ნაწილი პირველი - თავი პირველი შუა დღის ხანი იქნებოდა, პეტრონიუსს რომ გაეღვიძა. დაღლილობა იგრძნო. გუშინ ნერონთან იყო, ლხინი ნაშუაღამევამდე გაგრძელდა. ეს ერთი ხანია, ჯანმა უმტყუნა პეტრონიუსს, თვითონ ამბობდა ხოლმე: დილით რომ გამეღვიძება, ასე მგონია, გახევებული ვარ, აზრიც ვერასგზით ვერ მომიკრებიაო; მაგრამ დილის აბანო და საგანგებოდ დანიშნული მონებისაგან ტანის ბეჯითი დაზელვა ზანტ სხეულს უხალისებდა და ძალ-ღონეს უბრუნებდა. ელეოთესიუმიდან ანუ აბანოს უკანასკნელი განყოფილებიდან ახლად დაბადებულივით გამოდიოდა - თვალციმციმა, მხიარული, გაყმაწვილებული, სიცოცხლით სავსე, მშვენიერი, იმდენად ლაზათიანი, რომ თვითონ ოთონიც ვერ დაუდებდა ტოლს; ამ დროს ნამდვილი arbiter elegantiarum (ნატიფი გემოვნების მსაჯული. ეს წოდება, გადმოცემის თანახმად, ნერონმა მიანიჭა პეტრონიუსს, როგორც ხელოვნების, პოეზიისა და თავაზიანობის საკითხების დიდად სანდო და აღმატებულ განმსჯელს.) იყო, როგორც მას ნერონი და სხვები ეძახდნენ.
პეტრონიუსი საზოგადო აბანოებში იშვიათად დაიარებოდა. მაშინ თუ მივიდოდა იქ, როდესაც ხმა გავარდებოდა, ქალაქში გასაოცარი რიტორი გამოჩნდაო ანდა ეფებეაში მეტად საყურადღებო შეჯიბრება დაინიშნებოდა. თვითონ ჰქონდა საკუთარ ინსულაში აბანოები, სევერუსის გამოჩენილმა ამხანაგმა ცელერუსმა რომ გადაუკეთა, გაუფართოვა და ისეთი ნატიფი გემოვნებით მოუწყო, რომ მათ ნერონიც კი საიმპერატორო აბანოებზე მაღლა აყენებდა, თუმცა ის აბანოები უფრო ფართო იყო და შეუდარებლად ძვირფასად მოწყობილი.
გუშინდელ ნადიმზე პეტრონიუსს ვატინიუსის სულელური ლაპარაკი მოსწყინდა და ნერონის, ლუკანუსისა და სენეკას მუსაიფში ჩაერია. პაექრობდნენ იმაზე, აქვს თუ არა დედაკაცს სულიო.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ნანადიმევი პეტრონიუსი გვიან ადგა და ჩვეულებისამებრ იბანავა. ორი დიდი ტანის მონა ეახლა. თოვლივით თეთრ ეგვიპტურ ბისონგადაფარებულ კვიპაროსის მაგიდაზე (მენსზე) დააწვინეს და სურნელოვან ზეთში ამოვლებული ხელისგულებით დაუწყეს ბრგე ტანის ზელა. თვითონ პეტრონიუსი თვალდახუჭული უცდიდა, როდის გადმოვა ჩემს სხეულში მონათა ხელების სიმხურვალე და როდის განმიქარვებს მოქანცულობასო.
რამდენიმე წამს შემდეგ მაინც თვალები გაახილა და ლაპარაკი დაიწყო. ჯერ, როგორი ამინდიაო, იკითხა და შემდეგ სხვა გაიხსენა: ოქრომჭედელი იდომენი გემების მოტანას დამპირდა, და მოიტანა თუ არაო. პასუხად მიიღო: მშვენიერი ამინდია, ალბანის მთებიდან წყნარი ნიავი ქრისო, ხოლო გემები ჯერ არ მოუტანიათო. პეტრონიუსმა თვალები ხელახლა დახუჭა და მონებს უბრძანა, ტეპიდარიუმში გადაეტანათ. ამ დროს ფარდის უკანიდან ნომენკლატორი გამოვიდა და მცირე აზიიდან ახლად დაბრუნებულ ახალგაზრდა მარკუს ვინიციუსის მოსვლა მოახსენა.
მასპინძელმა ბრძანა, სტუმარი ტეპიდარიუმში მიეწვიათ. ვინიციუსი გახლდათ შვილი პეტრონიუსის უფროსი დისა, რომელიც ოდესღაც მარკუს ვინიციუსს, ტიბერიუსის დროის კონსულს მისთხოვდა.
ახალგაზრდა ვინიციუსი ახლა კორბულონის ხელქვეითი იყო, პართელებთან ომი გაეწია და ომის გათავების შემდეგ რომში დაბრუნებულიყო. პეტრონიუსს მოსწონდა დისწული, თითქოს უყვარდა კიდეც, რადგან მარკუსი ლამაზი, ზორბა მოყვანილობის ყმაწვილი კაცი იყო; ამასთანავე გარყვნილებაში ესთეტიური ზომიერების დაცვა იცოდა, რასაც პეტრონიუსი ყველაზე მეტად აფასებდა.
- სალამი პეტრონიუსს, - უთხრა ტეპიდარიუმში ჩქარი ნაბიჯით შემოსულმა ყმაწვილმა კაცმა, - ღმერთებსაც ენებოთ ყველა საქმეში შენი გამარჯვება, განსაკუთრებით ასკლეპიოსსა და კიპრიდას. მათი მეოხებითა და თანადგომით ცუდი არაფერი გენახოს.
- შენი რომში დაბრუნება მიხარია. ტკბილიმც გექმნას განსვენება ნაომარს, - უპასუხა პეტრონიუსმა და ხელი, რომელიც რბილ კარბასულ ქსოვილში ჰქონდა გახვეული, გაინთავისუფლა. - სომხეთში რა ისმის? აზიაში ცხოვრების ჟამს ბითინიაში ხომ არ ყოფილხარ?
პეტრონიუსი ოდესღაც ბითინიის გამგებელი იყო და მაშინ დიდი სიმტკიცე და სამართლიანობა გამოიჩინა. ეს გარემოება თითქოს ეწინააღმდეგებოდა გამგებლის ფუფუნების მოყვარეობას და იმის დასტური გახლდათ, რომ პეტრონიუსი ყველა საქმეს გაუძღვებოდა, ოღონდ მისი გუნების ყოფილიყო.
- ჰერაკლეაში მომიხდა ყოფნა, - უპასუხა ვინიციუსმა, - კორბულონმა გამგზავნა მაშველი ჯარის მოსაყვანად.
- ჰერაკლეა!... იქ ერთ კოლხიდელ პატარა ქალს ვიცნობდი, ყველა აქაურ ქმარგაყრილ მატრონას მივცემდი იმის სანაცვლოდ, პოპეასაც ზედ დავურთავდი. მაგრამ ამას თავი დავანებოთ, ძველი ამბებია. მითხარ, პართელებისა რა ისმის? მართალი გითხრა, მომწყინდა ეს ვოლოგეზები, ტირიდატები, ტიგრანები და სხვა ბარბაროსნი, რომელნიც, როგორც ახალგაზრდა არულანი ამტკიცებს, შინ ჯერაც ოთხზე დაცოცავენ და მხოლოდ მაშინ უჭირავთ ადამიანურად თავი, როცა ჩვენთან არიან. მაგრამ ახლა მათზე რომში ბევრს ლაპარაკობენ, იქნება იმიტომ, რომ სხვა თემაზე საუბარი სახიფათოა.
- ომის საქმე ცუდადაა, კორბულონი რომ არ ყოფილიყო, ვინ იცის, დავმარცხდებოდით.
- კორბულონი, ბახუსს ვფიცავ, ომის ნამდვილი ღმერთია, ნამდვილი მარსი, დიდი ჯართწინამძღოლი, თანაც ფიცხი, პირდაპირი და სულელი. იმიტომ მიყვარს, რომ ნერონს მისი ეშინია.
- კორბულონი სულაც არ არის სულელი.
- იქნება ეგრეა, მაგრამ ეგ სულ ერთია. პირონი ამბობს, სისულელე სიბრძნეს არ დაუვარდება და მათ შორის დიდი ზღვარი არ არისო.
ვინიციუსმა ომის ამბავი დაიწყო, მაგრამ როდესაც პეტრონიუსმა თვალები ხელახლა