირველია, ტექნოლოგია წინ წავიდა („ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ „ჰერმესის“ პაწაწინა, ხელის საბეჭდ მანქანაზე დავბეჭდე, ახლა კი გაპრანჭული კომპიუტერი მაქვს), მსოფლიოშიც უამრავი რამ მოხდა 30 წლის განმავლობაში, მაგრამ ბავშვების საჭიროებებთან დაკავშირებით ბევრი არაფერი შეცვლილა. მათ დღესაც ტანჯავთ სასტიკი მოპყრობა და სექსუალური შევიწროება, განქორწინებები, დანაკარგი, განშორება და კიდევ ბევრი, ბევრი სხვა რამ. ჩვენ, იმ ადამიანებს, რომლებიც ბავშვებთან ვმუშაობთ, დღესაც ჰაერივით გვჭირდება სხვადასხვაგვარი მეთოდი, რათა დავეხმაროთ ბავშვებს გადარჩენაში, დავეხმაროთ, რომ პრობლემებს გაუმკლავდნენ და ისე გაჯანსაღდნენ, რომ შეძლონ ჩვენს სტრესულ საზოგადოებაში ცხოვრება. ამ წლებში მუშაობას განვაგრძობდი და მივხვდი, რომ ბავშვებსა და მოზარდებთან გეშტალტ-თერაპიული მიდგომა დღესაც ეფექტურია.
რაკი კიდევ ერთი წიგნის დასაწერად ვერ ვიცლიდი, სათითაოდ ვამზადებდი აუდიოჩანაწერებს, აღვწერდი ჩემს მიღწევებს და ახალ იდეებს, რომლებსაც მუშაობისას ვიყენებდი. დროდადრო ვწერდი სტატიებს, ფრაგმენტებს სხვა ავტორების კრებულებისთვის. უამრავ სემინარზე ვატარებდი საუბრებს და პრეზენტაციებს. ბოლოს მივხვდი, რომ საჭირო იყო ამ ახალი (წიგნის „ფანჯრები ჩვენი ბავშვებისკენ“ შემდგომი) იდეების, მოსაზრებების, აღმოჩენებისა და მოვლენების ერთ წიგნში თავმოყრა. ჩემს საქმეში ის მომწონს, რომ მართალია, დრო მიდის და ვბერდებით, მაგრამ ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა გვეძლევა.
ჩემი ცხოვრების ამ მონაკვეთში საკუთარი თავი „ნახევრად პენსიონერად“ მიმაჩნია (გასულ აპრილში 79 წლისა გავხდი). შვიდი წლის წინ უარი ვთქვი კერძო პრაქტიკაზე და ახლა ცოტ-ცოტას ვზედამხედველობ, ვმასწავლებლობ და ჩემს ორკვირიან ზაფხულის საწვრთნელ პროგრამაზე ვმუშაობ. კვლავ ვმოგზაურობ შტატებში თუ ქვეყნის გარეთ გამოვდივარ სემინარებზე, მოხსენებებს ვკითხულობ, მაგრამ ძალიან ვცდილობ, საქმეები შევამცირო. ბოლო რამდენიმე წელიწადში ვმუშაობდი სამხრეთ აფრიკაში, ირლანდიაში, ავსტრიაში, მექსიკაში, ინგლისსა და შტატების რამდენიმე ქალაქში. ჩემს საწვრთნელ პროგრამაზე ხალხი მთელი მსოფლიოდან ჩამოდის. როგორც კი ვიფიქრებ, რომ უნდა შევწყვიტო ამ ინტენსიურ პროგრამაზე მუშაობა, მოთხოვნებს ვიღებ ბრაზილიიდან, არგენტინიდან. ტაივანიდან, ახალი ზელანდიიდან და სხვა შორეული ადგილებიდან ადამიანებს მთელი გულით სწადიათ, ისწავლონ ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობის ჩემეული მეთოდი. ბავშვებთან კარგი მუშაობის წყურვილი გამაოგნებელია.
ადამიანების ერთმა ჯგუფმა დააარსა ფონდი „ვაიოლეტ სოლომონ ოკლანდერის ფონდი“, რათა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ როცა საბოლოოდ გავიდოდი პენსიაზე, ჩემი საქმე გაგრძელდებოდა. როცა ამას ვწერ, ეს ჯგუფი საწყის ეტაპზეა; ბედმა გამიღიმა – ახლა შემიძლია, მეც ჩავერთო. ეს ხალხი ჩემი საქმისთვის თავდადებულია და გულანთებული. ზედმეტიცაა იმის აღნიშვნა, რომ უკეთეს თანამოაზრეებს ვერც ვინატრებდი. სიამაყით და მადლიერებით მივსებენ გულს.
ჩემი სამუშაო დიდ სიხარულს მანიჭებს. იმედია, იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ საქმეს მოჰკიდეთ ხელი, ეს წიგნი დაგეხმარებათ და ისეთივე საჩუქარს მოიმკით, რაც მე მივიღე. ესაა ბავშვების დახმარება, მათი სწორ გზაზე დაყენება ზრდისას და ცხოვრებაში.