მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის გამორჩეული ირანელი პროზაიკოსის მაჰმუდ დოულათაბადის (1940) გახმაურებული რომანი „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ ჯერჯერობით ორიგინალის ენაზე არ გამოქვეყნებულა. მიუხედავად ამისა, 2009 წლიდან მოყოლებული, წიგნი რამდენიმე ენაზე ითარგმნა და გამოიცა შვეიცარიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ისრაელში. 2009-2013 წლებში რომანი რამდენიმე პრესტიჟული საერთაშორისო პრემიის ნომინანტი და ლაურეატი გახდა.
რატომ არ მოსწონს ირანულ ცენზურას „პოლკოვნიკის მიმწუხრი“? ამ კითხვაზე ყველაზე მკაფიო პასუხად შეიძლება ჩაითვალოს ირანის გავლენიანი სტრუქტურის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ხელმძღვანელის მოადგილის ჰამიდ-რეზა მოყადამფარის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომლის თანახმადაც, „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ არის „ყველაზე უფრო კონტრრევოლუციური რომანი, რაც კი ისლამური რევოლუციის შემდეგ დაწერილა“. როგორც ჩანს, ნაწარმოების მკაფიოდ გამოხატულმა ეროვნულმა სულისკვეთებამ, ირანულმა და არა რელიგიურმა პატრიოტიზმმა გადაწყვიტა რომანის ბედი და ხელისუფლების მიერ გამოტანილი განაჩენი.
მაჰმუდ დოულათაბადი, რომელმაც ამ რომანის წერას ათი წელი მოანდომა, დღეს იმდენად წონიანი მწერალია, რომ შეუძლია, თავს ნება მისცეს და არ დაეთანხმოს ოფიციალურ ცენზურას. მან, მეოცე საუკუნის 50-70-იანი წლების გამოჩენილ ირანელ მწერალთა და ინტელექტუალთა უმეტესობის მსგავსად, შაჰის საპატიმროს სიმძიმე საკუთარ თავზე გამოსცადა, მაგრამ ემიგრაციაში არ წასულა, დღესაც ცხოვრობს და მოღვაწეობს ირანში და თანამემამულეთა უსაზღვრო პატივისცემით სარგებლობს. 2014 წელს ირანში მაჰმუდ დოულათაბადის სამახსოვრო საფოსტო მარკა გამოიცა, რაც ამ ქვეყნის პარადოქსული რეალობის კიდევ ერთი დასტურია.
„პოლკოვნიკის მიმწუხრი“ ირანის უახლესი ისტორიის, მისი ბოლო ასწლეულის მხატვრული გააზრებაა. ნაწარმოებში მოქმედება ირან-ერაყის (1980-1988) ომის დროს, ერთი ღამის მანძილზე ვითარდება, მაგრამ მოვლენები, რომელთა გამოძახილსაც აქ ვხვდებით, უფრო ხანგრძლივ პერიოდს ეხება. მოქმედების ადგილი დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ასეთად ირანის ჩრდილოეთის პროვინციული ქალაქი უნდა იგულისხმებოდეს, რომელიც ფრონტის ხაზისგან შედარებით მოშორებულია.
ნაწარმოებში სხვადასხვა სახე-სიმბოლოსა და არაერთი ისტორიული მოვლენის ალუზიას ვხვდებით. მთავარი სიმბოლო, პროტაგონისტის იდეალი მოჰამად-თაყი ხან ფესიანია - ირანის ეროვნული გმირი ევროპული სამხედრო განათლებით, რის გამოც ირანელები მას ევროპულად „ქოლონელს“ (პოლკოვნიკი) უწოდებდნენ. მათ თვალში ფესიანი პატრიოტის, პროფესიონალის, უცხოური კაბალის წინააღმდეგ მებრძოლი მამაცი და პატიოსანი ადამიანის პიროვნულ თვისებებს აერთიანებს. დოულათაბადის რომანში პროტაგონისტიც - შაჰის არმიის ყოფილი პოლკოვნიკი და ისტორიული პირიც - ფესიანი ერთი და იმავე სახელით - „პოლკოვნიკი“ - მოიხსენებიან. მკითხველისთვის საქმის გასაიოლებლად, ქართულ თარგმანში იქ, სადაც მოჰამად-თაყი ხან ფესიანი იგულისხმება, „პოლკოვნიკი“ მთავრული შრიფტით არის დაბეჭდილი. ამავე მიზნით - მკითხველისთვის კომფორტის შესაქმნელად - ყველა თარიღი, რომელიც რომანში ირანული კალენდრით არის მოცემული, ქართულ თარგმანში ევროპული თარიღით ჩანაცვლდა.
რომანის სათაური ყველა ევროპულ ენაზე „პოლკოვნიკია“, თუმცა დედანში მას „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ ჰქვია. ევროპელი მთარგმნელებისგან განსხვავებით, ავტორისეული სათაურის სრულად გადმოტანა ვამჯობინე, მიუხედავად იმისა, რომ „პოლკოვნიკის მიმწუხრი“ ძალაუნებურად იწვევს მარკესის „პატრიარქის შემოდგომის“ შორეულ ასოციაციას.
ქართველი მკითხველი ნაკლებად იცნობს ამ ირანელი მწერლის შემოქმედებას. ქართულ ენაზე თარგმნილია მაჰმუდ დოულათაბადის მხოლოდ ერთი ნოველა „სარკე“ (2009, მთარგმ. მზია ბურჯანაძე) და ნაწყვეტი რომანიდან „შობეირუსთან“ (2011, მთარგმ. ლილი ჟორჟოლიანი).
დასასრულ, გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას ჩემი მეგობრებისა და კოლეგების მიმართ, რომლებიც მუშაობის პროცესში რჩევებითა თუ შენიშვნებით მეხმარებოდნენ. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მზია ბურჯანაძეს - ამ თარგმანის ხელნაწერის პირველ მკითხველს.
თეა შურღაია