მშვიდი ზღვა, მოწმენდილი ცა, მცხუნვარე მზე; მოვარდნილი ტალღები ნაპირს, სველი ქვიშა. ძრწოლა, შიში, ვნება იდუმალი, დუღილი სისხლის. ადამის მოდგა ეკვეთება ტალღებს, ბრძოლა ფარული ვნებასა და ზღვას შორის. მეწამური მზე აღვივებს ჟინს, მოლივლივე ტალღები ჩაიტანს ვნებას, მაგრამ კვლავ იფეთქებს ვნება შეუცნობელი, დაბინდულ გონებას წალეკავს მოვარდნილი სისხლი და აზვირთდება გონება კაცის, აღიმართება სალი კლდესავით შეუვალი სხეული, ჭიდილი, ჟინი, სიკვდილის აჩრდილი ტალღებს შორის, ბრძოლა დაუნდობელი. დამარცხებული ზღვა, დაუმარცხებელი ადამიანი, სიცოცხლე.
მზე დაიღალა უაზრო ბრძოლის ცქერით, ნელ-ნელა ჩაესვენა ზღვაში. ზღვაც დამშვიდდა, ადამის მოდგმამ მოიკლა ბრძოლის ჟინი, ღამეს დაუტოვა ზღვა. ზღვა მოაპობს ტალღებს ბედნიერი, მაინც დაუმორჩილებელი, მაინც იდუმალი, მაინც უსაზღვრო. ლამპიონებითა და მთვარის შუქით განათებულ ქალაქს ლირიული სიმღერის ჰანგები ეფინება. ვარსკვლავებით დამძიმებული ცა, სავსე მთვარე. დაცლილი სანაპირო, მხოლოდ რამდენიმე კაცი ზედმეტად რომანტიკოსები.