გამომცემლობისგან ეს რომანი ქართულ ენაზე პირველად გამოდის. რასაკვირველია, მას ჩვენს უახლოეს წარსულში მკაცრი ცენზურის გამო არავინ თარგმნიდა, რადგან რომანში მრავლადაა რელიგიური თემები, საოცრად დამაბნეველი სიუჟეტი, ფანტასმაგორიული გარემოებები, დაუოკებელი ლტოლვისა თუ შემზარავი დანაშაულებების მაგალითები. ავტორის დახვეწილი ფანტაზია მხოლოდ ინსტრუმენტია ადამიანის პიროვნების შინაგანი სამყაროს ამოსაცნობად, რომელიც ირაციონალური, იდუმალი ძალების ხელშია და საკუთარ ინსტინქტებსა და მაღალზნეობრივ მორალს შორის იხლიჩება. რომანს ლაიტმოტივად გასდევს მეორე "მეს" თემა, რისთვისაც ავტორი არაერთხელ მიმართავს იტალიური რენესანსის უდიდეს მხატვარს ლეონარდო და ვინჩის, რითაც ჰოფმანი ე.წ. რენესანსული მითის შემოქმედად გვევლინება. ლეონარდო და ვინჩის პიროვნება დიდად განსაზღვრავს რომანის პრობლემატიკასა და მხატვრულ ქსოვილს. არც ისაა შემთხვევითი, რომ რომანის მთავარი გმირის, მედარდუსის სულიერი მოძღვარი მისი მოსახელეა. ეს უკანასკნელი ცდილობს, მედარდუსი სექსუალურ ექსცესებს თავისი შორსმჭვრეტელური სუბლიმაციის პათოსით აარიდოს. სწორედ ასეთი პათოსით საუბრობს ზიგმუნდ ფროიდი თავის ფსიქოანალიტიკურ ეტიუდში ლეონარდო და ვინჩის იდუმალ გენიაზე! გარდა ამისა, რომანს წითელ ხაზად გასდევს ქრისტიანობისადმი ისტორიული თუ მისტიკური დამოკიდებულება. მედარდუსის პიროვნება გაბმული "თუ-თუა". ის მუდმივად მერყეობს ღმერთკაცსა და ზეადამიანს შორის. მწერალი ოდნავ ეჭვის საბაბსაც კი არ გვიტოვებს, რომ სატანა მდაბალი ადამიანის მიერ ღვთის გზისგან გადახვევაში, ჭეშმარიტებასა და სიყალბის განდიდებაშია, რომელსაც სატანის ელექსირი აღრმავებს. ამ დროს ადამიანი თავის "მეს" კარგავს: "მე - მე არ ვარ!" აცხადებს გაოცებული მედარდუსი. რამ ათქმევინა მას ეს სიტყვები? რატომ გაორდა? ის დამნაშავეა? მკვლელია? თუ წმინდანი?..