ბაღი გავაშენე სიზმარში, უცხო ყვავილებით, მშვენიერი ვარდებით - ნამდვილი ედემი. ჯიშის და წარმომავლობის გარკვევა ადამიანის მიჭირს, ყვავილებს რას გაუგებ - საოცარი სილამაზე კი იდგა ეზოში, ჭიშკრიდან სახლამდე, ეზოს ორივე მხარეს, უცხო, სხვადასხვა ფერის ყვავილები და ვარდები მონაცვლეობით ჩამორიგებულიყვნენ. ფერთა სიუხვე და გამათა სიჭრელე, დილის ცვარით დანამული ფოთლები: სამოთხე!
როგორც იქნა ვიხილე სამოთხე!
როგორი უბრალო, მარტივი და მშვენიერი ყოფილა. გააშენებ ლამაზ ყვავილებს და თავს ედემში იგრძნობ. ლამაზი წამი მოვპარე სიზმარს. გადის დრო და სიზმარს კვლავ ვნახულობ. ზუსტად იმავეს, არც არაფერი შეცვლილა - ჩემი ეზო და ყვავილები: სილამაზე, სილამაზე და ბედნიერების განცდა სილამაზის ხილვისა. ისევ გადის დრო, ალბათ, ერთი თვე, სიზმარი მეორდება. ფოტოგრაფს კადრი რომ გაუფუჭდება და ერთ და იმავე პოზას რამდენჯერმე იღებს დაახლოებით ისეა: ყვავილები, ჩემი ეზო, სახლამდე მისასვლელი ბილიკიც კი ყვავილებითაა მორგული.
სამოთხე ვიხილე - თქო უკვე ვთქვი. არც ასე ყოფილა საქმე. მარტო სამოთხე არ არის ეს: ნიშანია რაღაცის. ფიქრი უნდა ამას, განსჯა და დაფიქრება. ვფიქრობ. ერთი დღე ვიფიქრე, ერთი თვე ვიფიქრე, ერთი წელი ვიფიქრე, როცა ფიქრის მეორე წელი დაიწყო და სიზმარი მეათეჯერ განმეორდა, ფიქრი შევწყვიტე.
მისით მოვიდა აზრი, როგორ მოვიდა და საიდან არ მახსოვს. აზრის მოსვლასთან ერთად სიზმრის ინტესივობამაც იკლო და ბოლოს დამივიწყა სიზმარმა. გამიხარდა. აზრის სისწორისთვის მიმიგნია: ნამდვილია და ჭეშმარიტი. ადვილი დასანახი იყო. ადამიანის ბუნებაში ჩაბუდებული დიდი ცოდვა - ამპარტავნება, არ მაძლევდა შეცნობის ნებას. დაინახე ის, რაც შენს ირგვლივაა, ხელით შეეხე მას, რასაც შეგიძლია ხელით მიწვდე, შეიგრძნო ის, რასაც მხოლოდ შენი სხეული თუ შეიგრძნობს.
მიწა! ნეშომპალიანი ბელტი ჩამეფშვნა მუჭში. თბილი ყოფილა. ჩავიცუცქე თეთრი ბლის ძირში, ბეჭით მივეყრდენი ხეს. ჭიანჭველა ამაცოცდა ხელზე. მიწაზე დავსვი. მიწა. მზის სხივი ჩამოცურდა ციდან და ერთადერთ ვარდს, ჩემი ეზოს მშვენებას დაადგა თავზე. ლამაზი ყოფილა ვარდიც. ცას ავხედე - სამშვენის ქვეყნიერებისას. შავ - თეთრი ორმოები მონაცვლეობოთ განფენილიყო ცის კიდურზე. ცხოვრებაც ასეა, შავს ენაცვლება თეთრი, სიხარულს - მწუხარება. იქ, სადაც მე ვეძებდი, მხოლოდ შავი იყო, კიდევ რუხი ფერი, გარდამავალი შავსა და თეთრს შორის. სიხარული განცდაა წარმოსახვის, წუთიერი და დაუკმაყოფილებელი. სადაც მე ვეძებდი არ იციან სიხარული, მხოლოდ გონებას ემონებიან, გონებაა წარმართველი ცნობიერების, ცნობიერება მეტაფიზიკური აზროვნების სიღრმეების მქექავი, მაგრამ ბოლოს ვერაფრის შემცნობი. დავიღალე და ვერც ვერაფერი ვიპოვე.
აქ არის მიწა. დავყნოსე ბელტის ნაფშვენი, სინოტივის სუნი ვიგრძენი, ისეთი შლამს რომ აუდის ნაწვიმარზე. რატომ უნდა გამოიგონო გრძნობა, ვის ჭირდება გამოგონება, როცა ცხოვრება ასე უბრალოა და მარტივი. დააკვირდი! ვუბრძანე თავს.მივიწყებული ინსტიქტები მოიძებნე ( თუკი საერთოდ გქონია), სხვადასხვა აზრების აბსურდისგან განთავისუფლდი, უბრალო და ჯანსაღ ადამიანებს დააკვირდი! დავაკვირდი. ჯერ არაფერი, სრულიად არაფერი - ამრეზით გავიხედე გვერდზე.
რომანტიკოსი ვიყავი და ნიჰილისტი - დავწერე კიდეც. რეალისტი ვიყავი და ნიჰილისტი - წერის სურვილმა ისევ შემომიტია. ეხლა ნიჰილისტი ვარ და ისევ ნიჰილისტი, ჩემს თავში ახალი ადამიანი აღვზარდე. ვნახოთ რა გამოვა, მეც მაინტერესებს. გულგრილად ვუყურებ ფაქტებს, მხოლოდ აღვნუსხავ გონებაში და როგორც ნიჰილისტს შეფერის,იმედგაცრუებული, გულგატეხილი და ოდნავ მთვლემარე გონებით ვეჭიდები კალამს.
ფოთოლი შევაწყვიტე ბალს, პირში გავიჩარე პაპიროსივით. შიშველ ფეხზეც ამომაცოცდა ჭიანჭველა და წვივზე მიკბინა. იქვე მივასრისე თავხედი. გამეცინა. საბოლოოდ ჩამოვყალიბდი ნიჰილისტად. მეც ისეთივე ვარ როგორც სხვები, მათ არ იციან რა ჭირთ, მე მივხვდი, მივხვდი და შემეშინდა. ეს არის ადამიანის განწყობის ბოლო ზღვარი, რომელიც შევიცანი და რომელმაც შემზარა.
_ გამარჯობათ! - ქუჩიდან დამიძახეს ბავშვებმა. ახლად გაწყობილი ანკესი ორს მხარზე გადაედო, მესამე ფლოსტების ფრატუნით მისდევდა უფროსებს. პატარა ხან ერთ ანკესს ჩაეჭიდებოდა, ხან მეორეს. უფროსებმა დაუცაცხანეს, პატარამაც შეუშვა ხელი და გაბრაზებულმა ზაფხულის ხვატისგან დარბილებულ ასფალტზე ხის ჯოხით შავი ზოლი მოხაზა. ეხლა ქუჩის განათების ბოძზე აცოცდა, იქედან დაემანჭა ბიჭებს. არც კი მიუხედავს უკან, პატარა ჭინკა ფეხშიშველი მირბის ცხელ ასფალტზე, ცალი ხელით ფლოსტები უჭირავს, მეორეთი პატარა ტომსიკა - ჭიებით სავსე კოლოფით.
ვუყურებ ბავშვებს და რატომღაც ჩემი სიზმარი მახსენდება. ზოგჯერ ხდება ასე, ფიქრი იქ მოდის, სადაც ალოგიკური უფრო მეტია, ვიდრე ლოგიკური. რატომ გამახსენდა სიზმარი, ბავშვებმაც რატომ ჩამოიარეს ეხლა ქუჩაში? რაღაც მენიშნა. დაგვიანებით შევაწიე ბავშვებს ,,გამარჯობა’’. არც გაუგიათ. სიგნალით ჩაიარა ლურჯმა ჯიპმა ჩემს ჭიშკართან და ბავშვების ხმა გადაფარა.
სახლში შევედი. ჩემი ოთახის კარი ჩავიკეტე, შუქი ავანთე - მეტი ინტიმისთვის, რატომღაც ფურცელი და კალამი მოვიძებნე. გონება აბსოლიტურად თავისუფალია, მხოლოდ ინსტიქტები. . . რომანტიზმი იყო, რეალიზმიც იყო, ეხლა მხოლოდ ინსტიქტები და ცივი გონება.
თუ ამ ღამესაც ჩემი სიზმარი ვნახე, საბოლოოდ ვირწმუნებ ნიშანს. არასოდეს არ ყოფილა ასე ლამაზი ჩემი სიზმარი. მთელი ეზო ყვავილებით იყო სავსე, კიბის სახელურზეც აცოცებულიყო წითელი ვარდი, სადარბაზოს კარებს სუროსავით შემოხვეოდა. პატარა ბიჭი გვირილების მწკრივში იდგა, რეზინის ბურთს მაღლა ისროდა და ისევ იჭერდა. შემეშინდა ფეხით არ გაეთელა ჩემი ყვავილები. დავუძახე. ბიჭი ამოძვრა გვირილებიდან, ბურთი მესროლა, დავიჭირე. პატარა ჭინკამ ასკინკილით ჩამოუქროლა ვარდების მწკრივს, ქრიზანთემების ჩრდილში ჩამალულ უფროსს ბიჭებს რაღაც ჩასძახა, ისინიც ამოძვრნენ ყვავილებიდან, პატარას ხელი ჩაკიდეს და . . . გაქრნენ.
გამეღვიძა.
საბოლოოდ ვირწმუნე აზრის სისწორე.
ჩემს ერთადერთ ვარდს, გვერდითი კოკრები გამოეღო, ალბათ, ხვალ გაიშლება.
დილის ცვარს დაეორთქლა გამომშრალი ბალახი. ბარის პირით ამოღებული ბელტი ლოყაზე მივიდე, მაინც თბილი იყო მიწა. ბელტი ბელტს მივუწვინე, ბადრიჯნის სუსტი ნერგი სიმძიმეს რომ არ გადაეზნიქა.
ისევ გამახსენდა ჩემი სიზმარი, ბავშვები და თბილი მიწა.
. . .
. .