წინასიტყვაობა როცა რომელიმე უძველეს ქალაქს სტუმრობთ და იქაური ტაძრების გარინდული ბაღების ცქერით ტკბებით.
როცა მთის წვერზე ასული სულის მოსათქმელად ჩერდებით და ხელისგულზე გადაშლილ საოცარ ხედს გადაჰყურებთ.
როცა კამკამა, ლურჯი ზღვის პირას დგახართ და ჰორიზონტს გასცქერით.
ამ იშვიათ მომენტებში, ყოველდღიური ამაოებისგან შორს მყოფებს, გეუფლებათ თუ არა განახლების უჩვეულო შეგრძნება?
გული შვებას გრძნობს, სხეულში ენერგიის თბილი ნაკადი გეღვრებათ. ყოველდღიური ყოფის დარდი და ვარამი წამით უკვალოდ ქრება და უეცრად მძაფრად შეიგრძნობთ, რომ ცოცხლობთ.
ჩვენს დროში უამრავმა ადამიანმა დაკარგა საყრდენი - მათ ეშინიათ და არ იციან, როგორ იცხოვრონ. სასოწარკვეთილები წონასწორობის აღსადგენად თავგამოდებით დაეძებენ განსაკუთრებულ ემოციებს.
მაგრამ ერთი წამით დაფიქრდით. საკმარისია, "გადატვირთვის ღილაკს დააწვეთ" და თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში განსაკუთრებული ემოციებისთვის ადგილი აღარ დარჩება. როგორც კი ძველ ჩვევებს დაუბრუნდებით, სტრესი კვლავ დაგროვდება და გონებასაც შფოთვა შეიპყრობს. განცდები აუტანელ ტვირთად დაგაწვებათ და კვლავ განსაკუთრებულისა და არაჩვეულებრივის ძიებას დაიწყებთ. ეს დაუსრულებელი ციკლი ხომ არ გეცნობათ?
დიახ, ცხოვრება რთულია, მაგრამ არც სამყაროს შეცვლაა ადვილი. და რადგან ცხოვრება ისე არაა მოწყობილი, როგორც თქვენ გსურთ, ხომ არ აჯობებს, თავად შეიცვალოთ? მაშინ შეძლებთ, მშვიდად და მარტივად გაიკვლიოთ გზა სამყაროში, როგორიც არ უნდა იყოს ის.
იქნებ სცადოთ, შეეშვათ რაღაც არაჩვეულებრივის ძიებას და ნაკლები საზრუნავით იცხოვროთ, შეცვალოთ თქვენი ყოველდღიური ყოფა?
ეს წიგნი სწორედ ამაზეა: მარტივ ცხოვრებაზე - ძენის სტილზე.
საკუთარი ცხოვრების სტილის შეცვლა რთული არ არის. ამისთვის თქვენი ჩვევების, შეხედულებების მცირეოდენი ცვლილებაც საკმარისია.
არ არის საჭირო იაპონიის უძველეს დედაქალაქებში - კიოტოში ან ნარაში - ჩასვლა, არც ფუჯის მთაზე ასვლა და არც ოკეანის სანაპიროზე გადასახლება. განსაკუთრებულისა და არაჩვეულებრივის განცდას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება.
ჩემი წიგნი გიჩვენებთ, როგორ გააკეთოთ ეს ძენის ფილოსოფიის მეშვეობით.
ძენი იმ მოძღვრებას ეფუძნება, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა იცხოვრონ ადამიანებმა ამქვეყანად.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ძენი იმ ჩვევებს, იდეებსა და შეხედულებებს აღწერს, რომლებიც ბედნიერი ცხოვრებისთვის საჭირო ორიენტირებს იძლევა. ის განძით სავსე სკივრია, სიღრმისეული და თან მარტივი ცხოვრებისეული სიბრძნით სავსე, თუკი მას გახსნით, რა თქმა უნდა.
ძენის მთელი მოძღვრების არსი ოთხ ფრაზაში ეტევა: "სულიერი გამოღვიძება სუტრებში არ გადმოიცემა; მას სიტყვებში ან ასოებში ვერ დავინახავთ; ძენი უშუალოდ ადამიანის გონებას ეხება, ეხმარება მას, იპოვოს თავისი ჭეშმარიტი "მე" და მიაღწიოს ბუდას გასხივოსნებას". სიტყვიერი ან წერილობითი სწავლებების აკვიატების ნაცვლად, ჯობს, საკუთარი თავი იპოვოთ აქ და ახლა.
ნუ გაგიტაცებთ უცხო ფასეულობები და ნუ მიეცემით ამაო შფოთვას. მარტივი ცხოვრებით იცხოვრეთ, ყოველივე ზედმეტისგან გათავისუფლდით. სწორედ ეს არის "ძენის სტილი".
როდესაც ეს ჩვევები ჩამოგიყალიბდებათ - მე კი გპირდებით, რომ ეს მალე მოხდება, - დარდი და ვარამი უკვალოდ გაქრება.
როგორც კი ამ უბრალო, პრაქტიკულ რჩევებს გაითავისებთ, თქვენი ცხოვრება გამარტივდება.
სამყარო მართლა რთულადაა მოწყობილი, ამიტომაც გასწავლით ძენი მარტივად ცხოვრებას.
დღესდღეობით ძენი სულ უფრო მეტ ყურადღებას იქცევს არა მხოლოდ იაპონიაში, არამედ მთელ მსოფლიოში.
მე ძენის ტაძრის წინამძღოლი გახლავართ; ასევე, ვაშენებ ძენის ბაღებს არა მხოლოდ ტაძრებში, არამედ სასტუმროებში, საელჩოებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში. ეს ბაღები მხოლოდ იაპონელებისთვის არ არის განკუთვნილი. ისინი რელიგიისა და ეროვნების ფარგლებს სცდება და დასავლელთა გულებშიც პოვებს გამოძახილს.
ძენის იდეებს ნუ გააქილიკებთ; უბრალოდ, დატკბით მისი ერთ-ერთი ბაღით. იგრძნობთ, რომ გული მოისვენებს, გონება მიყუჩდება და გადახალისდება. თქვენს თავში ჩაბუდებული ხმაური და შფოთვა დაწყნარდება და სიჩუმითა და სიმშვიდით შეიცვლება.
ძენის ამოსავალი ცნებებისა და ფილოსოფიის შესახებ ნებისმიერ ტექსტზე მეტს მისი ბაღი გეტყვით. ამიტომაც გადავწყვიტე, პრაქტიკული რჩევების წიგნი დამეწერა. ვიმედოვნებ, რომ ამ წიგნის წყალობით ძენს არა მხოლოდ გონებით შეიმეცნებთ, არამედ მის რჩევებსაც პრაქტიკულად გამოიყენებთ.
ეს წიგნი მუდამ თან იქონიეთ და როცა მღელვარება და შფოთვა შეგიპყრობთ, გადაშალეთ. პასუხები, რომლებსაც ეძიებთ, აქ არის.
პატივისცემით,
შუნმიო მასუნო