ბოშა ქალი ხანკო ლამაზი ქალია, უზომოდ ლამაზი. მისი შავი ბრიალა თვალები ახლად დამწიფებული მაყვლის მზერასავით მაცდური იერისაა, წელამდე დაცემული შავი, ტალღოვანი თმა თალხი ღრუბლის ფუმფულს მოგაგონებთ. წვივგრძელი და ტანმაღალია, ტანსრული. ფუშფუშა კაბები უყვარს და თვალშისაცემად მსხვილ-მსხვილი სამკაულები. ჯინჯილაკები უმშვენებენ ყურებს, სამსე და ბამბის ქულასავით თეთრ მკერდს, ლამაზად გამოკვეთილ მაჯებს, მსხვილ და გრძელ თითებს. ყურზე ჩამოკონწიალებული, ნიავივით მონავარდე, გრძელი საყურეები აქეთ-იქით ირწვეიან და ბრჭყვიალებენ, რაც პატრონისთვის უზადო სიამოვნების მომგვრელია.
ხანკო წმინდა სისხლის ბოშაა, ახალად მოვლენილ ვარდის კოკორივით გაუშლელია ჯერ, მაგრამ მასავით თვალმოუწყვეტელი მნახველთათვის. მისი სხეული ველური ყვავილების სურნელს აფრქვევს. კანს კი სიქორფე ჯერ არ დაუსრულებია. შთამომავლობით მოხეტიალე ბოშათა რანგის საგვარეულოს ეკუთვნის, ბოშათა სისხლი აირია, აღრევა მოხდა სხვა ხალხებთანო, დიდი ბებიის წუწუნი პატარაობიდანვე ჩაესმოდა ანცად თვალებბრიალა ხანკოს. ბებიის დარიგებაც მაშინ, ბავშვობისას ახსოვდა, რომ მოუბრუნდებოდა ხოლმე, ვერცხლისფრად შეჭაღარავებულ გრძელნაწნავიან თმას უკან მხრებზე გადაიგდებდა და დიდ, ფართე სახეს ახლოს მიუტანდა: -ხანკო, გახსოვდეს, ჩვენებურს უნდა გაჰყვე ცოლად და ბევრი, ძალიან ბევრი შვილი გაუჩინო. ჩვენიანი ვაჟი გერჩივნოს უცხოტომეულს, უცხოგვარეულს. გაიგე?!
ხანკო დიდ, ლამაზ თვალებზე წამწამების ფახულს მოჰყვებოდა თანხმობის ნიშნად, მერე ხელებს განზე გაიშლიდა, თავს პატარძლად წარმოიდგენდა და ბოშურად აცეკვდებოდა. მსუქანი ტანის ბებიასაც არაფერი ედგა წინ, მისთვის ცეკვა ჩაის მოყლუპვასავით იოლი იყო, ხასიათის საგანგებო დაყენება არ სჭირდებოდა. გაშლიდა განზე ხელებს, დანაოჭებული სახე გადაებადრებოდა, „ იალო-იალოს “ დაიძახებდა და ამის მერე მოჰყვებოდა მხრების თამაშს.
ყველაფერი კარგად დახსომოდა ხანკოს ფიქრებსა და ნაწვიმარ მოგონებებს.
მაშინაც წვიმდა. შხაპუნა წვიმის წვეთებს სიმცირით მოკრძალებული სახლის ფანჯრები დიდი რუდუნებით იწოვდა და ისრუტავდა. ანკარად მოჟონავდა მინებზე საგანგებოდ მოლდავეთის ციდან მადლის წყალივით მსხვილი წვეთები. სახლში შესულმა ბებიამ გალუმპული მოსასხამი მოიძრო თავიდან, მისმა მომაჯადოვებელმა ჭაღარამ თვალი მოსჭრა თხუთმეტი წლის ხანკოსა და მამამისს, რომელნიც მაგიდას მიმსხდარნი არყიანი რძით იხანგრძლივებდნენ საიუმორო გუნება-განწყობილებას. ბებიის ჭაღარამ ყურადღება მიიქცია:
-არ მესმის, წვიმის რატომ ეშინიათ ადამიანებს? კაცები თავქუდმოგლეჯილები გარბიან თავის შესაფარებლად, გეგონებათ დიდი ჭკუის პატრონები ბრძანდებიან და წვიმას მათი ნიჭიერებისა და ტალანტის ჩამორეცხვა სურდეს. ქალები კიდევ ჩვენი სახლის ხელა ქოლგებში იმალებიან, იმათაც ახლად დავარცხნილი დალალები არ დაუსველოს წვიმამ რა. ბევრი-ბევრი ნამუსი ჩამოუწმინდოს, ისიცა მეეჭვება... ის კაცი ვინაა, ჩვენს დასახლებაში უგერგილოდ რომ ტრიალებს?
-ვინ კაცი?
-ის, ჩვენ მეზობელ სერჟინისთან რომაა, სტუმარია თუ ეშმაკი?
-ააა- დედის ნათქვამზე გაეცინა ხმამაღლა ხანკოს მამას, -ეშმაკი არა ის, კაცია, კაცი. თანაც ახალგაზრდა, სიმპათიური, მდიდარი, უცხოელი.
-ფრთხილად იყავით მასთან, მე გაგაფრთხილეთ, აი ამ ჭაღარას დაუჯერეთ! -ბებიამ ხელი ქოჩორზე წაივლო და მთელი ძალით გაიწეწა, ცოტაც და თვალებიდან სიბრაზის ნაპერწკლები იელვებდა.
მის ნათქვამზე ვაჟიშვილსა და შვილისშვილს ხარხარი წასკდათ. თანაც ისეთი მთელი მოლდავეთის ნაწვიმარ ცასა და გიშრისფერ მიწას სწვდებოდა:
-ჩემს ჭაღარას დაუჯერეთ მეთქი, გირჩიეთ და თქვენ კი იხოცებით სიცილით, აი, ამიტომ გჭირდებათ მუდმივად ჭკუის დარიგება. მაინც ვინაა, არ იტყვი?! - ბრზამოდებული და ალმურადენილი სახე ახლოს მიუტანა ახარხარებულ ვაჟს, რომელმაც გული იჯერა თუ არა სიცილით, მოკლედ გაკრეჭილ წვერზე ხელი დაისვა და უთხრა:
-ქართველი სტუმარია, საქართველოდან.
-აჰ, ქართველი, ქართველი - ბებიამ დიდ ვარცლს წაფარებული ნაჭერი ახადა და საფუარით მოზელილ ცომს ხელმეორედ უწყო გადაზელვა. მომცრო ოთახში ცომის სუნი დატრიალდა: -ქართველი, ქართველი... რა ყველგან არიან მოდებულნი ეგ ქართველები?!
ბებიამ გადაზელ ცომს ზევიდან რძეში ამოვლებული ხელი ბარაქის ნიშნად დაუტყაპუნა და ვარცლს ისევ ნაჭერი წააფარა: -ფრთხილად იყავით, ქართველებმა ქურდობა იციან!
მის ნათქვამზე მამა-შვილს ისევ ხარხარი აუტყდათ. თუმცა ხანკოს შინაგანად რაღაც იჭვნეულმა გაკენწლა, ხელი თავის ნახევრადშეჟანგისფრებულ ჯინჯილა საყურეზე წაივლო. მამამისმა დიდი ზომის ჩექმიანი მარჯვენა ფეხი სკამზე შემოდო, ორივე ხელი წელზე შემოიწყო, თვალი მიმოავლო მომცრო ზომის, მოკრძალებულად განათებულ ღარიბულ ქოხმახს და ნიშნისმოგებით ჰკითხა დედამისს: -და რას მოგვპარავს ქართველი, ბებერო?
გაავებულმა ბებიამ გულში მაგრად მომუჭული მუშტი მთელი ძალით დაიბრაგუნა და უპასუხა: -მათ ყველაზე ძვირფასის მოპარვა იციან!
-და რა გვაქვს ძვირფასი?
-გული, გულის მოპარვა იციან!.. გულის!
მამა-შვილმა ისევ ერთურთს გადახედეს, ამჯერად აღარავის გასცინებია. ახლად ამოკოკრილმა ქორფა ქალიშვილმა თვალი ფანჯრისკენ გააპარა, მამამ მწყრის