ოცდამეერთე დიდი ხანია მინდოდა ოცდამეერთეზე რაღაცები მეთქვა...
დიდი არაფერი ხდება - არც ჩვენს ქვეყანაში და არც დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროში. კი, ხდება, როგორ არა, მაგრამ კარგი, საინტერესო და დასამახსოვრებელი - დიდი არაფერი.
ნამდვილად არ მეგონა, 1999 წლის მიწურულს, როცა მთელ მსოფლიოში, ადამიანთა უდიდესი ნაწილი (ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, ვისაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო დიდ პატივს ვცემ) ბავშვური აღტაცებით, და პათეტიკით ხვდებოდა მესამე ათასწლეულის დასაწყისს, რომ ეს ოცდამეერთე ასეთი უღიმღამო, ბანალური და მოსაწყენი იქნებოდა.
მეოცე მაინც სხვა იყო. სულ სხვა! შინაარსიანი, გაწვალებული, სიგარეტის კვამლით გაბუღული, ჯაზის, და ნაციზმის, დედა ტერეზას და Mama Roma-ს მშობელი. არეული, დარეული, შფოთიანი, უძილო და რისკიანი, მაგრამ - ადამიანური. გაიხედავდი და... უამრავი რამ ხდებოდა თვალწინ. ვერ ძღებოდა თვალი სანახაობით. იღლებოდი.
ახლა უნახაობით იღლები... სანახავი რომ არაფერია და რისი ნახვაც გინდა, რომ ვერ ხედავ, ამითაც.
იცი, როგორია ეს ოცდამეერთე?
აი, შოტლანდიური წარმოშობის გვარის ბუტერბროდი როა, ლამაზი, მშვენიერი, ფაფუკი ფუნთუშის ალყაში მოქცეული შემწვარი ხორცის დისკოთი, ადამ და ევასავით რომ არიან ჩაღუტუნებული. რომ შეხედავ და პავლოვის ძაღლივით ჭამის რეფლექსი იღვიძებს, ჩაკბეჩ და... ოცდამეერთეა, რა... ისეთი ჰაეროვანი და სიაბანდია, კუჭამდე ვერ აღწევს... მართალია, მეტყვით: ეგეც ხომ შენი მეოცეს გამოჩეკილიაო, მაგრამ არ დავიბნევი და გიპასუხებთ: ყველაფერი გენიალური (აზრი, გამოგონება, პრინციპი, მათ შორის - ეს მაიმუნური ხორც-ფუნთუშა), რითაც დღეს ვსულდგმულობთ, მეოცე საუკუნის მონაპოვარია.
მშიშარაცაა ოცდამეერთე. ძალიან მშიშარა და ძუნწი. უფრო სწორად, წუწკი. ფულის ისეთი ყადრი გამოიმუშავა, რომ მთლიანად ყადრად იქცა. ცენტს ვერ გააგდებინებ, სანამ პრიორიტეტებს არ ჩამოაყალიბებს, სანამ რისკ-ფაქტორებსა და ფორს-მაჟორებს არ გაითვალისწინებს, სანამ ბაზრის კვლევისა და გამოკითხვების შედეგები არ ექნება...
ოცდამეერთე ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენივითაა, რომელსაც მამისგან კარგი, მდიდარი მემკვიდრეობა ერგო და ახლა მშობლის დაწყებული, საათივით აწყობილი საქმე უნდა გააგრძელოს. განათლება შესანიშნავი აქვს, გარეგნობა შესაშური, ჭკუა-გონება - მშვენიერი. ხასიათი, მენტალიტეტი და ზოგადი ერუდიცია... აი, აქ, ცოტა არ იყოს, მოიკოჭლებს: ხასიათი ჩამოუყალიბებელი გააჩნია, ამბივალენტურია - ხან თვინიერია, ხან უაზროდ ჯიუტი. მენტალიტეტზე რა გითხრათ? ეკლექტურია, სნობური უნარ-ჩვევებით. იაფფასიანი საგნები და მოვლენები იზიდავს. მდიდარი ზოგადი ერუდიციითაც ვერ დაიკვეხნის - იცის მხოლოდ ის, რაც მისი წარმატების ფორმულისთვის პანაცეაა.
ოცდამეერთე ვერ გარისკავს და ნურც მოთხოვთ ამას დღევანდელ ობიექტურ რეალობაში. ოცდამეერთემ ძალიან კარგად იცის, რომ პერმანენტული აქტივობისა და პიარის გარეშე მისი წარმატება სათუო გახდება; თუ მისი პროდუქტი არ იქნება მასებზე გათვლილი, ყველასათვის ხელმისაწვდომი და იოლი, აუტსაიდერთა რიგებში ადგილი გარანტირებული აქვს; თუ საკუთარი პიარ-კამპანიისთვის ცნობად სახეებს არ გამოიყენებს (რაც მიზნობრივი სეგმენტის მისადმი ნდობას აპრიორი იწვევს, და ეს კარგად აპრობირებული მეთოდია), მას უბრალოდ ჩაყლაპავენ კონკურენტი ოცდამეერთეები;
ოცდამეერთემ იცის, რომ შეუცვლელი არავინაა.
ოცდამეერთემ იცის, რომ დღევანდელი ცივილიზაცია მარკეტინგსა და სწორ მენეჯმენტზე დგას.
ოცდამეერთეს სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება.
ოცდამეერთეს გააჩნია სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი.
ოცდამეერთეს აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
ოცდამეერთემ შესანიშნავად იცის მინიმუმ სამი უცხო ენა, აქვს დადებითი პირადი და საკრედიტო ისტორია, ხოლო რამდენიმე Love Story-ს, რომელიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციებში გადახდა, არავის უზიარებს.
ოცდამეერთეს უყვარს შოპინგი, რომელიც სტრესსა და დაღლილობას უხსნის.
ოცდამეერთე ჭარბ წონას უჩივის: მიირთმევს უცხიმო ხაჭოს, სვამს უკოფეინო ყავას, უალკოჰოლო ლუდს და უწყინარ შეკითხვებს.
ოცდამეერთე პაციფისტია და ხანდახან გლობალური დათბობა აღელვებს.
ოცდამეერთე წუთიერი დუმილის დროს ოცდაათ წამში ღებულობს გადაწყვეტილებას, რომ საკუთარი Stuff-ის მიმართ მეტი პრინციპულობა და კრიტიკულობა გამოიჩინოს, რადგან ლოიალობა უკიდურესად მავნე ჩვევაა.
ოცდამეერთეს მკაცრად განსაზღვრული დღის რეჟიმი აქვს და მისი აუხდენელი ოცნება დღეღამეში ოცდახუთი საათის არსებობაა, რადგან თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენ რამეს მოასწრებდა ოცდამეერთე დამატებითი ერთი საათის განმავლობაში.
ოცდამეერთე მორწმუნეა, რადგან ასეა საჭირო...
ოცდამეერთე მეოცეს შვილია - ცინიკური, ჭკვიანი, მშიშარა, წუწკი, სკეპტიკოსი, გაწონასწორებული, ცბიერი და ანგარებიანი.
მე მეოცეს შვილი ვარ, მაგრამ ოცდამეერთე ნამდვილად არ მქვია, რადგან მეოცეში დარჩენილი ძვირფასი დრო და უამრავი რამ მენატრება: ბავშვობა, რომელიც რატომღაც წყალში დამბალი ხელნაწერების სახით მახსენდება. ძალიან ბევრი თვისება და ღირსება, რომლებიც დრომ ადამიანის არსებიდან უცხო სხეულივით ამოკვეთა: უანგარობა, გულუბრყვილობა, გულწრფელობა, სასოება, თვინიერება და კიდევ უამრავი ღირსება...
ისიც ვიცი, რა საშიშია ამ