თავი I. მოულოდნელი შეხვედრა მონათხრობი
ამბავი და ყველა
პერსონაჟი შეთხზულია,
პერსონაჟების ტიპაჟები კრებსითი ხასიათისაა,
რეალურ მოვლენებთან
და პიროვნებებთან
დამთხვევა შემთხვევითია.
თბილისურ ხვატში მოლივლივე და ქალაქელებისაგან თითქმის დაცლილი ქუჩები მზის მცხუნვარებისაგან გარინდულიყვნენ და ფერისცვალებას მოუთმენლად ელოდნენ. ხეები სიცხისაგან გამხმარი ფოთლების შემოძარცვას ცდილობდნენ და მხურვალე ნიავს ტოტებს აგებებდნენ...
აგვისტოს ერთ ადრიან და მზის მწველი სხივებით უხვად გაჯერებულ დილით, მეტრო დიდუბის მიმდებარე მოედანზე ჩამწკრივებულ თეთრ მიკროავტობუსებთან შეკრებილი, სამგზავროდ გამოწყობილი ადამიანები ჯგუფებად იდგნენ, თავაწყვეტილ მნათობს ემალებოდნენ და ცხოვლად საუბრობდნენ.
მოედანზე შეჯგუფებულ ხალხს საქმიანად ათვალიერებდა და ყურადღებით აკვირდებოდა განცალკევებით მდგომი ახალგაზრდა კაცი – – – ლევან ლაშხი – – – სპორტული აღნაგობის, მაღალი, სიმპათიური მამაკაცი, მუქი თაფლისფერი თვალებითა და სწორი, მოკლედ შეჭრილი წაბლისფერი თმით. მოულოდნელად მისმა მახვილმა მზერამ უამრავ ადამიანში ახალგაზრდა ლამაზი ქალის ნაცნობი სილუეტი შეამჩნია და მასში სიყრმის მეგობრის სახე ამოიცნო. ლაშხი ქალმაც შენიშნა და ღიმილით მისკენ გამოეშურა.
– – – ოოო, ამას ვის ვხედავ?! – – – ხელები გაშალა და სიხარულით წამოიძახა ლევან ლაშხმა. – – – თანამედროვეობის უდიდეს ჟურნალისტს და ცოცხალ ლეგენდას გულითადად მივესალმები! სად დაიკარგე, გოგო, რატომ მოგვისპე ტელეეკრანზე შენი მშვენების ხილვისა და ტკბილი ჟღურტულის მოსმენის ბედნიერება, ა? მაყურებელს შენი მომნუსხველი ღიმილი, მწვანედ მოელვარე თვალები და ჭრელი დალალები მოენატრა!
– – – შენ კი მოისპე მართლა, – – – ლაშხი მეგობრულად გადაკოცნა და სიცილით უპასუხა რეიტინგული ტელეარხი „ TV – საზოგადოება “ – ს ცნობილმა ჟურნალისტმა ნინო კობაიძემ, – – – 10 წელია არ მინახავხარ, მაგრამ ისევ ისეთივე ლაქლაქა ხარ, როგორიც სტუდენტობისას იყავი. ეგეთი ენაალესილი რომ არ იყო, რა გეშველებოდა, კალიები ხომ შენს მაზალო თავზე სულ სკუპუნ – სკუპუნით იხტუნავებდნენ!
– – – აქ რა გინდა, ნინო, ქვეყნის თვალის ჩინო? – – – ფართოდ იღიმებოდა ლაშხი.
– – – კარგი რა, გეყოფა, – – – უხერხულად შეიშმუშნა კობაიძე, – – – შვებულებაში ვარ, სტეფანწმინდაში ნათესავები უნდა მოვინახულო და თან გერგეტის სამების მოლოცვაც მინდა. თუ მოხერხდა, მე და ჩემი ოპერატორი ტაძრის შესახებ სიუჟეტის მომზადებასაც ვაპირებთ.
– – – ხოო?! – – – ყასიდად განცვიფრდა ლაშხი. – – – მეგონა სადმე „ ფირმაში “ „ სვეცკურად “ „ დააპაეზდკებდი “ .
– – – „ ფირმაში “ უკვე „ ვისვეცკავე “ , პარიზი, რომი და ბარსელონა „ დავკრუგე “ , ორი დღეა, რაც ჩამოვედი. ჩემმა დაქალმა ეს ტურისტული მარშრუტი მირჩია და მეც აქეთ გამოვქუსლე, აქაურობა ევროპას ნაღდად მირჩევნია.
– – – აბა რააა! – – – აზრის მოწონებისა და პატივისცემის ნიშნად, კობაიძეს ხელი ჩამოართვა ლაშხმა, – – – Viva Georgia!
– – – შენ რაღა გინდა აქ? – – – ლაშხის მხარზე გვერდულად და დაუდევრად მოგდებულ ზურგჩანთას ცერად გადახედა კობაიძემ, – – – რაო, შენც ნორჩ ტურისტთა ამქარს ხომ არ შემოუერთდი?
– – – დიახაც! – – – მხიარულად მიუგო „ ნორჩმა ტურისტმა “ , – – – მთებში გასეირნება, ფილტვების სუფთა ჰაერზე განიავება და კამკამა ნაკადულით დაწყრულება მაწყენს თუ რა? თანაც, – – – დასერიოზულდა ლაშხი, – – – მეც მინდა გერგეტის სამებას მივეახლო და ცოდვები მოვინანიო.
– – – გამოდის, რომ შენც ამ მიკროავტობუსით მოდიხარ?
– – – კი ბატონო, წამოვალ, შენს საზოგადოებაში ყოფნას რა სჯობია! ისე, „ შორეთს “ აი იმ 5 მიკროატობუსისაგან შემდგარი „ ქარავანი “ მიდის და შეგვიძლია ნებისმიერი მათგანით გავემგზავროთ.
– – – ჰოო?! კარგია! მიხარია, რომ შეგვხვდი, – – – გაიღიმა კობაიძემ, – – – მითხარი რას საქმიანობ, როგორ ცხოვრობ, რაღაც ჟურნალისტიკაში ვერ გხედავ, პროფესია შეიცვალე?
– – – უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აქ შესაფერისი სამსახური ვერსად ვიშოვე და საზღვარგარეთ სამუშაოდ წავედი, – – – დამნაშავის სახით მხრები აიჩეჩა ლაშხმა, – – – ერთი თვეა დავბრუნდი.
– – – ისევ მიდიხარ?
– – – რა ვიცი, გააჩნია საქმე როგორ აეწყობა... თუ ნორმალური სამსახური მოვძებნე, დავრჩები.
– – – ჩვენთან წამო, უფროსობას ვთხოვ და რამეს მოგიხერხებენ.
– – – ეეე, – – – ხელი ჩაიქნია ლაშხმა, – –