ეროდი და დიანოსი
ეროდი და დიანოსი – ასე უწოდებს დედა, როგორც ადრე გაუგონია, როგორც ეძახდნენ ალბათ ძველად. არც იროდიონი ან ჰეროდე, არც დიონისე ან რა ვიცი...
ასე: ეროდი და დიანოსი.
ჩამოსულა რაჭიდან სესიკა ჭელიძე, მწარე მუშა, როგორც დღესაც ეძახიან მიწის მოყვარულ, მოჭირნახულე მუშაკს. დასახლებულა ქუთაისის მაზრაში, ბაღდათის საბოქაულო ცენტრში, საირმისაკენ მიმავალი გზის სიახლოვეს. მაშინ მთელი ეს ზედა მხარე გოგოძეებისა ყოფილა, ქვედა მხარე კოპაძეებისა. თავისი შრომით და ოფლით სესიკას შეუსყიდია მიწები გოგოძეებისგან, ცოლად შეურთავს თავად დგებუაძის ქალი და დაუსახლებია ამ მიწებზე ორი ვაჟიშვილი – ეროდი და დიანოსი.
ეროდის ჯერჯერობით ნუ მოვიხსენიებთ, დაე, მისმა დამაშვრალმა სხეულმა წყნარად განისვენოს ჩვენი წაბლარა ყანის თავზე გაშლილ სასაფლაოზე, ხოლო სულმა კეთილად იმოგზაუროს ნათლის სამეუფოში.
დიანოსი მოვიხსენიოთ. ისიც არ გამოაკლდეს კურთხეულ ნათელს!
ამ დიანოსს ეყოლა შვილები: სილიონი, სიმონი, სამსონი, მიხაკო, აბესალო და დები მათი (დები ასე, უსახელოდ).
სილიონს ეყოლა ოლღა. ოლღას ეყოლა თინა, სოსო, მაჩანია, პავლე და მარო. ვეფხვაძეები. პავლეს ეყოლა სოსო, ამირანი და დავითი.
სამსონს ეყოლა ლევანი, ვარლამი, გიგლა და სონია.
აბესალოს ეყოლა ნინა, ანიკო, თამარი, დავითი, ნიკოლოზი და სერიოჟა.
მიხაკოს ეყოლა მარუსია, თინა, ბიჭიკო და ოთარი.
სიმონს ეყოლა ელენე, ვასილი, ივანიკა (გარდაიცვალა ოთხი-ხუთი წლისა) და პავლე, რომელსაც ეყოლა დედაჩემი; წავიდა ომში, დაიკარგა. დაკარგულიც არ ეთქმის, ამაზე სხვა დროს.
და ამიტომ დედა უმადლის სესიკა ჭელიძეს, რომ ჩამოვიდა რაჭიდან ამ ბაღნარ ადგილას, დაესახლა, იშრომა, აქვე გააჩინა ვაჟები: ეროდი და დიანოსი, რომლის ერთ შტოსაც – დიანოსისას ჩამოჰყვა თვითონ (დედაჩემი) და აქვე გვშვა ჩვენც.
ჩვენს სახლს ზემოთ მარაოსავით იშლება ჭელიძეების ეზო-კარმიდამოები.
– ვარლაამ, ვარლაამ! – ეს დედაჩემია. ისე მკაფიოდ ისმის მისი ხმა ორღობიდან, ჩვენი სახლის მოშორებით, თითქოს ეზოდან იძახდეს.
– შედი, გოგო, შედი, ზედ, ოღონდ არაფერი მოიწიო, – პასუხობს ვარლამ ბიძია დედაჩემს.
მისია გვერდწითელი მსხლის ხე, რომელიც ეზოს ქვემოთ, ორღობეში უდგას. თიბათვის ბოლოს, ქველთობისას ჩატკბება მისი წვენით სავსე, დიდრონი, ყვითელი და გვერდებშეწითლებული ნაყოფი.
ჩვენ, პატარებს, ხილი-ხმილი-ტკბილი გვაკლია. ეზოს გვერდით მხოლოდ მცირე ყანა-ვენახი გვაქვს. ზაფხულის ხვატში წყნარად ირხევა სიმინდის ყვავილ-ქოჩოჩი, ყურძენიც შეთვალულია, კიტრებიც არის ხარდნებზე აკრულ-მიკუნტულები, მხოლოდ ხეხილი არ გვაქვს, ხილი-ტკბილიც ხომ გვინდა?
და დასტაცებს დედა ხელს ემალის ძრომოჟანგულ ლაგვინს, მისი სახელურის ღრჭიალ-ღრჭიალით გადავა ორღობეში.
მაშინ არ იტყვის და რომც თქვას, რას გავიგებთ, – პატარები ვართ?!
გულისკანკალით გავა გვერდწითელი მსხლის ტოტებზე, მსხმოიარე ხის კენწეროში მოექცევა. იქვე, მის თავზე, მაღალი ძაბვის სადენიც გადის, ამიტომ ამ ხეს არავინ არ ეკარება, ვარლამ ბიძია დარში ჩამოცვენილ ნაყოფს მობოჭავს, სხვა ვინ გაბედავს თავზე ხელი აიღოს და ხეზე ავიდეს?
ეს ძაბვა კიდეც გაახმობს ხეს სულ ცოტა ხანში, მოჭრიან, ცეცხლს შეუკეთებენ. ახლა კი ქარი არხევს გვერდწითელ მსხლის ხეს, შრიალებს და ჭრიალებს ხე, დედა საჩქაროდ სწვდება ყვითელ ნაყოფს, ხორცთ ცვარი ასხამს, საჩქაროდ ყრის ემალის ლაგვინში. ფეხქვეშ ტკაცუნით ტყდება წკირები, ქარი არხევს მაღალი ძაბვის სადენსაც და აჰა, უნდა შეეხოს ხის ტოტს და დედა ასწრებს ქარს ჩამოკრეფას, ასწრებს შიშს, სახელოთი ხვითქის მოწმენდას, ასწრებს ჩამოსვლას, ჩვენზე ზრუნვას, ასწრებს სიცოცხლეს.
ასწრებს პატარა, სულ პატარა, შვიდი-რვა წლისა, ავადმყოფ და მშიერ დედას ღამის ბნელში, კოპაძეების ვაშლის ხეზე გულისკანკალით დაუკრიფოს მკვახე ნაყოფი და შინ ფრთასხმული გამოექანოს, რომ გადარჩა, რომ ვერავინ დაინახა, ვერ მოჰკრა თვალი.
ასწრებს ფრანგული ენის გერმანელ მასწავლებელს, ვერა ჰელცმანს, ანბანის საჩვენებელი ჯოხი – თითა მწარედ ჩაარტყმევინოს თავში, რადგან უპატრონოა, სუსტია და სწავლაშია ჩამორჩენილი.
ასწრებს მშიერს გული შეუწუხდეს და გადაიქცეს ზევით, სამსონ ჭელიძისას, მანიჯარ ბებიას მაგიდის ფეხებთან, სადაც ისედაც ათევს ღამეს, რადგან დედამისი, იგივ ჩემი ბებია. ზუგდიდის ბაზარს არის წასული სიმინდის ტარანზე გასაცვლელად და როგორ დატოვა ასე პატარა, ასე უმწეო როგორ დატოვა?!
და ის მაინც ასწრებს სიცოცხლეს, რადგან ცხოვრება განა მარტო საწუხარია, ის მანიჯარის დიდი მჭადიდან მოტეხილი ტკბილი და მადლიანი ნატეხიც არის! კი, ვაიეთიც აქ არის და თავს დაჰყურებს ვაიეთის მთა, მაგრამ აქვეა თენებოურის მთაც და თენდება სახალისოდ, ხალისიანად და ახლო-მახლოც სიხალისოურს ეძახდნენ საყდარს, ესახლებოდა როცა სესიკა, მერე ეროდი და დიანოსი. ჭელიძე-ჭელტვაც – ესე არს კაცი, რა საქმესა ხალისიან, ზედიზედ იქმდეს. გინა ესრეთვე ალერსით შეაყუაროს თავი თვისი უაღრესსთა და ზედაზედ იახლოს (საბა) და მიჭელტვაც