ხორბალი
მოსავალი არ იქნება.
გაზაფხულის წვიმა მთვლემარე ყლორტებს გამოაღვიძებს და ნესტიანი ნეშომპალიდან ხანგრძლივი თვლემის შემდეგ ზმორვა-ზმორვით ხასხასა, მწვანე ბალახი ამოხეთქავს. როდესაც გაზაფხულს ზაფხული შეცვლის, ბალახის ღეროები ჩამუქდება და ოქროსფერ-წაბლისფრად შეირუჯება. თანდათან მეტად დაცხება და დღის ხანგრძლივობა მოიმატებს. მორევად დატრიალებული, ტყვიისფრად ჩამუქებული ღრუბლები კოკისპირულად იწვიმებენ და დედამიწაზე გამეფებულ მარადიულ ბინდბუნდში მყოფ ყავისფერ ბალახს გააბრწყინებენ. პრერიების ქარი მძიმე, თავდახრილ თავთუხებს ძირს დააწვენს და ჰორიზონტამდე გადაჭიმული ხორბლის დაუსაბამო, უსასრულო ზღვა ტალღებად შეიყალყება.
და არ იქნება ფერმერი, ვინც მოსავალს აიღებს; ვინც თუნდაც ერთ ღეროს მოწყვეტს; ვინც დაკოჟრილ ხელისგულზე ხორბლის მარცვალს მაინც დაისრესს და მისი მომაჯადოებელი სურნელებით დათვრება; არავინ იქნება, ვინც ხორბალს მოთიბავს, მარცვლებს გაღეჭავს და მათ კნაწაკნუწს შეიგრძნობს. დიდი დრო გავა მას შემდეგ, რაც ფერმერს ჭირი შეიწირავს, ხოლო მისი ოჯახიდან გადარჩენილნი უახლოეს ქალაქს მიაშურებენ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ იქ გარდაცვალებით მესამე ტალღის მილიარდობით მსხვერპლს საკუთარი თავიც მიუმატონ. ხოლო სახლი, რომელიც იმ ფერმერის ბაბუამ ოდესღაც ააშენა, მარტოსულ, გაუდაბურებულ კუნძულად იდგება ყავისფერი ელფერების უსასრულო ზღვაში. დღეები თანდათანობით დამოკლდება, ღამით აგრილდება და ხორბალს ხორშაკი აატკაცუნებს.
ხორბალი გადაურჩება სეტყვასაც, ჭექა-ქუხილსაც და ზაფხულის ქარიშხლებსაც, მაგრამ ზამთრის სიცივის წინაშე მისი იღბალი უძლური აღმოჩნდება. იმ დროისთვის, როდესაც ლტოლვილები თავშესაფარს იმ ძველ სახლში იპოვიან, ხორბალი უკვე მკვდარი იქნება, პირველი ყინვებისგან გაფშეკილ-გახევებული.
ხუთი მამაკაცი და ორი ქალი, იმ ღამემდე უცნობები ერთმანეთისთვის, უთქმელი პირობით დაკავშირებულან, რომ მათგან ყველაზე სუსტი უფრო უდრეკი იქნება, ვიდრე თავად ისინი, ყველანი ერთად.
მამაკაცები სახლის საყარაულოდ ერთმანეთს შეცვლიან ტერასაზე. მოწმენდილ, ლაჟვარდოვან ცაზე აგიზგიზებული მზე ჰორიზონტზე დაღმასვლას დაიწყებს და ბაცი ყავისფერი ხორბლის თავთუხებს მოციმციმე, ოქროსფერ ნათელში გახვევს. თუმცა ღამეები ძვალ-რბილის გამყინავ სუსხს ერთბაშად მოიტანს მთელ დედამიწაზე და ვარსკვლავთა ჩახჩახი დღისით ოქროსფრად მოელვარე ხორბალს ამჯერად ვერცხლისფერ, ყინულოვან ნათელში ჩაძირავს.
მექანიკური სამყარო მოკვდება. მიწისძვრები და ცუნამები კონტინენტების სანაპიროებს აღგვიან პირისაგან მიწისა. ეპიდემია მილიარდებს შეიწირავს. ტერასაზე მდგარი დარაჯი ხორბალს მიაჩერდება და გაიფიქრებს: ამჯერად შემდეგი რა იქნება.
დილით კი მამაკაცი იხილავს, თუ როგორ ირწევა მკვდარი ხორბალი და მიხვდება, რომ მისკენ ვიღაც მოდის, ვიღაც მოაბიჯებს ძველი ფერმისკენ. მამაკაცი სახლში მყოფთ უხმობს, გარეთ ქალი გამოვა და გვერდში ამოუდგება. ორივე დაინახავს, თუ როგორ ქრება ჰორიზონტზე ხორბლის მაღალი, ყავისფრად დაბრაწული ღეროები ერთიმეორის მიყოლებით, თითქოს პლანეტა თავის აღმონაცენს უკან ყლაპავსო. იმ ვიღაცას თუ რაღაცას ყანის ზედაპირი დაფარავს და ისინი მას ვეღარ დაინახავენ. მამაკაცი ტერასას მოშორდება და ხორბალს შაშხანას მოუმარჯვებს. ქალი ტუჩებზე ხელს აიფარებს. მამაკაცი შაშხანამომარჯვებული გაჩერდება, ქალიც - ტუჩებზე ხელაფარებული და ყველა დანარჩენი სახლში ფანჯარაზე სახემოჭყლეტილნი. არც ერთს სიტყვა არ დასცდება. დაელოდებიან, როდის გადაიწევა ხორბლის ფარდა.
და, როდესაც ეს მოხდება, ისინი ბავშვს დაინახავენ და ასე დასრულდება დაძაბული მოლოდინი. ქალში, ტერასაზე რომ იდგა, დედობრივი ინსტინქტი გაიღვიძებს, გარეთ გამოვარდება და მამაკაცს შაშხანის კონდახზე ხელს აუკრავს:
- ის ხომ ბავშვია, ბავშვს ესვრი?
მამაკაცს სახე ერთდროულად გაუბედაობითა და რისხვით მოექცევა. რისხვით იმიტომ, რომ გაიხსენებს, როგორ გაყიდა ყველამ და ყველაფერმა, რასაც კი მიენდო.
- რა ვიცით? - იკითხავს კაცი და რისხვით ანთებულ სახეს ქალისკენ მიაბრუნებს. - როგორ შეგვიძლია რამეში დარწმუნებულები ვიყოთ ამიერიდან?
ბავშვი წაიბორძიკებს და თავთავებში დაეცემა. ქალი ხმაამოუღებლად მისკენ გაიქცევა და ბიჭის ჭუჭყიან სახეს მკერდზე მიიკრავს. იარაღმომარჯვებული კაცი მათკენ გაემართება.
- ვერ ხედავ? იყინება, სახლში უნდა შევიყვანოთ.
კაცს მკერდში გული მოეწურება. ოდესღაც არსებულ და დღევანდელ სამყაროს შორის გაიხლიჩება, გაიხლიჩება წარსულსა და აწმყოს შორის და მისი გული უსიტყვო პირობის სიმძიმისგან მერყეობას დაიწყებს. „ის ხომ ბავშვია, ბავშვს ესვრი?“ ქალი წამოდგება, გვერდით ჩაუვლის, ტერასაზე ავა და სახლში შევა. მამაკაცი თავს დახრის, თითქოს ლოცულობდეს და როცა აიხედავს, სახეზე აშკარა ვედრება ეწერება. რამდენიმე წუთს კიდევ დაიცდის - გამოვა თუ არა თავთავებიდან კვლავ ვინმე? წარმოუდგენელია, რომ ეს ძუძუმწოვარა გადარჩა, გადარჩა მარტო და დაუცველი, გადარჩა მაშინ, როცა არავინ ზრუნავდა მასზე. ნუთუ ეს შესაძლებელია?
როდესაც კაცი ძველი სახლის სასტუმრო ოთახში შევა, დაინახავს, რომ ქალს ბავშვი კალთაში უზის, პლედი შემოუხვევია და წყალს ასმევს. ბავშვი ფიალას პატარა, ყინვისგან ერთიანად გაწითლებული თითებით ჩაბღუჯავს, ყველა მდუმარედ მიაშტერდება ბავშვს გაოცებული ცნობისმოყვარეობით. ნუთუ ასეთი რამ საერთოდ შესაძლებელია?
ბავშვი წამოიტირებს. მზერას