ლეგენდა წმინდა ვერონიკაზე
იმ ხანებში, როცა იესო ქრისტე პალესტინაში დადიოდა და სასწაულებს ახდენდა, რომაულ ქალაქ ვერონაში ცხოვრობდა ღვთისმოსავი ყმაწვილი ქალი სახელად ვერონიკა.
თავისი გულკეთილობის და სათნო ხასიათის გამო მას მთელ ქალაქში იცნობდნენ.
ერთ დღეს ვერონიკამდეც მიაღწია ცნობამ შორეულ, აღმოსავლეთის ქვეყანაში მომხდარ მოვლენებზე. ვერონიკა დიდად აღელდა, როცა შეიტყო ქრისტეს სასწაულქმედებებზე. მის გულში აღიძრა კითხვები: ვინ არის ეს იესო, ამგვარ ძალას რომ ფლობს? საიდან მოვიდა? იგი ცდილობდა, მოეძებნა პასუხი. მაგრამ ქალაქში ურთიერთსაწინააღმდეგო ხმები დადიოდა: ერთნი ამბობდნენ, ის დიდი ექიმიაო, სხვანი -ღვთის მიერ გამოგზავნილი, მესიააო. ბევრნი კი ღვთის მოღალატედ მიიჩნევდნენ, რომელსაც ხალხი სიძულვილით სდევნიდა.
ვერონიკას არც დღისით და არც ღამით არ სცილდებოდა ეს ფიქრები. ერთ ღამეს სიზმარში გაიგონა ხმა და მისი სამშვინველის წინ მშვენიერი ქალაქის სურათი აღმოცენდა.
-წმინდა ქალაქ იერუსალიმში იპოვნი იმას, ვიზეც კითხულობ. იგი ღვთაებრივი სიმაღლეებიდან ზეგარდამოხდა კაცობრიობის განსაკურნავად.
ვერონიკას გამოეღვიძა. ეგონა, თითქოს ეს ხმა მისგანვე ჟღერდა. სიზმარმა გზა უჩვენა: იერუსალიმისკენ. უყოყმანოდ გაემზადა და დილაადრიანად აღმოსავლეთისაკენ ხანგრძლივ მგზავრობას შეუდგა.
უგზო-უკვლო მხარეებში მრავალი დღის მძიმე მოგზაურობის შემდეგ ვერონიკამ მიაღწია დიდ ზღვისპირა ქალაქს. იქ დაჯდა გემზე, რომელიც პალესტინისკენ გასვლას აპირებდა. ზღვაზე ქარიშხალი და ღელვა ატყდა. გემი საფრთხეში იყო. ხალხი სასოწარკვეთაში ჩავარდა. მაგრამ ვერონიკას სიტყვებმა მათ ძალა და მხნეობა მისცა. მათ გადაიტანეს ავდარი და დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ უვნებელნი მიადგნენ ნაპირს.
მზე ჯერ კიდევ ცაზე იყო, ვერონიკა წმინდა ქალაქისაკენ რომ გაეშურა. რაც უფრო უახლოვდებოდა მიზანს, მით უფრო უმძიმდებოდა ფეხები. ერთ საღამოს ბორცვზე იდგა. ჩამავალი მზის უკანასკნელი სხივები კვეთდნენ სიბნელეს, არემარეზე რომ ეშვებოდა. ოდნავი ბურუსიდან ფატა მორგანასავით მოჩანდა სახლები და სასახლეები. ვერონიკა აკვირდებოდა ოქროსფერ სურათს: "წმინდა ქალაქი იერუსალიმი, ზუსტად ასეთი ვიხილე სიზმარში!"
ვერონიკა თვალს არ აშორებდა ხედს. ასე იდგა ბორცვზე, სანამ პირველი ვარსკვლავი არ აკიაფდა ცაზე. სავსე მთვარე ანათებდა. მის ვერცხლისფერ ნათებაში გახვეული ვერონიკა გაემართა ქალაქისაკენ. ღამე ჩამოწვა, მაგრამ აქა-იქ მაინც ხმები გაისმოდა. ბნელი სილუეტები ჩაუქროლებდნენ ხოლმე. ცივი ნიავი უბერავდა. ვერონიკა აკანკალებული დადიოდა ღამის შუკებში, სანამ მოხუცმა ქალმა არ შეიფარა. მან სახლში შეიპატიჟა უცხო. გამთენიისას ვერონიკა ყვირილმა და კიჟინამ გამოაღვიძა:
-ჯვართ აცვით, ჯვართ აცვით!
ეს სიტყვები ისარივით მოხვდა. იგრძნო, რომ ქალაქში სიძულვილის ტალღები მძვინვარებდა. იგი გამოვარდა სახლიდან და აღელვებულ ხალხს წააწყდა.
ის, ვისაც ვერონიკა ეძებდა, საფრთხეში იყო. მას უნდა ეჩქარა მისკენ.
-სად არის ის, ვისაც სდევნით? რა ხდება მის თავს? -შესძახა მან ხალხს.
-პილატეს სასახლეში წაიყვანეს ღმერთის უარმყოფელი! ის გაასამართლებს მას!
ვერონიკამ გზა გაიკვლია პროკურატორის სასახლისაკენ. შენობის წინ მოედანზე ხალხი შეჯგუფებულიყო. ვერონიკა გაემართა კიბეებისკენ, სასახლეში რომ ადიოდა. მაგრამ რომაელმა ჯარისკაცებმა გზა გადაუღობეს. ხალხი და მღვდელთმთავრები მუშტებს იქნევდნენ და გაჰყვიროდნენ, გამოვიდა პილატე და ხალხის დასამშვიდებლად აღმართა ხელი.
-წაიყვანეთ ის, მე თქვენ გადმოგცემთ მას.
-ჯვარზე გავაკრათ იგი, გავასამართლოთ ღვთის მოღალატე! -გაისმა მოედანზე.
ვერონიკამ გაარღვია ჯარისკაცების ჯაჭვი. მყარი ნაბიჯებით მივიდა პილატესთან:
-ნუ დასჯი მას! იგი ღვთის საუფლოდან მოვიდა, ყველა ჩვენგანის საშველად!
პროკურატორმა ეჭვითა და გაოცებით შეხედა მას. ვერონიკა მუხლებზე დაეცა და მუდარით აღმართა ხელები. მაგრამ ის ჩუმად მიტრიალდა და თავჩაქინდრული შევიდა სასახლეში. გუშაგებმა მუხლმოყრილი ქალი ქვევით ჩააგდეს. ხალხმა დაცინვა დაუწყო. ღრმად დამწუხრებული დაბრუნდა ვერონიკა თავის ოთახში, რათა დაეწყნარებინა აღელვებული გული. თავში ფიქრები ირეოდა: "პილატემ გაწირა იგი. როგორ მივაღწიო ქრისტემდე?"
უცებ კვლავ ყვირილმა გამოარკვია ფიქრებიდან. იგი წამოხტა და ქალაქისაკენ გაიქცა. უეცრად ხალხის ნაკადში მოექცა, რომელიც პილატეს სასახლიდან ბრუნდებოდა. ვერონიკამ შეამჩნია ჯვარი. გაისმოდა სიცილი და ლანძღვა:
-ღმერთის მოღალატე, წელში უნდა გადატყდეს ჯვრის ქვეშ!
ვერონიკამ მთელი ძალით მისწი-მოსწია ხალხი და მის წინაშე აღმოჩნდა. ჯვრის სიმძიმისგან იესო მის თვალწინ მუხლებში ჩაიკეცა. სახე ოფლითა და სისხლით ჰქონდა დაფარული. ვერონიკამ მოიხსნა მხრებიდან თავსაფარი და იესო ქრისტესკენ დაიხარა. ქათქათა ტილოთი მოსწმინდა სახე. მან ასწია თავი, რომელზეც ეკლის გვირგვინი ედგა და მადლიერებით შეხედა ქალს. ვერონიკამ გულში ჩაიკრა თავსაფარი და იგრძნო, როგორ განემსჭვალა გული სითბოს ნაკადით. მოწიწებით დაეშვა მუხლებზე ქრისტეს წინაშე. ხალხმა მოუთმენლობისგან ბუტბუტი დაიწყო. ჯარისკაცებმა დაიყვირეს:
-წინ გავწიოთ, მოაცილეთ ეს ქალი გზიდან!
მას ხელები სტაცეს. მაგრამ ვერონიკას შიში არ უგრძვნია. მან მოიცილა მკერდიდან თავსაფარი და გაშალა საკუთარი თავის დასაფარავად. მაშინ დაინახა, რომ თეთრ ტილოზე ქრისტეს სახე ჩაქსოვილიყო, შიგნიდან კი ხმა მოესმა:
-მატარე შენში ამ ქვეყნისათვის.
ჯარისკაცებმა უკან დაიხიეს, ხალხი დადუმდა. ვერონიკამ ჩუმად გაიარა თავსაფრით ხელში ხალხს შორის და დაბრუნდა თავის ბინაში.
იმავე დღის ექვსი საათისათვის მზე დაბნელდა და უკუნი ჩამოწვა არემარეზე. მიწა შეინძრა. ვერონიკამ მუხლი მოიყარა თავის ოთახში და ტილო გაშალა. მაგრამ ქრისტეს სახე ჩამქრალიყო. წყვდიადი შავი ღრუბელივით გარსშემოერტყა და ძილი მოჰგვარა. მესამე დღეს გამთენიისას მკრთალმა შუქმა გაანათა ბნელი სენაკი. ამომავალი მზის სხივები დაეცა თავსაფარს. თითქოს სამარის უკუნიდანო, ისე გამოანათა ოქროსფრად პირისახემ. ვერონიკას გაეღვიძა მისი ნათლისგან და ლოცვისთვის დააწყო ხელები.
ამ წუთიდან ტილო კურნავდა ყველას, ვინც მას გულს უხსნიდა. ვერონიკა მას ინახავდა, როგორც წმიდათაწმიდას. მრავალი სნეული და სასოწარკვეთილი მიდიოდა მასთან და წმინდა ტილოს შეხებით იკურნებოდა. ვერონიკას ისინი თავის ბინაში შეჰყავდა, წმინდა გამოსახულებას ადებდა სნეულ სხეულზე და ისინი იკურნებოდნენ. მისი მოქმედების ადგილად იერუსალიმი იქცა, ვერონაში კი აღარ დაბრუნებულა.
იერუსალიმის მოვლენებიდან თვეები გავიდა. ვერონიკამ უცნაური სიზმარი იხილა: ვითომ პროკურატორის საბრძანებელში იყო და მის ლოგინთან იდგა. პილატე ანთებული თვალებით მისჩერებოდა. მთვარის მკრთალი შუქი ეფინებოდა ოთახს. პილატე მოუსვენრობისგან ხან ერთ მხარეს გადატრიალდებოდა, ხან მეორეზე:
-ეს არ იყო ჩემი ნება! მე არ მიმისჯია მისთვის სიკვდილი! წაიღეთ ჯვარი ჩემგან!
პილატე წამოჯდა და მუდარით გაიწვდინა ხელები ვერონიკასკენ. მთვარის შუქზე ვერონიკამ დაინახა მისი ფერმკრთალი სახე.
-მოვდივარ!
ვერონიკა საკუთარმა ხმამ გამოაღვიძა. ხელები გაშლილი ჰქონდა. მან აიღო ტილო და გაეშურა პილატეს სასახლისაკენ. როცა დიდ კიბეებზე ავიდა, კვლავ გუშაგები გადაეღობნენ:
-ვინ გინდა? არავის აქვს შესვლის უფლება, ჩვენი ბატონი სასიკვდილოდ არის ავად.
-მე მსურს, დავეხმარო მას, მე მან დამიძახა.
-აჰ, შენ ის ქალი არ ხარ, საოცარი თავსაფრით? მან უკვე იცის შენზე, წამოდი!
ისინი გაუძღვნენ ვერონიკას პილატეს ოთახისაკენ. იგი საწოლზე იწვა, ისე, როგორც სიზმარში იყო. პილატე წამოიმართა და შეხედა ვერონიკას:
-შენ ხარ ის ქალი, ვინც ის სასწაული განიცადა? შენ ქრისტეს მოწაფე ხარ?
ვერონიკამ თავი დაუკრა.
-დიახ, ვარ.
პილატემ ჩუმი ხმით განაგრძო:
-ჩვენ ხომ ერთხელ უკვე შევხვდით ერთმანეთს, ჩემი სასახლის კიბეებზე? შენ მის გამო მთხოვდი -მაგრამ მე არ ვიყავი თავისუფალი: მე მომთხოვეს -ეს ჩემი სისუსტე იყო.
პილატე გაჩერდა და გულზე იტაცა ხელი:
-აქ მეწვის ჭრილობა.
მან მუდარით შეხედა ვერონიკას. მაშინ მან ტილო პილატეს გულზე დაადო. მას სუნთქვა დაუწყნარდა, ხელები წმინდა ტილოს დაადო. იგი შორეულ სივრცეებს გასცქეროდა. ვერონიკა იქამდე იდგა მის სარეცელთან, სანამ იგი ძილმა არ მოიცვა. შემდეგ ააცალა თავსაფარი და დატოვა სასახლე.
სამი დღის შემდეგ იერუსალიმსა და მთელ მხარეს მოედო ამბავი, რომ რომის კეისრისნაცვალმა პილატემ მშვიდად დატოვა წუთისოფელი.
ღრმა მოხუცებულობამდე მოქმედებდა ვერონიკა ადამიანთა სასიკეთოდ. მას "წმინდა ვერონიკა" შეარქვეს.
როცა მისი გარდაცვალების ჟამი მოახლოვდა, ტილოს თავზე ქრისტეს სხივმფინარი ხატება აღიმართა. მან თავისი მზიური სახე ვერონიკასკენ მიაბრუნა. ვერონიკამ იგრძნო, რომ მისი სამშვინველი ქრისტეს ნათელში შედიოდა.
*
მას შემდეგ, რაც ვერონიკა სასუფეველში გადავიდა, წმინდა ტილო ჟამთა მსვლელობისას ინახებოდა და დღემდე მოაღწია. მას საიდუმლო ადგილას იცავენ. მაგრამ ასწლეულების განმავლობაში ქრისტეს პირისახე გაფერმკრთალდა.
დაე, კეთილი ნების ადამიანებმა კვლავ განაბრწყინონ მისი ხატი.