შესავალი ყველას გვაქვს ინტუიცია, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ ამას თუ არა.
ყოველდღე, როდესაც დილით ვიღვიძებ და მაღვიძარას ვკიდებ ხელს, არ მიკვირს, რომ მაქვს ხელი, რომელმაც იცის, როგორ მიაგნოს გამორთვის ღილაკს, მაგრამ ინსტინქტურად ვაცნობიერებ, რომ მაქვს თავისი ფუნქციის შემსრულებელი სრულყოფილი ხელი.
სწორედ ამას ჰგავს ინტუიციაც. თქვენ იმაზე მეტი იცით, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ინტუიცია ინსტინქტზე მეტია, გონების სიღრმეში შეუმჩნევლად მოქმედებს. ყოველდღიურად, მთელი დღის განმავლობაში, უამრავ გადაწყვეტილებას იღებთ მის საფუძველზე, მაგრამ ვერ აცნობიერებთ.
თუ გარეთ სადილობა ან გასეირნება გსურთ, დაფიქრდებით, რომელი ადგილია საუკეთესო, სავარაუდოდ, თითოეულ შესაძლო ვარიანტს განწყობის მიხედვით განიხილავთ. გარკვეულწილად იცით, რომ რესტორანში თბილა, სისუფთავეა, თავაზიანად გხვდებიან ან სასიამოვნო სურნელია. შეგიძლიათ შეხვიდეთ და ისადილოთ. როდესაც არ იცით, რომელიმე კონკრეტულ გარემოში რა გრძნობა დაგეუფლებათ, ინტუიცია ქვეცნობიერ დონეზე მაინც მოქმედებს ხოლმე. ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ „ხასიათზე არ არიან“ ან ესა თუ ის ადგილი კარგ ან ცუდ განწყობას უქმნით, მაგრამ მიზეზის ახსნას არ ცდილობენ.
როდესაც „რატომს“ ამოხსნით, ინტუიციის ნატიფ სივრცეში შეაბიჯებთ. შეგრძნებების გაცნობიერებისას თითქმის ყველაფრის აღქმაა შესაძლებელი. ამ სიტყვას სასაუბრო დონეზე ვიყენებთ, მაგრამ სათავეს მეცნიერებაში იღებს. ალბერტ აინშტაინის სიტყვებით, „ყველაფერი განწყობაა“. ასეც არის. ის შეგრძნება, რომელიც გეუფლებათ ენერგიის ჰოლისტური ინტერპრეტაციაა და როდესაც განვითარდებით და გაიგებთ, თუ როგორ გახსნათ და გამოიყენოთ ინტუიცია თქვენი ცხოვრების წარმართვისთვის, შეძლებთ ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მიღებას ინტუიციურად.
როგორ მივხვდეთ, როდის არის ზუსტი ჩვენი აღქმული ინფორმაცია და განწყობა? როგორ მივხვდეთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი წარმოსახვა, შიში ან ფანტაზია არ არის? როგორ მივხვდეთ, ნამდვილია თუ არა მიღებული შეტყობინება ან ხილვა? და როცა გავერკვევით ჩვენს ინტუიციურ ნიჭში და ვენდობით მას, როგორ მოვიქცეთ შემდეგ?
ინტუიციის განვითარება ჭეშმარიტ ბუნებაში ღრმა შეღწევაა და ზოგჯერ მტკივნეული სვლაა გამოღვიძებისკენ, თუმცა ძალიან ხშირად ჯადოსნური მოგზაურობაც კი არის ხოლმე. ის თავდაჯერებულობისკენ მიმავალი გზაა. მას შეუძლია უფრო დიდი დინებისა და სიმშვიდისკენ, მიზანმიმართული დამთხვევებისკენ და სურვილის ახდენამდე მიგიყვანოთ, ზოგჯერ კი სიცოცხლეც შეგინარჩუნოთ.
ჩვენ ძალიან არასტაბილურ სამყაროში ვცხოვრობთ. მიუხედავად იმისა, რომ პლანეტაზე დიდი ცვლილებები ყოველთვის ხდებოდა და ხდება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჟამად განსაკუთრებული ინტენსივობის მქონე პერიოდს გავდივართ. ახლა, როგორც არასდროს, უნდა ვენდოთ საკუთარ თავს, რადგან ბრძოლით მოპოვებული საზოგადოების ორგანიზების სისტემები, როგორიცაა ადამიანის ძირითადი უფლებები და კანონები, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ან ქრება, ხოლო ტექნოლოგიური მიღწევების ტემპი უფრო და უფრო სწრაფად ცვლის ჩვენი ურთიერთობების წესს. ჩვენი ღირებულებები, ისევე როგორც გარემო, საფრთხეშია. რადგან უფრო მეტად ვართ დამოკიდებული ტექნოლოგიაზე და ნაკლებ პირდაპირ სოციალურ ურთიერთობებს ვამყარებთ, ინტიმური ურთიერთობა რთულდება და ამით გამოწვეული შფოთვა და მარტოობა გულს გვწყვეტს. ურთიერთობების შესანარჩუნებლად და აღსადგენად, მეტად გახსნილები უნდა ვიყოთ.
საკუთარი თავის ნდობისა და სხვადასხვა შემთხვევის აღქმის ან ინტუიციურად მოქმედების უნარი მაშინ, როდესაც სრულ ინფორმაციას არ ფლობთ, სულაც არ არის გართობა ან პროგნოზირებით თავშექცევა. ინტუიციის ნდობისა და თქვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების ენერგიების შეგრძნების უნარის გამომუშავებით, შეძლებთ გააკეთოთ გონივრული, სტრატეგიული არჩევანი და ადვილად მოერგოთ თანამედროვე გამოწვევებს. როდესაც ინტუიციას იყენებთ, სიმართლეს აღარ ეძებთ გარშემო არსებულ მტკიცებულებებში, მაგალითად, როგორიცაა სარწმუნო წყაროები და ახალი ამბები, ამის ნაცვლად, შინაგან სამყაროს მიმართავთ და მას პირდაპირ თქვენი გამოცდილებიდან შეიცნობთ.
მე გაჩვენებთ, როგორ.