მთარგმნელის წინასიტყვაობა
რონ პეჯეტის პოეზიას, არ მახსოვს, პირველად სად გადავეყარე, მაგრამ მახსოვს, სად შევიყვარე - ჯიმ ჯარმუშის ფილმში „პატერსონი“.
მთავარი პერსონაჟი, ავტობუსის მძღოლი, ყოველდღე რუტინულად გადის ერთსა და იმავე გზას, უყურებს ერთსა და იმავე მგზავრებსა და შენობებს, სამსახურის შემდეგაც კი რუტინული ერთფეროვნებითაა სავსე მისი ცხოვრება: უგემური ვახშამი, ძაღლის გასეირნება, კათხა ლუდი ბარში, პატარა ქალაქის ნაცნობი სახეები… რუტინული ერთფეროვნება მხოლოდ იმ რამდენიმე წუთში ქრება, როდესაც ძილის წინ ციცქნა ოთახში იკეტება და ლექსებს წერს. მახსოვს, როცა პირველად ვუყურე, ვიფიქრე, რომ აი, იმ ციცქნა ოთახში, იმ რამდენიმე წუთში ამოქოქილი პოეტური გონით ახერხებს მძღოლი პოეზიის უარმყოფელ, მძიმე და დაუფასებელი შრომით დატვირთულ ცხოვრებაზე გამარჯვებას. ოღონდ გამარჯვება აქ პაექრობაში ჩართული მხარეებიდან ერთ-ერთის გამარჯვებად კი არ წარმომედგინა, პირიქით - ჭიდილში არშესვლას რომ ახერხებს, ამით გამარჯვებად.
ავტობუსის მძღოლის ლექსები - ელვარება, გარბენი, სასიყვარულო ლექსი და სხვ. - თავისი უბრალოებითა და გამჭოლი ეფექტით სამუდამოდ იბეჭდება მაყურებლისა და მკითხველის ტვინში და ჯარმუშის ფილმსაც ერთიან ნამუშევრად კრავს. ეს ლექსები რონ პეჯეტის დაწერილია, მეც ამ ფილმის შემდეგ მივუბრუნდი მის პოეზიას და შემდეგ აღარც მოვშორებივარ. ეგ კი არა, ვფიქრობდი, ამ კრებულისთვის 23 ლექსი შემერჩია - სიმბოლურად, რადგანაც ესაა იმ ავტობუსის ნომერი რომელსაც ჯარმუშის პერსონაჟი მართავს.
მაგრამ შევარჩიე 38 ლექსი - განსხვავებული სტილის, ინტონაციისა და თემატიკისა.
კრებული რჩევით იწყება - ნუ გასცემ რჩევასო; და რჩევითვე მთავრდება - დაიკიდეთ, რასაც გირჩევთო. ეს ირონია პეჯეტის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა, რომლითაც თავის ყველაზე ღრმა ლექსებსაც კი განაიარაღებს და ხშირად მოულოდნელი დასასრულით თუ გვაგრძნობინებს, რომ პირველივე სიტყვიდან გვეთამაშება; მე მგონი, მის არცერთ სიტყვას არ უნდა მოვეკიდოთ სერიოზულად! თითქოს ეგზისტენციალურ ლაბირინთებში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვითრევს, რომ ბოლოს უბრალო და ტრივიალური ჭეშმარიტებით მოგვიშოროს თავიდან. არადა, უკვე წამოგებული ვართ მის ანკესზე, შეტყუებული ვართ მის ლაბირინთში.
„ბუშლატს შიგნიდან იარლიყზე ბატიფეხურად ეწერა
მისი გვარი, სახელი და სერიული ნომერიც ბოლოს,
სხვისი სახელით სიარული მეუცნაურა, ჰოდა,
მოვგლიჯე.
არ გეგონოთ, ჩემი ბუშლატით რამე დიდის ანდა
მეტაფორულის თქმას ვცდილობდე.
ისე, უბრალოდ, მსიამოვნებს, მოვიგონო, თუ რა
მაგრად მიხდებოდა“.
კაცი, რომელიც მეტაფორებს იმისთვის იყენებს, რომ მეტაფორული საუბარი აირიდოს, აშკარად რაღაც ისეთის ჩალიჩშია, რაშიც ბოლომდე თავადაც ვერ გარკვეულა. „ცხოვრების ჩალიჩშია, იმ ავტობუსის მძღოლივით“, - შემეპასუხა ახლა შინაგანი ხმა, - „ჰოდა, თუ ასეთი პოეზიაა გამკლავების მექანიზმი, ეპატიოს ყველაფერი ამ გზაზე“.
როცა რონ პეჯეტი 16 წლის იყო, მამამისსა და მას შორის ასეთი დიალოგი შედგა:
მამა: უკვე იცი, რა უნდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები?
რონი: კი, პოეტი.
მამა: მმმჰ, ოკეი, რაც გინდა, ის გამოდი. მაგრამ პურის ფულს როგორღა იშოვი?
რონი: რამეს მოვახერხებ.
ამ „რამეს მოვახერხებს“ ენდო მამამისი.
ეს „რამეს მოვახერხებ“ მგონია, რომ ძალიან კარგი სანავიგაციო სისტემაა მთლიანად რონ პეჯეტის შემოქმედებაში. ნავიგაცია კი ბევრ სამყაროში გვიწევს, როგორც ჰალუცინაციების, ისე იმპრესიონისტული და მედიტაციური დაკვირვებებით სავსე სამყაროში, სადაც საყოფაცხოვრებო ნივთებსაც კი (სტეპლერი, ასანთის კოლოფი, ფინჯანი ყავა…) თავისი სული და საზრისი გააჩნიათ. ამ სამყაროებში პეჯეტი არც თავის დაუცველობას გვიმალავს, არც პანკობას ერიდება და არც - პათეტიკას.
მისი თხრობის თემების განვრცობაც უსასრულოდ შეიძლება; მე რომ პოეზიისა ბევრი გამეგებოდეს, ლექსს ლექსზე გადავაკრავდი და ამ თემატურ და სტილურ გადაკვეთებზე მოვყვებოდი, ვენის დიაგრამებსა და სემიოტიკურ სამკუთხედებს დავხაზავდი, კატეგორიზაციას დავიწყებდი; იქ ნიუიორკული სკოლის რომელიმე სხვა წარმომადგენელთან გავავლებდი პარალელს ან პეჯეტის უშუალო გავლენებზე დავწერდი ორიოდე წინადადებას. რონ პეჯეტი ფრანგულადაც გადასარევად საუბრობს, ჰოდა, მისი ფრანგულენოვანი სტრიქონებიდან გამომდინარე, ფრანგულ პოეზიასაც გადავწვდებოდი, მაგრამ არა, მე არც ფრანგული პოეზიისა გამეგება ბევრი. ამ ლექსებს თარგმნის სურვილი თავიანთი პოეტური სიმაღლის გამო არ აღუძრავთ ჩემში. პეჯეტის თარგმნისას უპირველესი მამოძრავებელი ძალა იყო ის, რომ, უბრალოდ, ჩემთვის მინდოდა მეთარგმნა. ეს თარგმნა თვითთერაპიის პრაქტიკის ნაწილი იყო, რადგან მინდოდა ჩემი ენა და სააზროვნო სივრცე მომერგო იმ პოეზიისთვის, რომელიც ამხელა გავლენას ახდენდა ჩემზე. ჰოდა, ვთარგმნიდი და ჩემი თარგმანების მკითხველიც უმეტესწილად მხოლოდ თავად ვიყავი. გამოქვეყნება აზრადაც არ მომსვლია, სანამ წლების პრაქტიკის შემდეგ, გონებაში არ გაიელვა „სასიყვარულო ლექსის“ პირველი სტრიქონის ქართულენოვანმა ვერსიამ: „ვინ მოსთვლის სახლში ასანთის ყუთებს!“
რა თქმა უნდა, ქვეცნობიერი გავლენა იმ პოემის დასაწყისისაა, რომელიც სკოლაში ყველა ქართველს გაგვივლია და რომელსაც აქ უბრალოდ არ ვახსენებ, რადგან -