0
ვზივარ, ვმუშაობ. უკვე რამდენი საათია — ვერ ვიტყვი, საათი კედელზეა გამოფენილი, როგორც ნახატი, და ისევე გამოიყურება: ლამაზია, მაგრამ არაფერს მეუბნება. თითები კლავიატურაზე მოძრაობენ ჩემგან დამოუკიდებლად, თითქოს მათი საქმე ჩემი საქმე არ არის. ეკრანზე რაღაც იწერება — სიტყვები, ან სიტყვების მაგვარი რამ. ერთხელ წავიკითხე ის, რასაც ვწერდი და ვერ ვიცანი, ვერაფერს დავუკავშირე. ეს კარგის ნიშანია, ვფიქრობ. ან ცუდის. ორივე, ალბათ, ერთდროულად.
მერე — ამ "მერეს" ზუსტი დრო და ადგილი არ აქვს, ის უბრალოდ მოხდა, როგორც ყველაფერი ხდება ხოლმე — დამიძახეს ზემო სართულიდან. ხმა გამოვიდა კარიდან, თუ ჭერიდან, კედლიდან, ან შესაძლოა ჩემი კეფიდან — არ მიმიქცევია ყურადღება. უბრალოდ, ნამდვილად ნაცნობი ხმა იყო. ნაცნობი იმ გაგებით, რომ ზოგი ხმა ხომ ყოველთვის ნაცნობი გეჩვენება — თითქოს ისინი შენთან ერთად გაჩდნენ და ელოდებიან, სანამ შენამდე მოაღწევდნენ. ვინ დამიძახა? — ეს კითხვა, სანამ ავდექი, ჩემამდე გავიდა კარიდან, მაგრამ კარს იქით დაიკარგა. კარი გავაღე — ეს ჟესტი, ასე ვფიქრობ, ჩემი იყო, თუმცა ზუსტად ვერ გავიხსენებ. ავდექი. ეს, უკვე ახლა ვხვდები, ნამდვილად შეცდომა იყო. შეცდომა არა ჩვეულებრივი გაგებით — არამედ იმიტომ, რომ ზოგი მოქმედება სამუდამოდ ცვლის სართულებს შორის მანძილს.
ავდექი და კიბეზე ავედი. კიბე, რომელიც ყოველთვის იქ იყო — ან არა, მგონი ეს სხვა კიბეა. ეს კიბე, აშკარად უფრო გრძელია, ვიდრე სართულის სიმაღლე. საფეხურებს ვითვლი, მაგრამ რიცხვები არ მამახსოვრდება — არა იმიტომ, რომ ვივიწყებ, არამედ იმიტომ, რომ ყოველი საფეხური პირველია. ზემო სართული მიახლოვდება და მშორდება ერთდროულად, ისე, როგორც მშორდება ყველაფერი, რისკენაც მივდივარ — არა სიჩქარის სხვაობის გამო, უბრალოდ ასეა მოწყობილი.
კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში არ ჩამიხედავს, რომც ჩამეხედა, ვფიქრობ, არ გამოვჩნდებოდი. ეს ნუ შეგაშფოთებს, მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც სარკეში ყოფნა კარგად არასოდეს გამოსდის. სარკე კი ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მგონი ვიღაცას ასახავდა — უბრალოდ არა მე. ვინ იყო ის ვიღაც — ამას ვერ გეტყვი, რადგან არ გავჩერებულვარ. გავჩერდი კი? ეს ახლა გამახსენდა — დიახ, გავჩერდი. ან ვიდექი ისედაც, ისე, რომ გაჩერება ვერ შევამჩნიე.
სარკეში ასახული კაცი — ვუწოდებ კაცს, თუმცა სქესი ამ შემთხვევაში მგონი ჩემი გადაწყვეტილებაა — იდგა ზუსტად ისე, როგორც ვიდექი მე. ამან შემაშფოთა და არა სარკემ — სარკე ბუნებრივია, სარკე ყოველთვის ვიღაცას ასახავს. შემაშფოთა სიზუსტემ. ადამიანი, რომელიც ჩემსავით დგას, შემთხვევითობაა. მაგრამ ადამიანი, რომელიც ჩემსავით დგას ჩემს კიბეზე, ჩემს სარკეში, სწორედ მაშინ, როდესაც მე ვდგავარ — ეს უკვე პირადი შეურაცხყოფაა. გამოწვევა.
მივუახლოვდი. ის მომიახლოვდა. ეს მოსალოდნელი იყო.
ახლოდან სახე არ ჩანდა — არა ბუნდოვანების გამო, სახე უბრალოდ ის ადგილია, სადაც ყურება შეუძლებელი ხდება. ვიცი, ეს ახსნას საჭიროებს. ახსნა კი არ მაქვს. ზოგჯერ ადამიანს სახე აქვს, ზოგჯერ — ის ადგილი, სადაც სახეს ჩვეულებრივ ვარაუდობ. ეს მეორე შემთხვევა იყო.
კიბე გრძელდებოდა. სარკე დარჩა — არა უკან, სარკე გვერდით დარჩა, ისე, როგორც რჩება ზოგი ადამიანი, რომელიც არ მოგყვება, მაგრამ არც ქრება.
რამდენიმე საფეხურის შემდეგ — ან რამდენიმე წუთის, ან ნაბიჯის, კიბეზე დრო სხვანაირად მუშაობს — შევამჩნიე, რომ ის კაცი, სარკიდან, ახლა ჩემს წინ მიდიოდა. ფეხით. კიბეზე. ჩემსავით ზევით. ეს შესაძლებელი არ იყო, რაც ნიშნავს, რომ ვხვდებოდი — ეს სწორედ ის მომენტია, სადაც შესაძლებელი და შეუძლებელი ჯერ კიდევ ერთმანეთში ირეოდა.
დავუძახე. ან მინდოდა დამეძახა. ხმა ჩემიდან გამოვიდა — ჩემი ხმა, ვფიქრობ, ან ის ხმა, რომელიც ჩემია მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ხმა არ ისმის. მან არ მოიხედა. ეს მოსალოდნელი იყო. ადამიანებმა, რომლებიც სარკიდან გამოდიან, ჩვეულებრივ კარგად იციან, ვინ ეძახის და სწორედ ამიტომ არ მოიხედავენ.
კიბე გრძელდებოდა. ის მიდიოდა. მე უკან მივყვებოდი. მანძილი იგივე რჩებოდა — არა ნაბიჯების სიჩქარის გამო, უბრალოდ ჩვენ შორის მანძილს სხვა სახელი ჰქონდა. რა სახელი - არ ვიცი. შეიძლება ვიცოდი და დამავიწყდა, შეიძლება ეს სახელი ისეთია, რომც გაიგო, მაშინვე დაგავიწყდება — ისე, როგორც გავიწყდება სიზმარი, რომელიც სიზმარში სიზმრად ნახე. ის მიდიოდა. მე მივყვებოდი. ჩვენ შორის იყო ისეთი რაღაც, როგორც არის ჰაერი — შეუმჩნეველი.
მერე გაჩერდა.
არა — მერე მე გავჩერდი. ეს ორი რამ ერთდროულად მოხდა, ამიტომ თანმიმდევრობა ალბათ მე მივამატე.
ის კარის წინ იდგა. კარი, რომელიც