ცეცხლის წვიმა მეჩეთიდან დილის ლოცვების მაუწყებელი აზანი (მოწოდება მინარეთიდან ლოცვის დროის დადგომის შესახებ.) რომ მოისმა, მუთავალი (საქმისმწარმოებელი.) უსმან საჰიბი საწოლიდან წამოიმართა. შენიშნა, რომ ცოლი, არიფა, გვერდით არ ეწვა. სასტუმრო ოთახში შეაბიჯა და დაინახა, რომ ქალს ხალიჩაზე ეძინა. გვერდით ანსარი მიეწვინა, მათი სამი წლის ვაჟი. მძინარე ბავშვს სუნთქვა უჭირდა. უმალ მიხვდა, რაც ხდებოდა, როცა შვილის შუბლზე დაფენილი სველი ტილო, მიმოფანტული რძის ფიალა, ფინჯანი, კოვზი, ტოლჩა და ცხელი წყლის მათარა შენიშნა. არიფას ღამე გაეთია და ქანცგაწყვეტილს აქვე ჩასძინებოდა... კაცს დანაშაულის გრძნობა შეუჩნდა, მაგრამ უცაბედად გაახსენდა, რომ უმცროს დას, ჯამილასა და მის მეუღლეს გვერდით ოთახში ეძინათ. აღელდა. ჯერ დააპირა, არიფასთვის საბანი დაეფარებინა, მაგრამ ჯამილას ქმარზე ფიქრმა სახე დაუღარა და გასაღვიძებლად შეანჯღრია ცოლი. ქალმა ძილს თავი ვერ წაართვა, რაზეც ამას ბრაზი მოეკიდა.
ფაკირის (მოხეტიალე მუსლიმი ბერი.) ერთი სიმღერა მოაგონდა. ღორის ხორცი ჰარამია (აკრძალული რამ.). ასევეა განრისხებაც.
ღვთისმოსავ მუსლიმებს სჯერათ, რომ ღორის დანახვაც კი წამბილწველია. სიმღერა ღორებთან აიგივებს რისხვას, რომელიც იპყრობს ადამიანის გონებას, სხეულსა თუ სახლს.
აუხსნელმა წყრომამ შეგონება უმალვე გადაავიწყა. მოუსვენრად აწრიალდა და შემდეგ, თითქოს რაღაცას მიხვდაო, არიფას ფეხებში წიხლი მიარტყა. ქალმა გაიღვიძა და უმალ წამოდგა.
– რატომ ოთახში არ გძინავს? – უთხრა ხრინწიანი ხმით და ისე გაეცალა, ცოლის პასუხს არ დალოდებია.
მეჩეთი ფერლონგის (მანძილის საზომი ერთეული, დაახლოებით 200 მეტრის ტოლია.) მანძილზე იდგა. ფეხაჩქარებით გაემართა იქითკენ. აისის ნისლის პირბადეს დიდი ნაბიჯებით თელავდა. სხეული მისგითისკენ მიიწევდა, გონება სახლისკენ ექაჩებოდა და წინა საღამოს მომხდარ ამბავს დასტრიალებდა.
მისმა უსაყვარლესმა უმცროსმა დამ, განათლება რომ მისცა და საშუალო სკოლა დაამთავრებინა, მზითვში რომ გაატანა აბრეშუმის თვრამეტი სარი, ოქროს სამკაულები და მოტოციკლეტი ქმრისთვის... ამ დამ, დიახ, მან, მემკვიდრეობის განაწილება მოსთხოვა და ჩაამწარა საგანგებოდ მისთვის მომზადებული ბირიანი და ბრინჯის პაიასამი. ეს რა საქციელი იყო? სისხლი აუდუღდა.
თან დამ შეპასუხებაც რომ გაუბედა?
– ანნა (ძვირფასო ძმაო (მიმართვის ფორმა კანარულ ენაზე)), ალაჰი და შარიათის კანონი უფლებას მაძლევს, მამის საკუთრებიდან წილი მოვითხოვო. მე ხომ არა გთხოვ, გამინაწილო ქონება, რომელიც შენი გარჯით მოიხვეჭე?!
ამან რა მოაგროვა, რომ? განა იმ სამკვიდრებელს არ განკარგავდა, რომელიც მამამ დაუტოვა?
– მამაჩვენის სარჩო-საბადებლის ერთი მეექვსედი მე მეკუთვნის.
ოჰო! გამოუთვლია კიდეც, სანამ მობრძანდებოდა. პასუხად უნდოდა მიეგო, აი, შენი მეექვსედიცო, და სილა გაეწნა. მაგრამ დაიმორჩილა ღორი, რომელიც მის სხეულზე გაბატონებულიყო და მოსვენებას არ აძლევდა. თანაც აყლაყუდა სიძემ დააფრთხო, რომელიც იქვე პირადი მცველივით იჯდა.
– მთელ მაჰლას (უბანი.) რომ უწყვეტ საჭირბოროტო საკითხებს, რატომ არ მიხმე და არ მითხარი, შენი ნაწილი იბოძეო? ან საკინა აკკას რად არაფრად აგდებ? მას ხომ ქმარი აღარა ჰყავს და მცირეწლოვანი შვილები დარჩა. ქალიშვილები როგორ უნდა გაათხოვოს?
მუთავალი საჰიბი იატაკს ჩაჰყურებდა. რა უცნაურია, რომ ჯამილა ამდენს ლაყბობდა. თვითონ რამ დაამუნჯა? თვალწინ დაუდგა მანგოსა და ქოქოსის ბაღები, მინდვრები, ადგილები, სადაც აბრეშუმის ჭიებს ზრდიდნენ, საუცხოო სახლები ქალაქად. აქედან რა უნდა დაეთმო ოთხი დისთვის?
ჯამილა კი ბაყაყივით ყიყინებდა.
– ანნა, კარგ ოჯახს კი მიმათხოვე, განა უარვყოფ. მაგრამ, გემუდარები, დაფიქრდი. მამა ათი წლის წინ გარდაიცვალა. იმ დროს რომ გაგენაწილებინა ქონება, დღეს იმაზე ათჯერ მეტი მექნებოდა გამომუშავებული, რაც შენ ჩემს ქორწილს დაახარჯე. მთელ თანხას ერთბაშად არა გთხოვ, მაგრამ...
მუთავალი საჰიბს მოთმინების ფიალა აევსო. არიფა კართან იდგა და აღელვებული ისმენდა. ამწუხრებდა ჯამილას სიტყვებიც, ხმაც, არგუმენტებიც. ოღონდ მოთხოვნა სამართლიანი ეგონა, არა? თვითონ მშობლებისგან ერგო ყავის პლანტაციაცა და სახლიც, რომლის ქირაში ყოველთვიურად ოთხი ათას რუპიას იღებდნენ. არიფას თავისი წილის მოთხოვნა არ დასჭირვებია. მისმა მშობლებმა ორივენი მიიპატიჟეს, გემრიელად გაუმასპინძლდნენ, ქალიშვილს ახალი სარი და ბლუზა აჩუქეს, თან მის სახელზე გაფორმებული ქონების საბუთები გადასცეს და უკან თბილად გამოისტუმრეს. ჯამილას კი თავისი უფლებისთვის ბრძოლა უწევდა.
მუთავალი საჰიბს კრინტი არ დასცდენია. ფეხზე წამოდგა და ჯამილას შეხედა. უფროსი ძმის გამომეტყველებამ ქალი დააფრთხო, მაგრამ ქმარს გახედა და გამბედაობა მოიკრიბა. სიტყვა თითქოს გაზეპირებული აქვსო, ისე განაგრძო ლაპარაკი.
– თუ არ მომცემ, რაც კანონიერად მეკუთვნის, მაშინ დავის გადაწყვეტა სასამართლოში მოგვიწევს, – დაემუქრა კიდეც.
ენაჩავარდნილი მუთავალი საჰიბი საძინებელში შევიდა. არიფა ქმრის ნაბიჯების ხმამ დააფრთხო და სწრაფად გადგა განზე, გაეცალა. კერპივით დაჯდა, ქუდიც არ მოუხდია. შუბლი ოფლით დაეცვარა. არიფამ ვენტილატორი ჩართო.