სიტყვა უძრაობის წინააღმდეგ, ანუ თვითგადარჩენის ერთადერთი გზა
ებრაული წარმოშობის ბელგიელი ავტორი ჟაკლინ არპმანი 1995 წელს გამოსცემს დისტოპიურ რომანს, რომელიც წლების შემდეგ მისი, როგორც მწერლის, „ხელახლა აღმოჩენის“ მიზეზი გახდება.
არპმანი წერს: „ადამიანმა უნდა ისაუბროს. სიტყვა საარსებოდ აუცილებელია, უამისოდ ადამიანურობაც თანდათან ხუნდება“. პროფესიით ფსიქოანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ წერა უდიდეს სიამოვნებას ჰგვრის, რომ ტკბება სიტყვით, აღმერთებს ფრანგულ ენას და სურს, ცხოვრება მის სამსახურში გალიოს.
როდესაც სამწერლო კარიერაში ოცწლიანი პაუზის დასრულების შემდეგ ჰკითხეს, ხედავდა თუ არა კავშირს პროფესიულ გამოცდილებასა და რომანებში შექმნილ სიუჟეტებს შორის, არპმანმა უარყო და თქვა, რომ მისთვის წერის პროცესი ავტონომიურია და არ ჰყავს პერსონაჟთათვის წინასწარ განსაზღვრული ხატები. ამის მიუხედავად, ის გვიზიარებს უცნაურ დამთხვევას, რომელიც ჭურჭლის რეცხვისას შენიშნა: 1966 წელს დაწერილ რომანში - „Les Bons Sauvages“ - მთავარი გმირი მიემგზავრება სამხრეთ ამერიკაში, ხოლო 20 წლის შემდეგ გამოცემულ პირველ წიგნში - „La Mémoire trouble“ - თხრობა იწყება მთავარი გმირის დაბრუნებით სამხრეთ ამერიკიდან.
არაცნობიერი გამოცდილების კავშირი ტექსტთან, რასაც ავტორი თუმცა აღიარებს, მაგრამ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, მისით იხელმძღვანელოს მკითხველმა, ვლინდება სხვა ნაწარმოებებშიც. ასე, მაგალითად, კრიტიკოსთა გარკვეული ნაწილი მწერლის არაცნობიერ ებრაულ გამოცდილებას უკავშირებს რომანის - „მე, ვისაც კაცი არასდროს მიცნიას“ სიუჟეტს. მიწისქვეშა სარდაფში გამომწყვდეული ორმოცი ქალი, დაკარგული მეხსიერება და ზედამხედველები, რომლებიც არად აგდებენ იდენტობაწართმეულ პატიმრებს, ხშირად ასოცირებულია ჰოლოკოსტის ტრაგედიასთან. თუმცა ბევრი თემის უგულებელყოფა მოუწევს მკითხველს, თუ მხოლოდ წარსული გამოცდილების აჩრდილებს დაედევნება, რამდენადაც რომანი, შეიძლება ითქვას, ატარებს ექსპერიმენტის ფორმას და იღებს პასუხისმგებლობას, უპასუხოს შეკითხვას: რა რჩება ადამიანისგან, თუ მას წავართმევთ ყველაფერს, რაც საზოგადოებამ შესძინა? აქ, თითქოს, ავტორიცა და მკითხველიც აკვირდებიან ადამიანის პირველსაწყის მდგომარეობას - სიტყვებისა და ფორმისგან დაცლილ არსებას, რომელიც ნელ-ნელა ავლენს პიროვნულობის მძლავრ ნიშნებს.
„ჩემი მეხსიერება ჩემივე ბრაზით იწყება“, - აცხადებს ტექსტში მთხრობელი, რომელმაც გვიან გაიაზრა, რომ მასაც შესძლებია ჰყვარებოდა, შესძლებია დატანჯულიყო და, ბოლოს და ბოლოს, მასაც ადამიანი ერქვა. გალიაში ოცდაცხრამეტ უცხო ქალთან ერთად გაურკვეველი მიზეზითა და განუსაზღვრელი ვადით გამომწყვდეულს, პატიმართაგან ყველაზე უმცროსს, გისოსებს მიღმა ცხოვრება არასდროს უნახავს. ის, შეიძლება ითქვას, იყო „tabula rasa“, მეხსიერების არმქონე, აწმყოთი მცხოვრები, გაურკვეველი მომავლის ადამიანი, რომლის ყოფაც მხოლოდ ჭამით, მონელებითა და ძილით შემოიფარგლებოდა. „ძალიან დიდხანს დღეები ერთმანეთის მსგავსად გადიოდა, შემდეგ ფიქრი დავიწყე და ყველაფერი შეიცვალა“, - წერს იგი.
ფიქრმა კითხვები გაუჩინა, მიუღებელმა პასუხებმა - ბრაზი. მდგომარეობის ახსნა რომ ვერ შეძლო, ამ მდგომარეობისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა და განაცხადა: „მე ნახირის მეორმოცედი ნაწილი და ერთი სული პირუტყვი არ ვარ… მე - მე ვარ“.
ახალგაზრდა ქალის პროტესტი საიდუმლოს გაჩენითა და მისი არგათქმით გამოიხატა, რამაც პირველად აგრძნობინა, რომ თავადაც ჰქონია ძალა. იქ, სადაც ორმოცი ქალი ერთ სივრცეში იყო გამოკეტილი, მან საიდუმლოს შენახვა შეძლო. საიდუმლო კი მის გადაწყვეტილებაში იმალებოდა - თვალი არ მოეშორებინა მცველისთვის, რომელიც არასდროს უყურებდა პატიმრებს. უნდოდა, ბოლოს და ბოლოს, თავდაჭერილობა წაერთმია მისთვის, რომ ამით ძალაუფლება მოეპოვებინა. არ შეშინებია დაჟინებული მზერის შესაძლო აკრძალვის, რადგან თქვა, ამ შემთხვევაში, მოუწევთ აღიარონ, რომ მეც ვარსებობო. იმან, რომ აბსურდულ არსებობაში რაღაც მოულოდნელი გამოიგონა, კმაყოფილება აგრძნობინა. სიცოცხლის შეგნებული გზით გაგრძელების ან, გნებავთ, სიცოცხლის დამორჩილების სურვილმა აანთო და მოძრაობა აიძულა. გაცხოველებული შეუპოვრობით ცოცხალ საათად იქცა იქ, სადაც დრო კარგა ხნის მკვდარი იყო. ახალგაზრდა ქალმა შეიმეცნა წარსული ცხოვრების მოჩვენებებად ქცეული მოგონებები; ოცდაცხრამეტი ზრდასრული ქალის თვალებით სცადა წარმოედგინა სამყარო, რომელსაც თავად შეუცნობელად მოსწყდა. მაგრამ, მათგან განსხვავებით, არ გრძნობდა ტანჯვას: „არ შემიძლია ვიგლოვო ის, რაც არასდროს მიცნია“. სიზიფედ ქცეული - ერთ წრებრუნვაში ჩაკეტილი, საკუთარი უბედურების თავად მცნობი - ბედთან შეუგუებლობით, რეალობისთვის თვალის გასწორებითა და დაუღალავი მოძრაობით იხსნის თავს. ქალი ხედავს, რომ ცოდნას აზრი არა აქვს, რომ სიმარტოვისთვისაა განწირული, რომ სამყარო, რომელშიც აღმოჩნდა, შორსაა იმისგან, რაზედაც ქალები ლაპარაკობდნენ, მაგრამ „სიჩუმის დედოფალი, სარდაფებისა და გვამების მფლობელი“ წამით არ ჩერდება. აბსურდულობისთვის წინააღმდეგობის გაწევამ დაანახვა, რომ ადამიანია. ალბათ, სწორედ ამან გადაარჩინა. თუმცა, განსხვავებით კამიუს სიზიფესაგან, ის არც ბედნიერია, არც უბედური. „რასაც ვიხსენებდი, საბოლოოდ, ჩემი უცნაური არსებობა იყო მხოლოდ, რომელსაც დიდი ბედნიერება არ მოუტანია“. დუმილით გახევებული მიჰყვა ინტუიციას, ადამიანურ ინსტინქტს, რომელიც ერთდროულად გახდა მისი შეგნებული ცხოვრების დასაწყისიცა და დასასრულიც; მიუხედავად დროსა და სივრცეში შეუცნობელი როლისა, ჯერ კიდევ მოზარდს, მემკვიდრეობითმა მეხსიერებამ დაანახვა რეპროდუქციული სისტემის არასაჭიროებაც