ნაწილი პირველი - სისი და უნი
1 - სისი
ნორჩი, თეთრი შუბლი მიარღვევს წყვდიადს. ეს სისია. თერთმეტი წლის გოგონა.
შუადღე ახალი გადასულია, მაგრამ უკვე ბნელა. გვიანი შემოდგომის სასტიკი ყინვაა. ცაზე ვარსკვლავები ციმციმებენ, მაგრამ არც მთვარეა და არც თოვლი დევს მიწაზე, რომ ეს სუსტი შუქი აირეკლოს. ამიტომ, ვარსკვლავების მიუხედავად, წყვდიადი თანდათან სქელდება. გზის ორივე მხარეს ტყე გარინდებულა - ერთიანად გასუსულა ყველა და ყველაფერი, რასაც კი გაფაჩუნება შეუძლია.
ყინვის გამო თავით ფეხამდე შეფუთული სისი მიაბიჯებდა და თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა. პირველად მიდიოდა უნთან - გოგონასთან, რომელსაც თითქმის არ იცნობდა; მიდიოდა რაღაც ახლისკენ და ეს ძალიან აღელვებდა.
უეცრად სისი შეკრთა: ფიქრიცა და მოლოდინიც გამაყრუებელმა გრიალმა შეაწყვეტინა, რომელიც კარგა ხანს გაგრძელდა, თანდათან დაშორდა და ბოლოს სულ მიიკარგა. ასე ყინული გრუხუნებდა ქვემოთ, დიდ ტბაზე და ამაში საშიში არაფერი იყო. პირიქით, ეს იმას ნიშნავდა, რომ სასიხარულო რამ მოხდა - ყინული ცოტათი კიდევ გამაგრდა. ხმა თოფის გასროლასავით ისმოდა, ყინულის ზედაპირზე გაჩენილი გრძელი, დანის პირივით ბასრი ნახეთქები კი ქვევით, სიღრმისკენ მიისწრაფოდნენ. მიუხედავად ამისა, დილიდან დილამდე ყინული უფრო და უფრო მკვრივი და საიმედო ხდებოდა. ამ შემოდგომაზე სასტიკი ყინვა უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა.
სუსხი იკბინებოდა. თუმცა სისის სიცივე არ აშინებდა. სულაც არა. იგი წყვდიადში ატეხილმა გრიალმა შეაკრთო. მერე კი ისევ მტკიცე ნაბიჯით გაუყვა გზას.
უნის სახლამდე დიდი ხნის სავალი არ იყო. სისი ამ გზას კარგად იცნობდა: თითქმის ამავე გზით დადიოდა სკოლაში, მხოლოდ ერთგან უნდა გადაეხვია ცოტათი. ამიტომაც გამოუშვეს მარტო, თუმცა უკვე ბნელოდა. დედა და მამა სიბნელის გამო არ ნერვიულობდნენ. მთავარია, რომ ფართო გზააო, უთხრეს სისის წამოსვლამდე. რაც უნდათ, ის თქვან. თვითონ სისის კი სიბნელის ეშინია.
ფართო გზა კი იყო, მაგრამ დიდი ვერაფერი სიამოვნება გახლდათ სიბნელეში მარტო სიარული. ამიტომ მიაბიჯებდა ასე თავაწეული, ამიტომ ეხლებოდა ქურთუკის თბილ სარჩულს ყრუდ მისი აჩქარებული გულისცემა. ყურები დაეცქვიტა: გზისპირები მეტისმეტად ჩაჩუმებულიყო და მან იცოდა, რომ იქ, ტყეში, ვიღაც კიდევ უფრო ფხიზლად აყურადებდა მის ნაბიჯებს.
ამიტომაც უნდა იარო ყინვისგან გაქვავებულ გზაზე მტკიცე ნაბიჯით, რომ შენი ნაბიჯების ხმა მკაფიოდ გესმოდეს. ცუდად წაგივა საქმე, ცდუნებას თუ აჰყვები და უხმაუროდ ივლი. და მთლად უარესი იქნება, თუ თავგზას დაკარგავ და გაიქცევი. ასე სულ შეიშლები შიშისგან.
ამ საღამოს სისიმ უნი უნდა ნახოს. დროც საკმარისად აქვს, რადგან გვიანი შემოდგომის საღამოები გრძელია. ისე ადრე დაბნელდა, რომ უნთან დიდხანს დარჩენაც შეუძლია და შინ დაბრუნებაც ძალიან გვიან არ მოუწევს, რომ დროზე დაწვეს დასაძინებლად.
"ნეტავ რა დამხვდება უნთან. დარწმუნებული ვარ, რაღაც დამხვდება. მთელი შემოდგომა ამას ველოდი - იმ დღიდან, როცა უნი პირველად მოვიდა სკოლაში. არც კი ვიცი, რატომ".
ამ შეხვედრის იდეა სულ ახლახან, სწორედ დღეს მოუვიდათ. ხანგრძლივი მოლოდინის შემდეგ ახლა პირველად ხვდებიან ერთმანეთს სკოლის გარეთ.
უნისკენ მიმავალი სისი მოუთმენლობისგან თრთოდა. გლუვ შუბლს ყინულივით ცივი ჰაერი უსუსხავდა.
2 - უნი
თავაწეული და წელგამართული სისი რაღაც ახლის, ამაღელვებლისკენ მიაბიჯებდა. ცდილობდა, სიბნელის შიშს მორეოდა და თან იხსენებდა, რა ვიცი უნის შესახებო.
არსებითად, ბევრი არაფერი იცოდა და არც ვინმე აქაურის გამოკითხვას ჰქონდა აზრი: ვერავინ ეტყოდა უნზე იმაზე მეტს, რაც თვითონ იცოდა.
ეს გოგონა ხომ სულ ახალი გადმოსული იყო. გაზაფხულზე ჩამოვიდა შორეული დასახლებიდან, ანუ მანამდე არავითარი ურთიერთობა არ ჰქონიათ. ჩამოვიდა მას შემდეგ, რაც დაობლდა. დედამისი ავად გახდა და თავის მშობლიურ სოფელში გარდაიცვალა. იქ არც ქმარი ჰყავდა, არც ნათესავები. აქ კი, ამ დასახლებაში, მისი უფროსი და ცხოვრობდა და უნიც სწორედ დეიდამისთან გადმოსახლდა.
დეიდა უკვე დიდი ხანია, აქ ცხოვრობდა. სისი მას თითქმის არ იცნობდა, თუმცა ამ ქალის სახლი მათთან ახლოს იყო. ის მარტოდმარტო უვლიდა თავის პატარა სახლს. გარეთ იშვიათად თუ გამოჩნდებოდა და ისიც მხოლოდ მაღაზიის გზაზე. ამბობენ, რომ დეიდამ უნი ძალიან თბილად მიიღო. ადრე, ძალიან ადრე, როცა სისიმ უნის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა, ის და დედამისი ერთად მივიდნენ იმ ქალთან. დედას დახმარება სჭირდებოდა კერვაში. სისის ახსოვდა მარტოხელა ქალი, რომელიც ერთიანად სიკეთეს ასხივებდა. მასზე ცუდი არასოდეს არავის უთქვამს.
როცა უნი აქ გადმოვიდა, მასაც დეიდამისივით განცალკევებით ეჭირა თავი. არ უცდია გოგონებთან დამეგობრება, როგორც ესენი მოელოდნენ და იმედოვნებდნენ. მხოლოდ გზად მიმავალს თუ დაინახავდნენ ხოლმე, ან კიდევ - ხალხის თავშეყრის ადგილებში. ერთმანეთსაც უცხოებივით უყურებდნენ.