ჩ
- ჩემი გულის გაჩერება გახრწნილი ლაზარეს აღდგინებაზე დიდი მადლი იქნებოდა მოხუცო. ნამდვილი სასწაული კი იმ ბავშვების გადარჩენა იქნებოდა, დღე და ღამე ჩვენთან ერთად რომ იხდიან ამ ქვეყანაზე მოვლინების ხარკს და თმაგაბურძგნულები ითხოვენ დახმარებას. სჯობს, მაგ შენმა ღმერთმა სასწაული თუ მოსახდენია, ისევ მათ თავზე მოახდინოს, თორემ მე, ღმერთისაგან მიტოვებულს, რაღა ჯანდაბად მინდა სასწაული და შველა. აწი, რაც უნდა მოულოდნელი სიკეთე დატრიალდეს ჩემს თავს, სხვა არაფერი იქნება, თუ არა ჯამბაზობა. რაც უნდა ჯადოსნური სული შთამბეროს შენმა მაცხოვარმა დღეს, მაინც ჯანგამოცლილი, ნატანჯი და სასიკვდილოდ გამზადებული მათხოვარი ვარ. ჩემნაირი სასიკვდილოდ გამზადებული და მიხრწნილი კალინიკეს ფეხზე დაყენება ჯამბაზობა იქნება დღეს, სწორედ რომ საცირკო ჯამბაზობა მოხუცო, სადაც მაყურებელთა შეძახილები და გაოცება წარმოდგენის დამთავრებისთანავე ქრება და ილევა. იცი შენ, ჩემი და შენი წარმოდგენა დასასრულს მიახლოვებულია უკვე და ჩვენი საამქვეყნოდ მობრუნებაც იმ კაცის თვალებში გამოხედვას დაემსგავსება, სასიკვდილოდ გადადებულს რამდენიმე დღის მერე უეჭველად რომ მიაბარებენ მიწას!
- ღვთიიიისმშო-ბე-ლო ქალ-წულო, გი-ხა-რო-დენ მი-მა-დლე-ბუ-ლო მააა-რიიი-აააამ...- ჩაიგალობა მოხუცმა და რაღაც გაუგონარი სიტკბო გამოაყოლა სიტყვებს. უეცრად გაივსო, თითქოს გაიბერა და უჰაერობამდე გაიტრუნა ოთახი. კალინიკეც დაობებულ კედელზე მიტმასნული ხვლიკივით გაისუსა. მობუზული შეჰყურებდა საწოლზე მივარდნილ ბერიკაცს, რომელსაც თვალთა უპენი ცრემლით გავსებოდა და ცრემლითვე შემრეშილი ხმით ღვთისმშობლის საგალობელს ამოთქვავდა. სათქმელზე უფრო მეტი იდუმალება და სიბრძნე მოჰყვებოდა მოხუცის ,,ღიღინს“, ცრემლეულს. კალინიკეც შეაფხიზლა გალობამ, მოხუცის შემხედვარეს რაღაც უცნაირად დაუარა ჟრუანტელმა ძარღვებში და ტუჩაკანკალებულს საშინლად მოუნდა ბოლო ხმაზე ღრიალი. უნდოდა ცამდე ეყვირა, ეღრიალა ის ტკივილი, ის ტანჯვა, რომელსაც მთელი ცხოვრება მოუშორებელი ტყლიპივით დაატარებდა. აქეთ მოხუცის სულისშემძვრელი გალობა უვსებდა გულს, იქით კი ყოველდღიური გამწარებული ცხოვრებისგან დახორკლილი სხეული ხდებოდა აუტანელი. აღარ იცოდა, რა ექნა, ძლივს იკავებდა თვალებში მომდგარ ცრემლს ხმაწართმეული. აქეთაც და იქითაც ტანჯვა და სატკივარი იყო მისთვის. აქეთ ღმერთი იყო, დიდი და ყოვლისშემძლე ღმერთი, მაგრამ მისთვის უნიათო და არაფრისმაქნისი, იქით კი ცხოვრება აჩანაგებდა და მიწასთან ასწორებდა ყოველდღიურად. ასე ორ გზას შუა ილეოდა კალინიკეს ცხოვრება, მაგრამ საკუთარი გადასახედიდან არც ერთი იყო გზა მისთვის და არც მეორე. ვერც საკუთარ სიცოცხლეს დაარქმევდა ცხოვრების გზას და ღმერთისა და მისი ბილიკების ხომ ვერა გაეგო საერთოდ. უბედურება ის იყო, რომ გონების თვალსაწიერითაც ვერ სწვდებოდა მესამე გზას, რომლისკენ გასასვლელ გვირაბს მაინც მთელი ცხოვრება ჯიუტად მიითხრიდა, მაგრამ ამაოდ, სულში გაჩენილი ღრმულის მეტი ვერაფერი შედეგი გამოიღო მისმა ყოველდღიურმა ჩიჩქნამ და ძიებამ. საბოლოოდ მაინც ორ გზას შუა იყო გაჩხერილი, უბილიკოდ, უფსკრულის შორიახლოს მდგომი, რომლის კიდეს დღითი დღე უახლოვდებოდა და მიუწვდომელი ფსკერიც ნელ-ნელა შესამჩნევი ხდებოდა. ერთ მხარეს ჩამოძენძილი ცხოვრება იყო, რომელსაც რის ვაი-ვაგლახით მიათრევდა, მეორეზე კი - ღმერთი, ყოვლისშემძლე და არაფრისმაქნისი ღმერთი, რომელიც, როგორც მოხუცი ეტყოდა ხოლმე, დიდსულოვნად ითმენდა კაცობრიობის გავეშებულ ქშინვას, ღორმუცელობასა და ხროტინს. ის ღმერთი, რომელმაც მოხერხებული მეზღაპრესავით მოტყუებული დატოვა, არც ლხინი უწყალობა და არც ფქვილი, ქატო და ჭირი კი, რამდენიც გენებოთ, თავზე საყრელად...