მთვარე და გალვანური ელემენტები მისი სრული სახელი იყო ჰარუცუნა მაცუმოტო. მე სენსეის ვეძახდი, არც ბატონ მაცუმოტოს, არც მასწავლებელს, უბრალოდ, სენსეის.
მაღალ კლასებში მშობლიურ ენასა და ლიტერატურას მასწავლიდა. ის კლასის დამრიგებელი არ ყოფილა, მე კი გაკვეთილებზე იაპონურის მასწავლებელს უყურადღებოდ ვუსმენდი, ამიტომ ჩემს მეხსიერებაში მასზე ბევრი არაფერი შემონახულა. სკოლის დამთავრების მერეც კარგა ხანს არ მენახა.
სენსეის რამდენიმე წლის წინ სადგურთან ახლოს, ხალხით სავსე ბარში, შევხვდი. მას შემდეგ ხშირად ვნახულობდით ერთმანეთს.
დახლთან წელში გამართული, უფრო სწორად, გაჯგიმული იჯდა. მე საჭმელს ვუკვეთდი:
- თინუსი ნატოთი (ფერმენტირებული სოია.), მოთუშული ლოტოსის ბოლქვები და ხახვის მარინადი, - ამის თქმა იყო და გვერდით მჯდომმა წელში გამართულმა ბაბუმ ჩემი შეკვეთა გაიმეორა:
- ხახვის მარინადი, მოთუშული ლოტოსის ბოლქვები და თინუსი ნატოთი.
გავხედე. დამაინტერესა, ვის ჰქონდა ჩემნაირი გემოვნება. ის მე მაკვირდებოდა. მე დაბნეული ვუყურებდი. მივხვდი, ეს კაცი სადღაც მენახა.
უცებ მკითხა:
- ცუკიკო ომაჩი არ ხარ?
გაოცებულმა თავი დავუკარი.
- ამ ბარში გხედავ ხოლმე.
„ჰოო?“ - რაღაც ამის მსგავსი ვთქვი და უფრო მეტი ინტერესით დავაკვირდი.
ჭაღარა თმა კოხტად ჰქონდა გადავარცხნილი. ტანზე სუფთა, გატკიცინებული თეთრი პერანგი და ნაცრისფერი ჟილეტი ეცვა. წინ საკეს პატარა ბოთლი ედგა, თეფშზე გამომშრალი ვეშაპის ხორცი ედო, ფიალაში კი ცოტაოდენი მოძუკუ (საკვები წყალმცენარე.) დარჩენოდა. მოხიბლული შევცქეროდი ამ ასაკოვან კაცს, რომელსაც ჩემნაირი გასტრონომიული მისწრაფებები აღმოაჩნდა. ამასობაში, ბუნდოვნად მახსენდებოდა გაკვეთილზე მასწავლებლის ამპლუაში უფროსკლასელების წინაშე მდგომი მამაკაცის ფიგურა.
სენსეი შავ დაფაზე წერდა ხოლმე. ასეთ დროს ხელში აუცილებლად დაფის საშლელი უნდა ჰქონოდა მომარჯვებული. ცარცით რაღაცას დაწერდა, მაგალითად, სეი შონაგონის ლექსის შესავალს - „გაზაფხულის პირზე თვალწარმტაცია აისი…“ - და მალევე, ხუთი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ წაშლიდა. მაშინაც, როცა მოწაფეებისკენ შემობრუნებული რამეს ჰყვებოდა, საშლელს ხელიდან არ უშვებდა, თითქოს მარცხენა მტევანზე ჰქონდა შეზრდილი.
- ასეთ ადგილებში ქალები შენსავით მარტო არ დადიან.
ეს რომ მითხრა, ჩხირებით თეფშზე დარჩენილ ვეშაპის ხორცს დასწვდა, ძმრიან მისოს სოუსში ამოავლო და პირში ჩაიდო.
ლუდი დავისხი და ჰო-მეთქი, ვუპასუხე. მომაგონდა, მაღალ კლასებში რომ მასწავლიდა, მაგრამ რა ერქვა, ვერ ვიხსენებდი. თანაც ერთდროულად მხიბლავდა და მაბნევდა კიდეც, რომ რიგითი მოსწავლის სახელი ახსოვდა.
ლუდი მოვწრუპე.
- ადრე ნაწნავებს ატარებდი, ხომ?
- ჰო.
- აქ რომ შემოხვედი, მაშინვე გიცანი.
- ჰოო?
- წელს ოცდათვრამეტის გახდი?
- არა, ჯერ ოცდაჩვიდმეტის ვარ.
- ოჰ, ბოდიში, შემეშალა.
- არა უშავს.
- მერე სკოლის სიაშიც და ალბომშიც გადავამოწმე.
- მართლა?
- სახეზე არ შეცვლილხარ.
- სენსეი, არც თქვენ შეცვლილხართ.
მისი სახელი არ მახსოვდა, თუმცა არ გამიმხელია. სიტუაციიდან მოხერხებულად გამოვძვერი და სენსეი-მეთქი, მივმართე (ის ხომ, მართლაც, ჩემი სენსეი იყო).
იმ საღამოს ხუთი ბოთლი საკე გამოვცალეთ. დანახარჯი სენსეიმ გადაიხადა. შემდეგ ჯერზე ისევ იმ ბარში დავლიეთ, ოღონდ მე გადავიხადე. მესამედ რომ შევხვდით, ორივემ ჩვენ-ჩვენი წილი გადავიხადეთ. მომდევნო შეხვედრები ასე გაგრძელდა. ერთნაირი ტიპები ვიყავით და ბევრი საერთო გვქონდა. არა მხოლოდ გასტრონომიული გემოვნებით, ხასიათითაც ვგავდით ერთმანეთს - ადამიანებთან კომუნიკაციის მსგავსი უნარი აღმოგვაჩნდა. ჩვენ შორის ოცდაათი წელი იყო სხვაობა, თუმცა მასთან მეტ სიახლოვეს ვგრძნობდი, ვიდრე ჩემს თანატოლ მეგობრებთან.
რამდენჯერმე სენსეის სახლშიც მოვხვდი. ხშირად ერთი ბარიდან გამოსულები მეორეში შევდიოდით და შემდეგ ვბრუნდებოდით შინ. ზოგჯერ დასალევად სამი, ოთხი ადგილიც შემოგვივლია. ბოლოს მასთან მივდიოდით, იქაც ყელის ჩასაკოკლოზინებლად თითო ჭიქას გადავკრავდით ხოლმე.
- აქვე ვცხოვრობ. ხომ არ შემოივლი?
ეს რომ პირველად შემომთავზა, თავი შორს დავიჭირე. ვიცოდი, ცოლი გარდაცვლილი ჰყავდა. მარტოხელა ასაკოვან კაცთან სტუმრობა მოსაწყენი მეჩვენებოდა, მაგრამ თუ დავლევდი, ვეღარაფერი მაკავებდა, ნებისმიერ რამეზე ვიყავი წამსვლელი. მოკლედ, ასე მოვხვდი სენსეისთან სახლში.
იქ იმაზე უარესი ქაოსი დამხვდა, ვიდრე ველოდი. მანამდე მეგონა, რომ ასეთი კაცის საცხოვრებელში ერთი ბეწო მტვერიც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ შევცდი. სახლის ყველა კუთხე-კუნჭული უწესრიგოდ დახვავებული ნივთებით იყო სავსე. შემოსასვლელის გასწვრივ, მოფარდაგებულ ოთახში, ერთი ძველი დივანი იდგა. ისეთი სიმშვიდე იყო, ვერაფრით იფიქრებდით, რომ იქვე, მეორე ოთახში, სადაც ტატამი ეგო, უთავბოლოდ გაბნეული წიგნები, ქაღალდები და გაზეთები დაგხვდებოდათ.
სენსეიმ პატარა მაგიდა გაშალა. კუთხეში დახვავებული ნივთებიდან საკეს მოზრდილი ბოთლი გამოაძვრინა, ორი სხვადასხვა ზომის ჩაის ფიალაც იშოვა და დასალევით პირთამდე შეავსო.
- მიირთვი, - მითხრა და სამზარეულოში გავიდა.
ტატამიანი ოთახი ბაღს ესაზღვრებოდა. წვიმისგან დამცავი დარაბა ღია იყო და