ბეთელჰილზის მარგალიტები -ჩემი მეგობარი გაიყიდა … გუშინ საღამოს … მის სახლში, აივანზედა ვიყავით, ის თავისივე საძინებელ ოთახში, ცხელოდა, ფანჯრები ღია იყო და...
...წამოსცდა... ჰმ, თურმე იმ საცოდავ ვარსკვლავზე გაჩენილს საკუთარ თავთან ლაპარაკი ჰყვარებია. წარმოგიდგენია?.. ის კი არ იცოდა, აი, ნათქვამი რომ არის, კედლებსაც კი ყურები აქვსო....
მაინც რა მოდაში შემოიღეს ჩემი მეორე მე, მესთან ლაპარაკი, ის კი არა და გაზეთში ახალი რუბრიკა შეიქმნა: მესთან დიალოგი, აი ეგ მეა სწორედაც, რომ დამღუპველი...
-რას იტყვი ცისმარი?-
დიდი და ხმაურიანი ქალაქის განაპირას პატარა სკვერში , ხის სკამზე ჩამომსხდარიყო ორი მოხუცი. მამაკაცი ორივე ხელით ხელჯოხს დაჰყრდნობოდა, რომელსაც მომრგვალებული სახელური შავი ფერის ჰქონდა, ხოლო ბოლოც ასევე შავი ფერის რეზინამოცმულით მთავრდებოდა. სახეზე სასიამოვნო, კეთილი მოხუცებულისათვის გამოგონილი ღიმილი დასთამაშებდა ბედნიერების ნიშნად , მისი ნაოჭებიდან გამომდინარე სავარაუდოდ რვა ათეულ წლამდე უნდა ყოფილიყო, ოდნავ ჩაფსკვნილად გამოიყურებოდა თმათეთრა და თეთრ პირისახის მქონე თეთრ-ყირმიზი მამაკაცი , ისეთი ვიზუალურობა ჰქონდა, გეგონებოდათ, რომ ზუსტად ერთი საუკუნის წინ შავი ლაბადა -ცილინდრით , შავი, გრძელი ქოლგით არისტოკრატიული ნაბიჯებით მოზომილ-მოსიარულე უნდა ყოფილიყო.
მოხუცი ქალიც ასე, ალბათ, შვიდი ათეული წლიდან სამოცდათხუთმეტი ,ანდაც სამოცდათვრამეტ წლამდე უნდა ყოფილიყო. მის ჭაღარა თმებს ტალღოვანება ჯერ კიდევ შემორჩენოდა, თვალები ღია ცისფერი და მის გარშემო აბლაბუდა ქსელივით დახლართულ-დანაოჭებული, თეთრი პირისახის ისიც. შავკაბაამოცმული , ჩია და ხმელა-ხმალა ქალი, ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო, რომ ვიღაცას გლოვობდა.
- „ რას იტყვი მათქო ქალავ “ ?-საუბრის კილო წახუმრების ხმაზე ააჟღერა მოხუცმა კაცმა.
-რავი, მე რავი, აბა!
-სულ ეგა ხარ ქალო?-უსაყვედურა ქალს, ისე, რომ პირმცინარი სახიდან ღიმილი არ მოშორებია ბერიკაცს.
-რავი მე, შედანო, რავი , რავი....-ჩაიბუტბუტა მხრების აჩეჩვით ქალმა.
-რა რავი?
-რავი და მე ჩემი ვერა გამიგია და... აბა, შენი მეგობრისა რა მოგახსენო?-
-რა შენი, ჩვენი ცისმარ?-
-ხოო, ჩვენი, ჩვენი აბა... -დაუნაღვლიანდა ხმა.
-რამე გვეშველება შე ქალო, ასე ხომ არ გადავივლით ამ ქვეყანასა?-დაამშვიდა და მოსიყვარულე თვალებით შეათვარიელა ბებერი ქალი.
-ეეეხ, არაფერიცა!-
-რა არაფერიცა?-გამოაჯავრა ღიმილიანმა ბერიკაცმა.
-არაფერიც აღარა გვეშველება, შედანო, მიწის მეტი , ადრე მეც შენსავით ვფიქრობდი, რამე იქნება და გვაშველება-თქო, ახლა ყველანაირი იმედი გადამეწურა.
-რას ამბობ ქალავ?.. იმედი ღმერთმა ნუ მოგვიშალოს, ეგა ხომ იცი სულ ბოლოსა რომ კვდება? -
-ნეტავი შენა შედანო, ნეტა კიდევა გაქვს რიღასმე იმედი?
-ვერ მაპატიე ხომ შენს გულში? მართალი ხარ, მე ვერ გამოვდექ ფეხმარდი, ვის რა უნდა დავაბრალო-დაუნაღვლიანდა ხმა ბერიკაცს, ბერიქალი კი დადუმდა.
-ვახმე, რა ძნელია შენი ლაპარაკ-აყოლიება, ეგრე დუმილზედ რამ შეგაყვარა ცისმარ? სულ როგორა უნდა სდუმდე, ხმა ამოიღე ხოლმე რა?-გაუჯავრდა შედანი.
-ადე, ადე, ავტობუსი გამოჩნდა მოსახვევში, ჯერ შენ მიდი და მერე მეც მოგყვები, ერთი გაჩერების შემდეგა.... ვინმემ არ დაგვინახოს! - ხელით ადგომისკენ უბიძგა ბერიკაცმა ბერიქალს.
-ნეტავი შენა რა? დაგვინახონ და იყვნენ! ჩვენზედაცა ეხლა ვინმემ რამე არ გაიფიქროს რა? პირი მიწისკენა გვიქნია და ეხლა რაღა დროსია?-წუწუნ-დუდღუნით წამოდგა ძნელად , თითქოს მუხლებში უჭირდა ძალა, წელში მოხრილ-მოკუზული გაემართა ავტობუსის გაჩერებისკენ.
- ,,ვახ, ვახ, სულ უკმაყოფილო როგორაა, ან დუმს, ედ დუმილა ესა, ანდა თუ ხმას ამოღერღამს და... უნდა იწუწუნოს. კიდევ კარგი ტირილს გადავაჩვიე, მთელი ახალგაზრდობა სულ არა სტიროდა? ვაჰმე როგორ გაუძლო ზახარიჩმა.... აკი ვერცა გაუძლო და მოინელა. ღმერთო მაპატივე... “ - პირჯვარი გადაიწერა კოტიტა, დაკოჟრილი ხელით , რომელიც აშკარად მარილების დაგროვებისაგან ფორმაშეცვლილი თითების დაბოლოებები ჰქონდა.
ხელჯოხს დაყრდნობილი, როგორც იქნა, წამოიბამბღვლა და ავტობუსის გაჩერებისკენ მარცხენით ხელმოჩრდილულმა გაიხედა, საყვარელ ქალს მზრუნველურად გააყოლა მზერა. ცისმარის წინ გაჩერდა და გაიღო ავტობუსის კარი, კიბეებზე ასვლა გაუძნელდა, აქეთ -იქიდან სხვა მგზავრებიც მოსდგომოდნენ და შიგ ასასვლელად მომზადებულიყვნენ. ვიღაც ახალგაზრდა ქალმა ხელი მიაშველა ასვლილას, როგორც იქნა ავიდა და ფანჯარასთან სკამზე მოკალათდა. ავტობუსის ფანჯრიდან იმ სკამისაკენ გაიხედა სადაც დატოვა ბერიკაცი, თვალთ