წინათქმა: სიბნელის შუქი, ანუ დაკარგული ბავშვობის ქრონიკა მე-20 საუკუნის ესპანურენოვან ლიტერატურაში ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ნაზი, ლირიკული და, ამასთანავე, ისეთი მორალურად მტკიცე ხმა, როგორითაც ანა მარია მატუტეს ნაწერებია გამსჭვალული. 1925 წელს, ბარსელონაში დაბადებული მწერალი იმ თაობას მიეკუთვნება, რომელსაც ლიტერატურათმცოდნეები „1950-იანელთა თაობას“ უწოდებენ. ეს ესპანელ პოეტთა და მწერალთა ის ჯგუფია, რომელიც მაშინაც კი არ გაჩუმებულა, როცა ლამის მთელი მათი ქვეყანა დუმილის ტყვეობაში აღმოჩნდა. მკაცრი ცენზურის მიუხედავად, „50-იანელები“ (პოეტები ხაიმე ხილ დე ბიედმა, ანხელ გონსალესი, ხოსე ანხელ ვალენტე, პროზაიკოსები ხუან გოიტისოლო, კარმენ მარტინ ხაიტე, ხუან მარსე, ანა მარია მატუტე და სხვები) როგორღაც მაინც ახერხებდნენ, თამამად ელაპარაკათ ესპანეთში არსებულ სოციალურ პრობლემებზე, ორად გახლეჩილ საზოგადოებაზე, ყურადღების ცენტრში მოექციათ ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე და მისი ყოველდღიურობა.
ანა მარია მატუტეს (1925-2014) ცხოვრებასა და შემოქმედებას ღრმა და წარუშლელი დაღი დაასვა სამოქალაქო ომმა და მისმა შედეგებმა – როგორც მორალური, ისე ემოციური თვალსაზრისით. როცა ომი დამთავრდა და ქვემეხები დადუმდნენ, ესპანეთსა და ესპანელებს არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი (უწინარესად, ალბათ, სწორედ სულიერი) ტრავმების მოშუშების, მომხდარი ტრაგედიის გაანალიზების ჟამი დაუდგათ. იმხანად სრულიად ახალგაზრდა მწერალი სწორედ მაშინ ალაპარაკდა დიქტატორ ფრანკოს ესპანეთში ტაბუდადებულ თემებზე: ძალადობასა და ღალატზე, სისასტიკესა და მომხვეჭელობაზე, გულგრილობასა და უზნეობაზე. ალაპარაკდა თითქოს ფრთხილად და პოეტური სინაზით, მაგრამ, ამავე დროს, ომახიანად – იმდენად ომახიანად, რომ მისი ხმა სამშობლოს ფარგლებს გასცდა, მთელს ესპანურენოვან სამყაროს მოედო და ახალგაზრდა ავტორს 34 ასაკში მოუპოვა ნებისმიერი ესპანელი მწერლისთვის სანუკვარი ჯილდო – ნადალის სახელობის პრემია. მოგვიანებით ამას მოჰყვა სხვა ჯილდოებიც, რომელთაგანაც განსაკუთრებით აღსანიშნავია სერვანტესის პრემია. 1996 წელს ანა მარია მატუტე ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრადაც აირჩიეს (აკადემიის არსებობის 300-წლიან ისტორიაში იგი მესამე ქალი გახდა, ვისაც ასეთი პატივი ერგო).
ტრილოგია „ჩარჩები“ მე-20 საუკუნის ესპანური ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და შთამბეჭდავ ნაწარმოებადაა მიჩნეული. როგორც კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, ამ ტრილოგიით მწერალმა ომისშემდგომი ესპანეთის ფილოსოფიური და ემოციური პანორამა შექმნა.
როგორ შევინარჩუნოთ ზნეობა, პატიოსნება და ღირსება სამყაროში, სადაც ოპორტუნიზმია გამეფებული? როგორ გადავლახოთ საზოგადოებაში გაჩენილი ღრმა უფსკრული? რა ფასად გვიჯდება დუმილი იმ პირობებში, როცა ხმის ამოღება მორალური ვალდებულებაა? შეიძლება თუ არა, მეხსიერების შენარჩუნება წინააღმდეგობის ერთ-ერთ ფორმად მივიჩნიოთ? ეს ის კითხვებია, რომლებზეც მატუტე „ჩარჩებში“ მსჯელობს, თუმცა პასუხებს ყოველთვის როდი გვთავაზობს. აკი თავადაც ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში: „მე ვწერ იმისთვის, რათა მკითხველი დავაფიქრო, მისგან მივიღო ის პასუხები, თვითონ რომ ვერ მოვიძიე, ვწერ იმისთვისაც, რომ პროტესტი გამოვთქვა.“
ეს სიტყვებიც მიგვანიშნებს, რომ „ჩარჩები“ მხოლოდ და მხოლოდ მხატვრული ნაწარმოები არ გახლავთ. ის ეთიკური ტექსტიც არის – ტექსტი დუმილის ფასზე, სიტყვის მეშვეობით გაწეულ წინააღმდეგობაზე, ნებისმიერ ვითარებაში ღირსების შენარჩუნების შესაძლებლობაზე.
ტრილოგიის სამივე ნაწილი, როგორც თავად ავტორიც ამბობს, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ნაწარმოებებად იკითხება. მისი პირველი ნაწილი – „პირველი მოგონებანი“ – მოგვითხრობს ამბავს მეამბოხე მოზარდი გოგოსი, რომელიც სამონასტრო სკოლიდან გააძევეს და საცხოვრებლად გაგზავნეს თავის მკაცრ, ძალაუფლებისმოყვარე ბებიასთან. იქ, კუნძულზე, გარე სამყაროს მოწყვეტილი მატია აღმოჩნდება მოზრდილთა თვალთმაქცობითა და სისასტიკით სავსე სამფლობელოში, რომელსაც კიდევ უფრო აუტანელს ხდის ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაპირისპირების ატმოსფერო. ეს არის რომანი ზრდისა და განვითარების პროცესზე (არა იმდენად ფიზიკური, რამდენადაც სულიერ-ემოციური თვალსაზრისით), სადაც ბავშვის წარმოსახვა და შინაგანი სისუფთავე დესპოტურ გარემოს უპირისპირდება.
მეორე რომანში – „ჯარისკაცები ტირიან ღამით“ – მოქმედება იშლება 1934-39 წლებში მომხდარი ამბების ფონზე. „გმირთა სასოწარკვეთამდე მისული ეჭვი, მათი სულიერი დეპრესია, აქა-იქ იმედის გამონათება, უნდობლობა და სულმოკლეობა, რაც ბოლოს ნებისყოფის უდიდესი დაძაბვით ითრგუნება, წარსულის მძიმე ტვირთი და მომავლისკენ სწრაფვა – ეს ყველაფერი გადმოცემულია ოსტატურად შექმნილი, ზოგჯერ ზედმეტად გართულებული, თითქოსდა უადგილოდ მოტანილი, საერთო რიტმიდან ‘ამოვარდნილი’ ფრაზებით,“ წერს მთარგმნელი ელზა ახვლედიანი 1979 წელს, ჟურნალ „საუნჯეში“ გამოქვეყნებული თავისი თარგმანის წინათქმაში, და იქვე დასძენს: „რომანის წყობა რთულია, თხრობა – დაძაბული და დრამატიზმით აღსავსე. მოქმედება ვითარდება არათანმიმდევრულად, წყვეტილად. ავტორი თხრობას ხშირად თავს ანებებს და გმირთა ფიქრებსა და მოგონებებს უთმობს ასპარეზს, შემდეგ კი კვანძს ხსნის რომელიმე დრამატულ ‘ამბავში’.“
ტრილოგიის კულმინაცია მისი მესამე ნაწილია – რომანი „მახე“, სადაც პერსონაჟებს თავიანთი ქმედებების შედეგებთან გამკლავება უხდებათ. აქ მატუტე ყოველი ადამიანისთვის უმძიმეს გარიგებაზე მსჯელობს – გარიგებაზე საკუთარ სინდისთან. იდეებით, თავისუფლებით, შეხედულებებით მოვაჭრენი – ეს ხალხი, ერთი მხრივ, რომანის პერსონაჟები არიან, ხოლო მეორე მხრივ, სიმბოლურად განასახიერებენ საზოგადოებას, სადაც ყველაფრის ყიდვა და