წინასიტყვაობა
კლოდ ფრედერიკ ბასტია 1801 წელს დაიბადა საფრანგეთის ბასკეთის საპორტო ქალაქ ბაიონში და 1850 წელს გარდაიცვალა იტალიაში, ქალაქ რომში. ცხოვრების უდიდესი ნაწილი ქალაქ მიგრონში გაატარა, ხოლო სიცოცხლის ბოლო წლები - პარიზში, სადაც ჯერ ეკონომიკურ ჟურნალ LLLe Libre Échange-ს („ვაჭრობის თავისუფლებას“) გამოსცემდა, ხოლო 1848 წლიდან გარდაცვალებამდე საფრანგეთის პარლამენტის წევრი იყო.
ბასტიამ მეურნეობის მართვის შესწავლას ახალგაზრდობაშივე ეკონომიკის შესწავლა ამჯობინა. ისტორიამ მას საკადრისი პატივი მიაგო. იგი ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სახელმწიფოს ჩაურევლობის მომხრე იმ ფრანგი ლიბერალების მოწინავე წარმომადგენლად აღიარეს, რომლებსაც ჟან ბატისტ სეი, ჟაკ ტიურგო, ალექსის დე ტოკვილი, კონდენსიე და სხვები განეკუთვნებიან. ინტელექტუალურად, ის თანამედროვე პოლიტიკური მსოფლმხედველობა „ლიბერტარიანიზმის“ ერთ-ერთ წინამორბედად და ე.წ „ავსტრიული ეკონომიკური სკოლის“ წინამორბედად მიიჩნევა.
მან კალამი საკმაოდ გვიან, 1844 წელს, მისი მეგობრისა და თანამოაზრის რიჩარდ კობდენის გავლენით მოსინჯა, როდესაც ეკონომიკურ ჟურნალ Le Libre Échange-ის („ვაჭრობის თავისუფლების“) რედაქტორი გახდა. იოზეფ შუმპეტერის აზრით, ის „ყველაზე დიდებული ჟურნალისტია, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია“.
ბასტიამ მრავალმხრივი მემკვიდრეობა დატოვა:
- როგორც ეკონომისტმა, რომელიც გამჭრიახობით გამოირჩეოდა. მან თანადროულ ეკონომიკურ მეცნიერებაში ძირეული სიახლე შეიტანა, როდესაც ეკონომიკის განვითარების საფუძვლად მომხმარებელი, ანუ ხალხი მიიჩნია და ყურადღება მიაქცია, რომ ხილულ შედეგებს ფარული დანახარჯები ახლავს. შეუპოვრად იცავდა პირადი არჩევანის, ნებაყოფლობითი საქონელგაცვლისა და მეწარმეობის თავისუფლებას სამთავრობო ჩარევისა და სუბსიდიების წინააღმდეგ;
- როგორც ფილოსოფოსმა, პირადი თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის საფუძვლად ეთიკური ნორმების აღიარებით თანამედროვე ლიბერტარიანიზმის ინტელექტუალური საფუძვლები მოამზადა;
- როგორც მსაჯული, სამართლიანობითა და შეუვალობით გამოირჩეოდა;
- როგორც პოლიტიკოსმა, რომელსაც განჭვრეტის დიდი უნარი ჰქონდა, ძალაუფლების დანაწილების აუცილებლობა და მთავრობის ფუნქციების შეზღუდვის უპირატესობა დაასაბუთა. სახელმწიფო ხარჯების ზრდისა და უსამართლო ხარჯვის წინააღმდეგ გაილაშქრა. კოლონიალიზმი და მონობა გააკრიტიკა. აგრეთვე მოითხოვა, პარლამენტის წევრებს მინისტრობის შეთავსების უფლება არ ჰქონოდათ, სახელმწიფო მოხელეთა რიცხვი შეეზღუდათ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალებსაც მიეღოთ მონაწილეობა;
- როგორც მწერალმა, რომელსაც სხარტი ენა და გასაოცარი იუმორი ჰქონდა, კაცობრიობას დაუტოვა ფასდაუდებელი ნაშრომები, რომლებიც მსოფლიოს მრავალ ენაზე ითარგმნა და დღემდე გამოიცემა. დრომ აჩვენა, რომ მისი ნაშრომები ყოველთვის და დღესაც კი ისეთივე თანამედროვეა, როგორიც დაწერისას იყო. დრომ ისიც აჩვენა, რომ მისი ეკონომიკური და პოლიტიკური წინასწარმეტყველებანი, მათ შორის პროტექციონიზმის, სოციალიზმისა და კომუნიზმის კრიტიკა, სრულიად საფუძვლიანი და სამართლიანი იყო.
ქართველმა მკითხველმა კლოდ ფრედერიკ ბასტია პირველად 1863 წელს, ანუ 152 წლის წინ გაიცნო, როცა ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალ ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მე-8 ნომერში გამოქვეყნდა ნაწყვეტი მისი ნაშრომიდან „ეკონომიკური ჰარმონია“, სახელწოდებით „მძარცველობის ფიზიოლოგია“.
„არის ერთი პატარა წიგნი, დაწერილი გამოჩენილი ფრანციის ეკონომისა ბასტიასაგან: ეკონომიკური სოფიზმები. თუმცა მთელი წიგნი ფრიად საგანგებო რამ არის და სასარგებლოცაა როგორც ყველასათვის, ისე ჩვენთვისაც, მაგრამ მე იქიდამ ამოვიღე მარტო ერთი ნაწილი - „მცარცველობის ფიზიოლოგია“, რომელიც უფრო მეტად მოედგმის ჩვენს ცხოვრებას და რომელმაც იქნება გვიშველოს, ზოგიერთი რამე გავიგოთ და ამით ჩვენთვის უნაყოფო არ იქმნეს“, - ვკითხულობთ აღნიშნული ნაწყვეტის განმარტებაში.
ილია ჭავჭავაძეს შემდგომშიც არაერთგზის აღუნიშნავს ხაზგასმით ვაჭრობის თავისუფლების, ანუ ე.წ. „ფრიტრეიდერობის“ მნიშვნელობის შესახებ და შესაძლოა, ფრანგი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ილიასი არ იყოს, - მეწარმე, მწერალი და პოლიტიკოსი გახლდათ, ილიასვე ლიბერალურ შეხედულებათა ჩამოყალიბების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური წყაროც კი იყო.
ფრედერიკ ბასტიას ნაშრომები „კანონი“ და „ის, რაც ჩანს და ის, რაც არ ჩანს“ ქართულად 2007 წელს ითარგმნა და გამოიცა „ახალი ეკონომიკური სკოლა – საქართველოს“ მიერ ვაშინგტონში მდებარე „კატონის სახელობის ინსტიტუტის“ მაშინდელი საერთაშორისო ურთიერთობების ვიცე-პრეზიდენტის, დოქტორ ტომ პალმერის, ინიციატივითა და მხარდაჭერით (დოქტორი პალმერი ამჟამად „კატონის სახელობის ინსტიტუტის“ წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი და ვაშინგტონშივე განლაგებული „ატლასის ქსელის“ ვიცე-პრეზიდენტია საერთაშორისო ურთიერთობებში). მისი აზრით, რომელსაც მეც ვიზიარებ, ბასტიას სიბრძნე, რომელიც შეუფასებელია, რაც შეიძლება მეტ ენაზე და რაც შეიძლება სრულყოფილად უნდა ითარგმნოს.
რატომ არის ბასტიას ნაშრომები ფასდაუდებელი?
უბრალოდ იმიტომ, რომ მის ესეებსა და პამფლეტებში ლოგიკურად, სხარტად, ცხოვრებისეული მაგალითებითა და გონების გამაცოცხლებელი იუმორით არის ახსნილი საზოგადოების წარმატებათა მიზეზები, პიროვნული თავისუფლებისა და კერძო მესაკუთრეობის მნიშვნელობა.
ბასტიას მთავარი დამსახურება ეკონომიკური მეცნიერების გახალხურებაა: მან შეძლო მოეძებნა ენა და ლიტერატურული ხერხები, რომლებიც ყველასთვის და ყოველ დროში გასაგები აღმოჩნდა. იგი მრავალ თემას შეეხო: მცდარი ეკონომიკური წარმოდგენების მხილებას „ეკონომიკური სოფიზმები“ მიუძღვნა; პროტექციონიზმის კრიტიკას - „მესანთლეთა პეტიცია“; ბიუროკრატიულ უსამართლობას - „გადასახადების ამკრები“;