დაფრენის ნებართვა საქათმესავით სახლია. ისეთი დამპალი და დაფუტუროებულია, კედელს რომ მიეყრდნო, ან ფეხი მიარტყა, ფიცარ-ფიცარ დაიშლება. მიკვრის, ამდენი წელი ჭერი თავზე რომ არ დაემხოთ. ალბათ, სულ თითის წვერებზე დადიოდნენ, ხმამაღლა არც სიყვარულობდნენ და არც ჩხუბობდნენ, თორემ აქამდე ვერ მოატანდნენ. ყველაზე განაპირა სახლია გორაკზე, ზედ როჟნოვიცეს გადასახვევთან დგას. სატვირთო მანქანით თუ მიდიოდი, ფანჯარასთან მდგარ პილოტს ხელსაც ჩაურტყამდი. გარეთ მანქანის ყველა გავლაზე შიგნით, ალბათ, ყველაფერს ზრიალი გაჰქონდა. მე ვერ გავუძლებდი, მაგრამ რას იზამ, როცა სხვა გამოსავალი არ გაქვს? სახლს ერთი ოთახი და სამზარეულო აქვს, ფეხისალაგი ეზოში დგას. იმ ერთ ოთახში თორმეტი სული ცხოვრობდა. კარგი, თერთმეტ-ნახევარი იყოს, რადგან პილოტს ნახევარ კაცად მიიჩნევდნენ. ხშირად თუ დავდიოდი მათთან? არა, რას ამბობ! ერთხელ ან ორჯერ ვარ ნამყოფი ბავშვობაში. ჩემთან ვიკრიბებოდით ხოლმე მე, პილოტი და ანდჟეი, უფრო სწორად, მინდორში, ღრანტეში ან გროძკის ტყეში. დღემდე მახსოვს, იქ პირველად რომ მივედი. ხუთი წლის ვიქნებოდი. იფიქრებდი, სახლში კი არა, საბძელში შევდივარო. მიწური იატაკი ჰქონდათ, კედლებისა და ჭერის ღრიჭოებში თივა შეეჩურთათ, ბათქაში ალაგ-ალაგ ჩამოფშვნილი და ჩამომტვრეული იყო, მაგრამ ეს არაფერი, ყველაზე მეტად იცი, რა მომხვდა თვალში? სიბნელე! მაშინ პირველად შემეშინდა სიბნელის – გარეთ მზიანი დღე იდგა, შენ კი წყვდიადში მიაბიჯებდი. უფანჯრო, ბნელი დერეფნის ბოლოს იყო სამზარეულო, რომელიც ისეთი შორი და ნათელი მომეჩვენა, თითქოს იმ სახლს არ ეკუთვნოდა. თავს ვერ დავდებ, რომ ყველაფერი ზუსტად მახსოვს, მაგრამ დაახლოებით ასე იყო. ახლა სამიდან მარტო მე დავრჩი და, ასე მგონია, ჩემი დრო რომ დადგება, იმ ბნელი დერეფნის ბოლომდე გავლა მომიწევს.
ვინ იცის, იქნებ პილოტიც ცოცხალი ყოფილიყო, ის ტბორი და ის გოგო რომ არ მოენდომებინა!
მზე ნელ-ნელა ჩადის. ისე უცბად არასოდეს ბნელდება, რომ თვალთან თითი ვეღარ მიიტანო. თეთრნარევ სიშავეში ჯერ ხეები ქრება, მერე სახლის სახურავები, ფანჯრები, ადამიანები, ბოლოს კი მინდვრებში მობალახე ძროხები. სამყაროს ალისფერი ედება, თითქოს ცეცხლი წაეკიდაო. შიში გიპყრობს, მაგრამ სიწითლეს ალაგ-ალაგ მუქი ლურჯიც ერევა, რომელიც თითქოს აქრობს ამ ხანძარს. ეს სურათი ყოველთვის გულს მიჩქარებს. ჩვენთან ყველა ზაფხული ასე იწყება და ასე მთავრდება. ცხადია, როცა არ წვიმს. თუ წვიმს, მაშინ ყველაფერი ფერფლისფერია, თითქოს ირგვლივ ღუმლებიდან გამოღებული ნაცარი მიმოაბნიესო. ბავშვობაში სწორედ ასე მეგონა. წვიმის დროს დატბორილ მინდვრებში წეროები სხდებიან და გრძელი ფეხებით ისე ეფლობიან ტალახში, რომ ადგილიდან ვეღარ იძვრიან. შორიდან ეს ძალიან სასაცილო სანახავია. მელიები კი, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს, ამოყოფენ თუ არა დილით თავს სოროებიდან, მთელი დღე ტაქსებივით წინ და უკან დადიან სოფელსა და ქალაქს შორის. ეს სიწითლე ცხოველებზე უფრო ადამიანებს ურევს გონებას. ისინი ჩვეულებრივზე უფრო ხშირად იყურებიან ცაში, ხელებს მაგრად მუშტავენ და გზას აგრძელებენ. რომ გააჩერო და ჰკითხო, საით გაგიწევიაო, ვერ გიპასუხებენ, დადგებიან და ღრმა ძილიდან გამოფხიზლებულებივით დაბნეულები პირს დააფჩენენ. ასეთ დღეებში მხარზე ნიჩაბგადებული პილოტი გორაკზე ადიოდა, თავაღერილი კარგა ხანს გაუნძრევლად იდგა წითლად მოელვარე ლანდშაფტში და ფიქრობდა, საიდან დაეწყო თხრა.
ჩრდილოეთიდან დაიწყო.
– ტბორისთვის მიწის გათხრას ფირლიტების ნაკვეთიდან დავიწყებ, – თქვა უცებ მაღაზიასთან მდგომმა და, რო-გორც სჩვეოდა, სიცილის ნაცვლად ბაყაყივით ჩაიყიყინა.
მარტო ეს ერთი წინადადება თქვა. როცა იცინოდა, უკან იზნიქებოდა და ისედაც გადაწეული თავი ლამის საჯდომთან მიჰქონდა, თითქოს მალაყზე უნდა გადავიდესო.
– ეი, პილოტ, შენ ცირკში უნდა აგიყვანოს კაცმა, უკუღმა სალტოებს გააკეთებდი, – ეუბნებოდა ხალხი, ის კი, მგონი, ვერც ხვდებოდა, რომ ეხუმრებოდნენ.
ერთხელ მეც შევესწარი, იმ დედანატირები სალტოების გაკეთებაში რომ ვარჯიშობდა! თან უკვე დიდი იყო. რამდენიმე დღე მაღაზიასთან რომ აღარ გამოჩნდა, სადაც ყოველდღე ვხვდებოდით ერთმანეთს, შინ შევუარე. სახლის კარი დაკეტილი დამხვდა. საბძელში შევიხედე და ვხედავ, ხტუნავს, ერთ ამბავშია. გაკვირვებულმა პირი დავაღე. ვინ იცის, იქნებ პატარაობიდან ოცნებობდა, რომელიმე მოხეტიალე ცირკს გაჰყოლოდა? რა მოხდა, თითო ოცნება ხომ ყველას გვაქვს! ჩია იყო, კრუხის პალო, და საკმაოდ მოუქნელი. სამაგიეროდ, ჭების ამოთხრა ემარჯვებოდა. როცა არ სვამდა, ქირაზე მუშაობდა. აკრობატად ნამდვილად არ გამოდგებოდა. მაშინ, მის ხტუნაობას რომ შევესწარი, მიწას ძლივს აშორებდა ფეხებს. ათიდან შვიდჯერ მაინც ძირს მოადინა ზღართანი. ვუყურებდი და არ ვიცოდი, მეცინა თუ მეტირა.
ასეთი რამე პირველად, მეორე კლასში რომ ვიყავით, მაშინ დამემართა. პილოტი ხშირად აცდენდა სკოლას. ზოგ-ჯერ რამდენიმე კვირა არ დადიოდა, მერე ისევ გამოჩნდებოდა. წერა-კითხვა ბოლომდე ვერ ისწავლა. მისი