„დანიშნულნი“: რომანის დაბადება იტალიაში ალესანდრო მანძონის ცხოვრება და მოღვაწეობა
ალესანდრო მანძონი 1785 წლის 7 მარტს დაიბადა გრაფ პიეტრო მანძონისა და ცნობილი იტალიელი იურისტისა და მწერლის, ჩეზარე ბეკარიას ქალიშვილის, ჯულია ბეკარიას ოჯახში. მანძონიმ დაწყებითი განათლება სხვადასხვა სასულიერო სასწავლებელში მიიღო, თუმცა, მკაცრი აღზრდისადმი პროტესტის ნიშნად, თავს ათეისტად აცხადებდა. მშობლების დაშორების შემდეგ, ალესანდრო ერთხანს მამასთან ცხოვრობდა, 1805 წელს კი დედასთან გადაინაცვლა პარიზში, სადაც ხუთი წელიწადი გაატარა. ამ მოგზაურობისას გაიცნო ენრიკეტა ბლონდელი, რომლის გავლენითაც კვლავ კათოლიკურ სარწმუნოებაზე მოექცა. ენრიკეტა მისი პირველი მეუღლე გახდა და წყვილს ათი შვილი ეყოლა.
ისტორიისადმი განსაკუთრებული ინტერესი მანძონის საფრანგეთის დედაქალაქში კლოდ ფორიელთან დაახლოების შემდეგ გაუღვივდა. მილანში დაბრუნებულმა ალესანდრომ შეთხზა „საკრალური ჰიმნები“: „აღდგომა“, „მარიამის ყოვლადწმინდა სახელი“, „შობა“, „უფლის ვნება“ და „სულთმოფენობა“, რომლებიც კათოლიკური ეკლესიის უმთავრეს დღესასწაულებს მიუძღვნა. 1816-1822 წლებში დაწერა ორი ტრაგედია: „გრაფი კარმანიოლა“ (1816) და „ადელკი“ (1822), ასევე ორი სამოქალაქო ოდა: „1821 წლის მარტი“, რომელიც რისორჯიმენტოს აჯანყებებს მიუძღვნა და „5 მაისი“, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის სიკვდილმა შთააგონა.
რომანი „დანიშნულნი“ მანძონის შემოქმედების მწვერვალია. მისი პირველი ვერსია, სათაურით „ფერმო და ლუჩია“, 1821-1823 წლებში დაიწერა. სიუჟეტის საფუძვლიანი გადამუშავების შემდეგ ტექსტი პირველად 1827 წელს დაიბეჭდა, ხოლო საბოლოო სახით, ენობრივი და სტრუქტურული სიღრმისეული რედაქტირების შემდეგ, 1840 წელს გამოიცა. რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
მართალია, იტალიის გაერთიანების პროცესში მანძონის უშუალო მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ, როგორც სახელგანთქმულ მწერალსა და პატრიოტს, 1860 წელს მას იტალიის სამეფოს სენატორის წოდება მიენიჭა. ალესანდრო მანძონი 1873 წლის 22 მაისს გარდაიცვალა.