შესავალი - სუპერსახელმწიფოს პოლიტიკა მას შემდეგ, რაც დაახლოებით ხუთასი წლის წინ პოლიტიკური ურთიერთობები დაიწყეს, ევრაზია მსოფლიოს ძალის ცენტრი იყო. სხვადასხვა გზით და სხვადასხვა დროს ევრაზიის მკვიდრნი – თუმცა უმეტესად ევრაზიის დასავლეთ პერიფერიიდან – აღწევდნენ და ბატონობდნენ მსოფლიოს სხვა რეგიონებში, ცალკეული ევრაზიული სახელმწიფოები იხვეჭდნენ განსაკუთრებულ სტატუსს და სარგებლობდნენ მსოფლიოს წამყვანი ძალის პრივილეგიებით.
მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეული საერთაშორისო ურთიერთობებში ტექტონური ძვრების ეპოქად იქცა. ისტორიაში პირველად, არაევრაზიულმა სახელმწიფომ თავი იჩინა არა მხოლოდ როგორც ევრაზიული ძალაუფლებრივი ურთიერთობების მთავარმა არბიტრმა, არამედ როგორც მთელი მსოფლიოს უზენაესმა ძალამ. საბჭოთა კავშირის დამარცხება და დაშლა გახდა საბოლოო ეტაპი დასავლეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოს – შეერთებული შტატების – სწრაფი აღზევებისა, როგორც ერთადერთი და, ფაქტობრივად, პირველი ჭეშმარიტად გლობალური ძალისა.
ამის მიუხედავად, ევრაზია ინარჩუნებს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას. არა მხოლოდ მისი დასავლეთ პერიფერია – ევროპა – ინარჩუნებს მსოფლიო მნიშვნელობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას, არამედ მისი აღმოსავლეთ რეგიონი – აზია – ბოლო დროს იქცა ეკონომიკური ზრდისა და მზარდი პოლიტიკური ძალის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ცენტრად. ამიტომ ის, თუ როგორ გაუმკლავდება გლობალური ინტერესების მქონე ამერიკა ევრაზიული ძალების რთულ ურთიერთობებს – და განსაკუთრებით, შეძლებს თუ არა დომინანტური და მტრულად განწყობილი ახალი ევრაზიული ძალის აღზევების შეჩერებას – არის კარდინალური საკითხი ამერიკის მიერ გლობალური უზენაესობის განხორციელების უნარში.
აქედან გამომდინარე, გარდა ძალაუფლების მრავალი ახალი განზომილების კულტივაციისა (ტექნოლოგია, კომუნიკაცია, ინფორმაცია და, ასევე, ვაჭრობა და ფინანსები), ამერიკის საგარეო პოლიტიკა უნდა კონცენტრირდეს გეოპოლიტიკურ განზომილებაზე და გამოიყენოს თავისი გავლენა ევრაზიაში, რათა ჩამოაყალიბოს სტაბილური წონასწორობა, რომლის პოლიტიკური არბიტრიც შეერთებული შტატები იქნება.
ამგვარად, ევრაზია ჭადრაკის დაფაა, რომელზედაც გრძელდება ბრძოლა გლობალური პირველობისთვის და ეს ბრძოლა მოიცავს გეოსტრატეგიას – გეოპოლიტიკური ინტერესების სტრატეგიულ მართვას. აღსანიშნავია, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, 1940 წელს, გლობალური ძალაუფლების ორი მოსურნე – ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი – შეთანხმდნენ (ამავე წლის ნოემბრის საიდუმლო მოლაპარაკებების დროს), რომ ამერიკა გარიყული უნდა ყოფილიყო ევრაზიისგან. ორივეს ესმოდა, რომ ევრაზიის საქმეებში ამერიკის მონაწილეობა ხელს შეუშლიდა გლობალური ბატონობისკენ მიმართულ მათ ამბიციას. ორივე თანხმდებოდა, რომ ევრაზია მსოფლიოს ცენტრი იყო და რომ ის, ვინც აკონტროლებს ევრაზიას, გააკონტროლებს მსოფლიოს. ნახევარი საუკუნის შემდეგ გაჩნდა ახალი კითხვა: შეინარჩუნებს თუ არა ამერიკა თავის უზენაესობას ევრაზიაში და რა მიზნებს მოემსახურება ის?
ამერიკული პოლიტიკის საბოლოო ამოცანა კეთილშობილი და შორსმჭვრეტელური უნდა იყოს: ხელი შეუწყოს ჭეშმარიტი თანამშრომლობის უნარის მქონე გლობალური თანამეგობრობის ჩამოყალიბებას, რომელიც კაცობრიობის ფუნდამენტური ინტერესების გრძელვადიანი ტენდენციების შესაბამისი იქნება. მანამდე კი აუცილებელია, რომ არ წარმოიშვას ევრაზიული მეტოქე, რომელიც შეძლებდა ევრაზიაზე გაბატონებას და ამერიკასთან დაპირისპირებას. ამ წიგნის მიზანია ყოვლისმომცველი და ინტეგრირებული ევრაზიული გეოსტრატეგიის ფორმულირება.
ზბიგნევ ბზეჟინსკი
ვაშინგტონი
1997 წლის აპრილი