პესიმიზმის მგალობელი
დიდი გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენ ჰაუერი მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს დაიბადა - 1788 წელს. ეს საოცარი ხანაა გერმანულ და, საერთოდ, მთელ დასავლურ კულტურაში. გერმანიაში ერთმანეთის გვერდით სუნთქავენ და აზროვნებენ კანტი, გოეთე, შილერი... ასაფრენად ფრთებს ისწორებენ ჰოლდერლინი და ჰეგელი. ჰაერი გაჟღენთილია დიდი ბერძნული მითოსით, რისი თაყვანისცემაც ვინკელმანმა დანერგა და ანდერძივით დაუტოვა შთამომავლობას. ელინურ კულტურაში მათ ხიბლავთ თავისუფალი აზროვნება, უჩვეულოდ ლაღი და თვითკმარი წარმოსახვა; და ერთიც - გმირული კვეთება სულის. მათ სწამთ: ადამიანი უნდა დაიფერფლოს თავისუფლებისათვის. გერმანელთა ამ იდეალისტურ ნაპერწკალს საფრანგეთი დენთის კასრივით დახვდა. როცა პატარა არტური გერმანიის ქალაქ დანციგში გამჭოლი მზერით ეცნობოდა ცასა და მიწას, საფრანგეთში უკვე ქვემეხები გრიალებდნენ. ადამიანებს ძველთაგანვე მოსდგამთ ცთუნება: თავისუფლებას ეწიონ ყველაზე ადვილი გზით - თოფით. ამას ცდილობენ, რაღაი თავისუფლებისკენ მიმავალი ნამდვილი გზა მეტისმეტად ეძნელებათ. ეტყობა, თოფის სროლა ადამიანური საქმეა, ხოლო აზროვნება და შემეცნება - ზეადამიანური. ადამიანის ტვინი არა კმარა აზროვნებისათვის. ამ საქმისათვის პლატონის, გოეთეს, შოპენჰაუერის ტვინია საჭირო. ორგვარი თქმულა აზროვნება: მზიანი და ღამეული. მზიან აზროვნებაში სიცოცხლის საიდუმლოებაა დაუნჯებული. ის სიცოცხლის ნაპერწკლისგანაა აგზნებული. ამიტომაც სულსა და გულს უნათებს ადამიანს; ნუგეშს მოჰფენს და აიმედებს მას. ეს იგივეა ადამიანისათვის, რაიც ლაშქრული შემოძახილის გაგონება დათრგუნვილობის ჟამს. ასეთი მოაზროვნეები მახარობლები არიან. ასე ახარებდა იოანე უსასოობით დათრგუნულ ადამიანს მაცხოვარის მოახლოებას, ხოლო მოსე უდაბნოებით გაწამებულ უშქარ ბრბოს აუწყებდა აღთქმულ მიწასთან მიახლოებას. ნამდვილად არსებობდა კი ეს მიწა? ეს თვით დიდი რჯულისმდებლის პირადი საიდუმლოებაა. სხვაა ღამეული აზროვნება, რაიც გაუთენებელ წყვდიადიდან იფეთქებს. პირქუშ მოაზროვნეს არა სწამს სინათლე; სიბნელის ნაწილად და ფრაგმენტად ეჩვენება იგი. ამიტომაც წყვდიადისკენ მიაპყრობს ადამიანთა მზერას. მათი თვალი უნდა მიეჩვიოს ბნელში ხედვას, რათა სწორად გაიარონ გაუთენებელ წუთისოფელში. სინათლე სიცრუეა. მხოლოდ წყვდიადია სინამდვილე. ადამიანებმა თვალი უნდა უსწორონ მას - ერთადერთ სიმართლეს; და თუ გაუძლეს, იცხოვრებენ მარად. შოპენჰაუერი წყვდიადის მოაზროვნეა. მისი მოძღვრების და თვით მისი პიროვნების ბედი სწორედ ამან განსაზღვრა. ბედნიერი მომავლის სულელურ მოლოდინში ჩაფლულ დასავლეთს მან სილასავით გააწნა თავისი უკვდავი ნაშრომი "სამყარო ვითარცა ნება და წარმოდგენა". ამ წიგნში ეწერა ის, რაც არის ცხოვრება, სინამდვილე. თითქოს ღამეს მიეპარნენ და ზედმიწევნით ზუსტი სურათი გადაუღეს. ამიტომ ეს ღამის წიგნია, წყვდიადის ბიბლია. ადამიანი ღამის წყვდიადიდან მოდის. მაგრამ ადამიანთა საზოგადოება დღისით იყრის ხოლმე თავს, დღის სინათლეზე. ადამიანს ღამე ჰქმნის, საზოგადოებას დღე. ამიტომ ადამიანები შეთქმულნი არიან, ერთად გაილაშქრონ ღამის წინააღმდეგ. ასე გაილაშქრეს ზემოხსენებულ წიგნის წინააღმდეგაც. არა, იეზუიტური აუტოდაფე აქ არ ყოფილა. ოღონდ იყო უარესი - ორგანიზებული უგულებელყოფა, რასაც თვით ბატონი ჰეგელი ხელმძღვანელობდა. დაბეჯითებით ვაცხადებ: იეზუიტური აუ ტოდაფე, წიგნთა ცეცხლოვანი მკვლელობა, ბევრად უფრო ჯანსაღი მოვლენაა, ვიდრე დასავლურლიბერალური გაუფასურება წიგნისა. წიგნთა დაწვა მათი აღიარებაა და იქნებ ყველაზე შთამბეჭდავიც. დაფერფლილი წიგნები უკვდავებას ჰპოვებენ. მაგრამ წიგნთა ლიბერალური სულერთიობა მათი მკვლელობაა დაბადებამდე. ჰეგელს, მაშინდელი გერმანიის აზრთა მპყ რობელს, ცაზე და მიწაზე არაფერი დარჩენია უყურადღებოდ. მხოლოდ შოპენჰაუერი გაიტანა ფრჩხილებს გარეთ, თითქოს არც არსებულიყო. არსად, არასდროს სიტყვაც კი არ დასცდენია მასზე. ორგანიზებული და თანმიმდევრული უგულებელყოფა - აი რა გზა აირჩია მან შოპენჰაუერის წინააღმდეგ. ადამიანები სიცრუეს ითხოვენ. ამიტომ ჭეშ მარიტების ქურუმი ურჩხულივით ღრღნის მათს თავმოყვარეობას. სიმართლე სკანდალს ჰქმნის წესიერ საზოგადოებაში და ძლივს მიღწეულ წესრიგს თავდაყირა აყენებს. ის, რაც საზოგადოებას აერთიანებს და წებოთი ჰკრავს, ეს არის შეთქმულება სიმართლის წინააღმდეგ. შოპენჰაუერის გრიგალისებურ სიმართლეს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა ამ ფრანკფურტელი განდეგილის აპოლონური დიდოსტატობა. თითქოს ღამეს მზე ახლავსო თან თავისი თავის საჩვენებლად. ნიცშე ელინურ აპოლონს განმარტავდა მზედ, სინათლის წყაროდ. ხელოვნება იბადებაო მაშინ, თუ დიონისური ვნება და აპოლონური სინათლე ერთმანეთს შეხვდებიანო. მართლაც: ამ სინათლით გამოაჩენ სიბნელეს ანუ საჭრეთლით გამოჰკვეთავ წიაღისეულ გრიგალს. შოპენჰაუერი, მართლაც, აპოლონის რჩეულია - დიდოსტატია სიტყვის. ამ მხრივ, ის გოეთესა და შილერის ბადალია, მათი საძმოს წევრი. მან ისე შეუდარებლად გამოჰკვეთა ღამის სურათი, რომ ყველას შეეძლო მისი დანახვა, გაგება და მისით ტკბობა; თან სრულიად დაუძაბავად. შოპენჰაუერი კანტისა და გოეთეს ნამდვილი და ღირსეული თანამემამულეა. მასში გაერთიანდა გოეთეს მეტაფიზიკური ვნება და კანტის საბუ თიანობა, განსჯა; ანუ: გოეთეს უმშვენიერესი ჭვრეტა და კანტის უძლეველი მსჯელობა. ყმაწვილი შოპენჰაუერი გოეთეს წარუდგინა დედამ - მწერალმა იოჰანამ. გულმა გული იცნო. დინჯი ოლიმპიელი ყმაწვილს ისე ესაუბრებოდა,