ფუად ბეი დემირბაშის არაბული საწოლი ეს ამბავი ზუსტად იმ დღეს დაიწყო, როდესაც ბატონმა ჯიმშერ ქერქაძემ თავისთან დაგვპატიჟა შემდეგი სიტყვებით: „მოდი, დავაფუძნოთ ქართული სუმოს ქომაგთა ასოციაცია“.
მანამდე ერთი საუკუნით ადრე კი გალაკტიონი მჯდარა თეატრში, ვიღაც უცნობი ქალი მიეტმასნა და ჯიბეში ხელიც ჩაუყო. გადაირია კაცი, მსგავსი რამ აქამდე არც გაეგონა და არც ენახა.
თავის ბიძაშვილთან, ტიციან ტაბიძესთან წავიდა.
რომ იცოდე, ტიტე, ასეთი და ასეთი ამბავი დამემართაო.
რა დიდი ამბავი ეგ არის, ჩემო გალა, ბოზი იქნებოდა ის ქალიო.
არაო, თავისთვის თქვა შინისაკენ მიმავალმა გალაკტიონმა, სახლში მისულმა კი დაწერა ლექსი: „სილაჟვარდე, ანუ ვარდი სილაში“.
აი, სხვაობა გენიოსებსა და არაგენიოსებს შორისო, დაასკვნის ლევან ბერძენიშვილი.
სინამდვილეში ის ქალი მართლა ბოზი იყო. დიახ, სხვაობა დიდ ადამიანებსა და ჩვეულებრივ მოკვდავებს შორის ნათელია – გენიოსები ყოველთვის მაგრად მიჰქარამენ.
***
თეატრი ის ადგილია, რომელსაც ყოველთვის ქებით მოვიხსენიებდი, მაგრამ არასოდეს დავდიოდი იქ. ამას წინათ, ჩემი მეგობარი პოსეიდონ ცანდიშვილი შემხვდა ქუჩაში.
– ბილეთები შევიძინე, დღეს, რვა საათზე „დარისპანის გასაჭირს“ თამაშობენ, წინა რიგები რვა ლარი ღირს, ჯერ კიდევ არაა ბოლომდე გაყიდული, მე ცოლთან ერთად ვიქნები, შენ რას იზამ?
„მუნიციპალიტეტის დაფინანსებზე მყოფი პროვინციული ქალაქის თეატრი“ – გავივლე გუნებაში და გული ამიჩუყდა – „რას შეიძლება ელოდოს ის, თანაქალაქელთა სოლიდარობის გარდა?“
– ნაკაბი, – ვეუბნები პოსეიდონს, – ნაკაბიში არის რაღაც მისტიკური, საკრალურიც კი, მამა ნუ წამიწყდება.
– რას მიედ-მოედები?
– ნაკაბი, მერვე დღეა დიდი სუმოს ტურნირზე, რამდენადაც ეს უკანასკნელი თხუთმეტ დღეს გრძელდება, ჩემპიონატის შუაგული მერვე დღე გამოდის, ასე არაა? აი, ახლაც, თეატრი რვა საათზეა და ბილეთიც რვა ლარი ღირს, ორი რვიანი მქონდა და ერთბაშად კიდევ ორი გამოჩნდა!
პოსეიდონმა საჩვენებელი თითი ენით დაისველა და შუბლზე მომადო.
– უცნაურია, – თქვა ეჭვით, – არ შიშხინებს.
– დაიცა, იუსტიციის სახლში მივდივარ, „ქართული სუმოს ასოციაცია“ უნდა დავაფუძნოთ, დამფუძნებლებში მერვე ნომრად ვწერივარ.
– მშვენიერია, მაგრამ თეატრში თუ წამოხვალ?
– მოვალ, თუნდაც იმის გასაგებად, ოცდამეერთე საუკუნის კაროჟნა ქალია თუ კაცი.
სუმოს ასოციაცია ერთის ყოფით დავაფუძნეთ, სულაც არ გვინაღვლია იმაზე, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომლებს გიჟები ვეგონეთ.
***
– მეშვიდეს, ან მერვე რიგს გირჩევდით, – ამბობს თეატრის მოლარე, – ძალიან კარგი ადგილია, ბილეთებიც არის.
– არა, მეორე რიგი მინდა! – ვეუბნები მტკიცედ.
– მაინც რატომ? – ინტერესდება.
– პოსეიდონი ამბობს, თეატრს ახლოდან უნდა უყურო, კინოს კი შორიდანო.
– მაშინ, იქნებ პირველი რიგი აგეღოთ?
– სიამოვნებით, მაგრამ პოსეიდონმა მეორე აიღო და მეც მასე ვიზამ.
მოლარემ ბილეთთან ერთად სალარო აპარატის ჩეკიც გამომიწოდა და გაკვირვებით შემომხედა, თითქოს ამბობდა, რაკიღა ამას თვით პოსეიდონი ამბობს, რა გაეწყობაო.
ვიგრძენი, რომ დღეს უკვე მესამედ ჩამთვალეს გიჟად.
გარეთ გამოვედი და სიგარეტს მოვუკიდე. ხალხი ირეოდა, ძირითადად, ბავშვები და მათი მშობლები. ბავშვობა გამახსენდა, დედას მეც დავყავდი ხოლმე თეატრში, მაგრამ შემდეგ ოთხმოცდაათიანი წლები დადგა და მსახიობების ადგილი პოლიტიკოსებმა დაიკავეს. ვერ გამოდგნენ კარგი გამრთობები, ჩაქრა, ჩაინავლა თეატრიც და სხვა ყველაფერიც, ნაადრევად დამთავრდა ბავშვობა ჩემი თაობის უამრავი ადამიანისათვის.
აქ ახლა სხვა ბავშვები არიან, ზუსტად იმას გრძნობენ ალბათ, რასაც მე მაშინ, ნეტავ, ამათ არაფერი დაუშავდეთ, ჩემსას რაღას დავეძებ.
ფიქრებიდან ერთმა გოგომ გამომიყვანა, გვერდით ჩამიარა და შემომხედა. ამას დაჩვეული ვარ, გოგოები სულ მიყურებენ, გამონაკლისის გარეშე. არა, არა, ლამაზი არ ვარ და არც განსაკუთრებულად მაცვია, უბრალოდ გრძელი თმა და თავზე შავი ბენდენა პროვინციულ ქალაქში არც ისე ხშირია, ქალებს ალბათ ხელოვანი, ან დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენელი ვგონივარ, მათ ასეთი რაღაცეები ძალიან აინტერესებთ.
სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი კაცი ვარ და ისინიც, ვინც მიყურებენ, ჩვეულებრივები არიან, მაგრამ ეს გოგო ამჯერად არ გამოდგა ჩვეულებრივი.
რა ჰქონდა განსაკუთრებული? აჰა, ღმერთო, თქვენ მე ვინ გგონივართ? რა უნდა ჰქონდეს ქალს განსაკუთრებული, გარდა ერთისა?
მართალი ბრძანდებით, ლამაზი იყო, საოცრად ლამაზი.
იმდენად ლამაზი, რომ მეორედ აღარც შემიხედავს, ისევ სიგარეტს და ჩემს ბავშვობას დავუბრუნდი. მერე სუმოც გამახსენდა. შევეცადე გამერკვია, ამინიშიკისა და ჰარუმაფუჯის შეხვედრაში მსაჯმა ჰიკიოტოში რატომ დააფიქსირა, როდესაც ჰატაკიკომს უფრო ჰგავდა.
***
ჩემი მეგობრის და მისი მეუღლის ბილეთები თხუთმეტი და თექვსმეტი ნომრებია, ჩემი – ცხრამეტი. პოსეიდონი ამბობს, ჩემ გვერდით დაჯექი, ჩვიდმეტ ნომერზე და დაიკიდეო, მე კი ვავითარებ მოსაზრებას, რომ ოცდათხუთმეტი წელი ის ასაკია, რომ იქ, ქვემოთ,