I სტრესი ჯერ კიდევ ლოგინში იწვა, როდესაც კარზე კაკუნის ხმა შემოესმა. დააპირა, თავი ბალიშის ქვეშ ღრმად ჩაერგო იმ იმედით, რომ ეს ხმაურს ჩაახშობდა, მაგრამ კაკუნი კიდევ უფრო ხმამაღლა და ღონივრად გაისმა. ამ დილაუთენია სახლში ვინ ეშმაკი მომადგაო, ჩაიბუზღუნა და საბანი გვერდზე მოისროლა. უკვე კიბეზე ჩადიოდა, როდესაც მესამედ დააკაკუნეს, მაგრამ ლითონის საკაკუნებელზე დარტყმების რიტმით მიხვდა, ვინც იდგებოდა კარის მიღმა. საკეტი გვერდზე გადასწია და კარი თავისკენ გამოაღო. მართალია, არ უთქვამს, რა ჭირი გეტაკა, ამ დილაუთენია ლოგინიდან რომ წამომაგდეო, მაგრამ დასივებულ სახესა და თვალებზე სწორედ ეს ეწერა.
– რაღაც მოხდა, ნამდვილად რაღაც მოხდა, – სხაპასხუპით მიაყარა ადიუტანტმა.
სტრესმა გაკვირვებული სახით შეხედა, თითქოს ეკითხებოდა, აბა ერთი ვნახოთ, რაც მოხდა, ასეთ უდროო დროს შენს სტუმრობას ამართლებს თუ არაო. მაგრამ კარგად იცოდა, რომ ადიუტანტი იშვიათად იქცეოდა ასე უცნაურად და რამდენჯერაც მისი დატუქსვა დააპირა, იმდენჯერვე უკან დახევა მოუხდა. ამჯერად ძალიან უნდოდა, ადიუტანტი შემცდარი ყოფილიყო და მთლიანად მასზე ეყარა ჯავრი.
ადიუტანტმა უფროსს ერთხანს თვალი თვალში გაუყარა, შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და აუხსნა:
– ვრანაების შეძლებული ქვრივი და მისი ქალიშვილი დორუნტინა, რომელიც წუხელ, მეტი რომ არ შეიძლება, ისეთ იდუმალებით მოცულ გარემოებებში დაბრუნდა, ახლა სულთმობრძავნი არიან.
– დორუნტინა? – ჰკითხა გაოგნებულმა სტრესმა. – როგორ… განა ეს შესაძლებელია?
ადიუტანტმა შვებით ამოისუნთქა: კარზე კაკუნი თითქოს გამართლებული აღმოჩნდა.
განა ეს შესაძლებელიაო, გაიმეორა სტრესმა თვალების ფშვნეტით, ძილის ყოველგვარი ნიშან-წყალი რომ გაექრო სახიდან. მართალი ითქვას, ძალიან ცუდად ეძინა. ორკვირიანი მისიის შემდეგ საკუთარ სახლში გატარებული პირველი ღამე მისთვის ასეთი მძიმე არასოდეს ყოფილა. ერთი გრძელი კოშმარი იყო და სხვა არაფერი. განა ეს შესაძლებელიაო, გაიფიქრა მესამედ. ქალი ისე შორსაა გათხოვილი, რომ თავისი ოჯახის სამგლოვიარო დღეებსაც კი ვერ ჩამოუსწროო.
– ზუსტადაც, – კვერი დაუკრა ადიუტანტმა. – მაგას გეუბნებოდით ამწუთას. მეტი რომ არ შეიძლება, ისეთ იდუმალებით მოცულ გარემოებებში დაბრუნდა-მეთქი.
– მერე?
– მერე ის, რომ მომაკვდავი დედა-შვილი ლოგინში წევს ახლა.
– უცნაურია! რას ფიქრობ, ვინმე დამნაშავის ხელი ურევია ამაში?
თანამოსაუბრემ უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია.
– არა მგონია. რაღაც ძლიერი ელდის შედეგს უფრო ჰგავს.
– ნახე ისინი?
– დიახ. ორივენი ბოდავენ, თუ რაღაც ამის მსგავსი. დედა ეკითხება, შვილო, ვინ ჩამოგიყვანაო. ქალიშვილი კი, ჩემმა ძმამ, კოსტანდინიმო, პასუხობს.
– ოჰო! ახალგაზრდა ქალი ამბობს, კოსტანდინიმო? კი მაგრამ, ღმერთო ჩემო, ეგ და მაგის ძმები ხომ სამი წელია უკვე, რაც დაიხოცნენ...
– მეზობელ ქალებს თუ დავუჯერებთ, მათ სასთუმალთან რომ უსხედან, დედამაც ზუსტად ასე უპასუხა თავის ქალიშვილს. მაგრამ ახალგაზრდა ქალს დაუჩემებია, გინდა თუ არა, მასთან ერთად დავბრუნდი წუხელ, შუაღამეს ცოტათი გადაცილებული რომ იყოო.
– უცნაურია, – ჩაილაპარაკა სტრესმა და, რა საშინელებააო, თავისთვის გაიფიქრა.
ერთხანს ასე, ერთმანეთის პირისპირ, ხმაგაკმენდილები დარჩნენ, იქამდე, ვიდრე სტრესს არ გააჟრჟოლა და შეამჩნია, რომ ტანთ არ ეცვა.
– დამიცადე, – თქვა და შინ შებრუნდა.
შიგნიდან მისი ცოლის ნამძინარევი ხმა გაისმა. რა ხდებაო, ეკითხებოდა. ამას სტრესის პასუხი მოჰყვა, თუმცა კაცი ვერ გაარჩევდა, რას ამბობდა. მალევე გამოვიდა რეგიონული კაპიტნის ფორმაში გამოწყობილი, რომელშიც კიდევ უფრო მაღალი და ტანთხელი ჩანდა.
– მათთან მივიდეთ, – თქვა მან.
გზის ერთი ნაწილი მდუმარედ გაიარეს. კარის წინ დავარდნილი თეთრი ვარდის რამდენიმე ფურცელი სტრესს თითქოს იმ სიზმრის ერთი მოკლე მონაკვეთის გახსენებაში დაეხმარა, რომელიც მას ღამით მშფოთვარე ძილში შემოეპარა.
– მართლა უჩვეულო ამბავია, – ჩაიჩურჩულა მან.
– ლამის დაუჯერებელი, – მხარი აუბა თანმხლებმა.
– მართალი გითხრა, თავიდან მეც ვიფიქრე, არ დავიჯერებ-მეთქი.
– შევამჩნიე. შეიძლება ითქვას, რომ მართლა ძნელად დასაჯერებელია. რაღაც იდუმალებით მოცულ თავსატეხთან გვაქვს საქმე.
– უფრო მეტიც, – თქვა სტრესმა. – რაც მეტს ვფიქრობ ამაზე, მით უფრო წარმოუდგენელი მეჩვენება.
– მთელი ამბავი ის არის, რომ უნდა გამოვიცნოთ, როგორ დაბრუნდა დორუნტინა, – განაცხადა ადიუტანტმა.
– ჰოო?
– საქმე გაირკვევა და გაიხსნება, თუკი გავიგებთ, ახალგაზრდა ქალს ვინ ახლდა თან, ან, კიდევ უკეთესი, რა გარემოებებში დაბრუნდა.
– ვინ და როგორ... – გაიმეორა სტრესმა. – და, თავისთავად ცხადია, ახალგაზრდა ქალი სიმართლეს არ ამბობს.
– სამჯერ ვკითხე, როგორ დაბრუნდი-მეთქი, მაგრამ არანაირი ახსნა-განმარტება არ მოუცია. რაღაცას მალავს.
– იცოდა, რომ ყველა მისი ძმა, კოსტანდინის ჩათვლით, მკვდარია? – ჰკითხა