გამარჯობა! რა შესანიშნავი სიტყვაა ეს „გამარჯობა“!
თუ ხელში ეს წიგნი გიჭირავთ, მაშინ, დიდი ალბათობით, მშობლად გახდომისთვის ემზადებით, ან, შესაძლოა, თქვენს სახლში უკვე ცხოვრობდეს ცქნაფა ან შედარებით მოზრდილი ანგელოზი. ეს წიგნი მთელი ოჯახისთვისაა განკუთვნილი. ბავშვისა და მშობლის პრობლემები განცალკევებით როდი არსებობს. თუკი ოჯახში რაიმე საქმე გამოჩნდა, მის კეთებაში ყველა ერთად უნდა ჩაერთოს. მაშინ ეფექტი განსაკუთრებით სწრაფი და თვალსაჩინო იქნება. ამ წიგნში ბევრი რჩევა, რეცეპტი, მეთოდიკაა თავმოყრილი საიმისოდ, რომ გავუგოთ ჩვენს შვილებს და დავეხმაროთ, რათა ისინი თავდაჯერებულები, ჯანმრთელები და ბედნიერები აღიზარდონ, რომ არ შეექმნათ პრობლემები, მაგრამ თუკი მაინც შეექმნებათ, თქვენ მიხვდებით, რანაირად გადაჭრათ ისინი სწრაფად, ყველასთვის უმტკივნეულოდ და შეიტანოთ მცირეოდენი სინათლე და სიმსუბუქე დატვირთულ და მოუსვენარ ყოველდღიურობაში.
წიგნის პირველი ნაწილი - „ბავშვთმცოდნეობა“ შეიცავს აუცილებელ თეორიულ ცოდნას ბავშვთა ფსიქოლოგიაში. ეს გახლავთ ბავშვთა ფსიქოლოგიის თავისებური კონსპექტი მშობლებისთვის. მასთან ერთად თავს უფრო თამამად და კომფორტულად იგრძნობთ სხვადასხვა ოჯახურ სიტუაციაში. ამ ნაწილში მოთხრობილია ბავშვის ტემპერამენტზე, მის მოდალობაზე, ასაკობრივ კრიზისებსა და სხვა თემებზე...
მეორე ნაწილში - „როგორ გავაღიმოთ „გაუცინარი ხელმწიფე“ თქვენ იპოვით კონკრეტულ რეცეპტებს, მეთოდიკებსა და სასარგებლო ლიტერატურის ჩამონათვალს.
და ბოლოს, ამ წიგნის მესამე თავი - „მოზრდილთა ცხოვრების საიდუმლო გზები“ ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. ამ ნაწილის ბავშვთან ერთად კითხვისას თქვენ მოახდენთ სხვადასხვა სახის საგანგაშო და ნეგატიური გამოვლინების ტრანსფორმირებას. ბავშვები კითხვის, თამაშის, საიდუმლო ისტორიებისა თუ ზღაპრების განცდა-გათავისებისას შეძლებენ შემზადებას „მოზრდილთა სივრცეში“ გასასვლელად. „საიდუმლოებები“ დაეხმარება მათ ამა თუ იმ „ბუტიაობების“, „წყენიაობების“, „მტკივნეულობების“, „ჭირვეულობების“, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის დაძლევაში, საკუთარი თავის წარმოჩენაში...
ჯადოსნური ჯოხი თქვენს ხელთაა - შექმენით! თქვენ აუცილებლად გამოგივათ! საოცრებებსა და ყოველივე სიკეთეს გისურვებთ!
P.S. წიგნის „მოზრდილთა“ ნაწილი იწყება და სრულდება თავისებური კოდექსით მშობლებისთვის. შეადარეთ ერთმანეთს ამ ტექსტით გამოწვეული შეგრძნებები წიგნის წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეიცვლება.
მაშ ასე, დავიძრათ! მსუბუქ და ნათელ მოგზაურობას გისურვებთ თქვენი შვილისა და თქვენივე თავისკენ მიმავალ გზაზე.
გამარჯობა!