შესავალი ზაფხული იდგა. იმ წელს აუტანლად ცხელოდა. მზის მწველი სხივები ისე აცხუნებდა, თითქოს თვით ჰაერსაც მარწუხივით შემოხვეოდა და დედამიწამდე არ უშვებდა. მოძრაობა ჭირდა, ქუჩები დაცლილიყო, ქალაქიდან გარბოდა ყველა, ვისაც კი ამის საშუალება ჰქონდა. მე კი, არ შემეძლო, რადგან განსაკუთრებული პაციენტი მყავდა.
თითქმის ათი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც კლინიკაში დავიწყე მუშაობა. მის კედლებს ობივით ვიყავი მოდებული. მე მისით, ის კი ჩემით სულდგმულობდა. რთული იყო, მაგრამ როდესაც საყვარელი საქმიანობით ხარ დაკავებული, მუშაობა არ არის მხოლოდ მოვალეობა. გიყვარს გარემო, თანამშრომლები, ჩემს შემთხვევაში - პაციენტები, და დილით ადგომაც გსიამოვნებს, რადგან, იცი, იქ უნდა წახვიდე, სადაც გელიან. თუმცა, ის წელი ჩემთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. დაღლილობა დაუსრულებელ ომს ჰგავდა. საკუთარი თავისთვის აღარ მეცალა, რადგან მძიმე პაციენტი მყავდა. თანაც ის ქალბატონი რაღაც განსაკუთრებულად და გამორჩეულად შემიყვარდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო. ექიმის თქმით, დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ დიდხანს ვყოფილიყავი მასთან ერთად, რამდენადაც შემეძლო. ვერ ვტოვებდი, მეშინოდა, ვაითუ უკან დაბრუნებულს აღარ დამხვედროდა.
დედა ექიმი მყავდა და მეც სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე, ფსიქიატრიის განხრით. არა, დედას გამო არა. უბრალოდ, ადამიანები მიყვარდა. თავს ბედნიერად ვგრძნობდი, როცა მათი დახმარება შემეძლო.
თავისი პროფესიიდან გამომდინარე, დედას დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა. ამის წყალობით, მომეცა საშუალება, სწავლის დაწყებისთანავე დამეწყო მუშაობა. ჯერ დამხმარე ვიყავი, შემდეგ ექთანი, ახლა კი, ამდენი წლის შემდეგ, ექიმი გავხდი. ჩემი სტატუსის ამაღლების შემდეგ პირველი პაციენტი სწორედ ის ქალბატონი გახლდათ, რომელზეც გიამბობთ.
***
დიპლომის აღებისას ვფიქრობდი, რომ მომდევნო დღეს სხვანაირად წავიდოდი სამსახურში. ახლა ხომ უკვე ექიმი ვიყავი. თუმცა, მაინც ერთი ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დილა გათენდა. ის კი არადა, იმ დღეს, რაღაცნაირად, უღიმღამოდაც კი ავდექი საწოლიდან. ჯერ აბაზანაში შევედი, რომ თავი მომეწესრიგებინა. შემდეგ ყავის დასალევად სამზარეულოში შევედი და ჭიქით ხელში დივანზე ჩავესვენე. ვერ ვხვდებოდი, მეტი პასუხისმგებლობა მაშინებდა თუ რაიმე სხვა მიზეზი მქონდა იმ უაზრო განწყობისთვის, თუმცა, ფიქრით აღარ დავიმძიმე თავი, ყავა დავლიე, ჩავიცვი და სამსახურში წავედი.
სწორედ იმ დღეს გავიცანი პაციენტი, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი წარმოდგენა ცხოვრების შესახებ. მივხვდი, რომ აქამდე ვარდისფერი სათვალიდან ვუყურებდი ყველაფერს და არასოდეს მიფიქრია, რამდენად აუტანელი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება ვიღაცისთვის...
ის პაციენტი...
კარგად მახსოვს, ყვავილებიანი კაბა მეცვა. სწორედ ამ კაბამ მიიქცია მისი ყურადღება. შემომხედა, ოდნავ ღიმილიანი, თბილი, თუმცა, სევდით სავსე თვალებით და მის სახეზე უზარმაზარი ტკივილი და სიხარული ერთდროულად წავიკითხე.
როდესაც მას ვუყურებდი, ირგვლივ სხვა ყველაფერი აზრს კარგავდა. თითქოს მის წყლიან თვალებში დრო ჩერდებოდა …
არ ვიცი - რატომ, თუმცა ჩვენი პირველი შეხვედრისთანავე ისეთი სიახლოვე ვიგრძენი მასთან, როგორიც დიდი ხნის ნაცნობებთან, არა, უფრო - ძალიან ძვირფას ადამიანებთან გვაქვს ხოლმე, როდესაც ნდობა დროში გაწელილ გამოცდას სულაც არ ითხოვს.
მას სულ რამდენიმე წამი დასჭირდა იმისთვის, რომ თავისიანად მივეღე. ჩემ წინაშე, წლების მანძილზე მკაცრად დახურული, იდუმალებით სავსე ცხოვრება ისე გახსნა და გადაშალა, როგორც ძველი, ოდნავ გაცრეცილი წიგნი, რომელსაც ყველაზე მძიმე და ძვირფასი საიდუმლოებები გაუნდია მკითხველისთვის. მე კი მის მსგავსად მართლა არასოდეს შემყვარებია პაციენტი …
ფაქიზად იხსენებდა წარსულს. მოგონებებს ფრთხილი ფრაზებით აცოცხლებდა. დაკვირვებით არჩევდა სიტყვებს, რომლებიც უფრო ზუსტი და შესაფერისი იქნებოდა. ცდილობდა, თავისი ისტორია ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად დაელაგებინა ჩემ წინაშე.
ვიგრძენი, როგორ ეჭიდებოდა მისი დანაოჭებული სახით გადმოცემული სულისშემძვრელი ამბავი ჩემს არსებას და ისე ღრმად იბეჭდებოდა ჩემს გონებაში, რომ ვხვდებოდი, აღარასოდეს გამიშვებდა. მისი ცხოვრების ყოველი ახალი თავი არარეალურად რთული მოსასმენი იყო და ვგრძნობდი, რომ სულ უფრო და უფრო ღრმად იჭრებოდა ჩემს ცხოვრებაში, თითქოს ეს ყველაფერი მე გადამხდა თავს. თითქოს ამ ისტორიის მთავარი პერსონაჟი მე ვიყავი …
მაოცებდა მისი ძლიერი ხასიათი, რადგან, დამიჯერეთ, მისი ცხოვრება ეკალ-ბარდებით იყო სავსე.
ისე ჩამითრია მისმა თავგადასავალმა, როგორც წიგნი ჩაგვითრევს ხოლმე. თვალს იქამდე რომ ვერ ვწყვეტთ, სანამ ბოლომდე არ წავიკითხავთ. მისი გადმოცემა, მისი ემოციები, მისი თითოეული ცრემლი თუ ათრთოლებული ხმა მეტასტაზებივით მედებოდა გულზე. ვისმენდი, ვტიროდი, ვიცინოდი და ნელ-ნელა ისე შთამნთქა, მის გარეშე ცხოვრება ვეღარ წარმომედგინა.
თითოეულ ისტორიას საგულდაგულოდ ვიმახსოვრებდი, რომ სახლში მისულს ფურცლებზე გადამეტანა. მისი ამბავი დასავიწყებლად ისე მენანებოდა, რა თქმა უნდა, მისივე ნებართვით, წიგნად გამოცემა გადავწყვიტე. (გარდა ექიმობისა,