ბერმუხიდან ლებრიხამდე
დიდი მითქმა-მოთქმა იყო ატეხილი სოფლად. ყველგან ერთი და იმავე ამბავს ჰყვებოდნენ და მთელი ბერმუხა ერთი „ კოცონის ” ირგვლივ ტრიალებდა. ისე, კაცმა რომ თქვას, საქმეც სხვა არაფერი ჰქონდათ და ასეც რომ არ ყოფილიყო, მსგავსი ამბავის წაყრუებას ვერც ბერმუხელები იკადრებდნენ. მეზობელი სოფლებიდანაც გადმოდიოდნენ ცნობისმოყვარე გლეხები. ზოგი გზად მიმავალი ჩერდებოდა და ჩურჩულით კითხულობდა ყურმოკრულ ამბავს. უთენია ბოღმით გულგასიებულნი ჩურჩულებდნენ ბერმუხელები, თითქოს რაღაცას ბჭობდნენ, ფიქრობდნენ, ელოდნენ, მაგრამ მალევე იხუვლა ხალხმა და ორღობეებში ჯგუფ-ჯგუფად შეკრებილნი, სოფლის კულტსახლისკენ დაიძრნენ. ყველაფერი კი დიდი ხნის წინ, სულ სხვანაირად დაიწყო...
როდესაც საქართველომ ოთხმოცდაათიანების დასაწყისში დამოუკიდებლობის აღდგენასთან ერთად ავტოკეფალიის დასტურის სიგელი დიდი ზარზეიმით გამოაბრძანა სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სოფელ ბერმუხაში იორამ მოძღვარს ერთხელ უკვე გაკრეჭილი ჰქონდა წვერი. კაცმა რომ თქვას, თავის დროზე არავის არც წვერის მოშვება დაუძალებია და, მითუმეტეს წვერის პარსვაზე არ დასდგომიან თავზე სამართებლით, მაგრამ როგორც თვითონ იტყოდა ხოლმე, „ უმიზეზოდ ნაკურდღლარის მთასაც კი არ დაადგება ღრუბელიო ” . ბავშვობიდან შეწირული ყოფილა იორამ მღვდელი. ძველები იგონებდნენ, ბებიამისი ანიკო როგორ დაატარებდა პატარა ჟორჟიკას სკოლაში (იორამი მღვდლობისას შერქმეული სახელი იყო). დიდი მლოცველი ქალი ყოფილა ანიკო. ვენახსა და ბოსტანშიც სანთლით გადაღვენთილი ლოცვანითა და ძველის-ძველი ფსალმუნით დაიარებოდა მარტოქალი. ადრე დაქვრივებულ-დაქცეული, ბიჭსაც ეგრე ერთგული ლეკვივით დაატარებდა აღმა-დაღმა. ბევრჯერ უნახავთ შუადღის სიცხეში, ლეღვის ჩრდილში მუხლმოყრილი ანიკო, ქადაგივით დავარდნილი რომ აღავლენდა უფლის სადიდებელ ლოცვას. ჟორჟიკაც იქვე ეჯდა გასუსული და ერთი სული ჰქონდა როდის ამოთქვამდა ხელაპყრობილი ანიკო „ უფალო შემიწყალენს ” რომ თვითონაც აჰყოლოდა და ბებიასთან ერთად, სიხარულით შეეძახა ჯერ კიდევ ვერ შეცნობილი ღმერთისთვის სავედრებელი კვერექსი. ვიდრე ჯანი მოჰყვებოდა ანიკოს მკლავებში, ასე შრომაში და ლოცვაში ატარებდნენ ბებია და შვილიშვილი ცხოვრებას. გაჰქონდათ კიდეც თავი, მაგრამ ასაკი მაინც თავისას შვრებოდა და უკვე სამოცდაათ წელს გადაცილებულ მარტოხელა დედაკაცს, მუხლი და მკლავი ძველებურად ვეღარ უჭრიდა. კვირაძალზე მაინც უთენია ახერხებდა წამოდგომას, უცნაურად გაკრეჭილ ბიჭუნას დაკოჟრილი თითების ლაქუცითა და შუბლზე კოცნით წამოახტუნებდა, ნამძინარევ სახეს ცივი წყლით ჩამოჰბანდა, თმებს სველი ხელებით გადავარცხნიდა და მოკლეებით გაიყოლებდა გაღმა სოფლის საყდარში მიმავალ ბილიკზე, საიდანაც მოლოცვილ-ნაზიარები, წითელი ღვინით ტუჩებშეწითლებულ ჟორჟიკასთან ერთად, ისევ მოკლეებით მობანცალებდა სახლისაკენ. საყდარში ასვლისთანავე ჩურჩულით ჩამოილოცავდა წელშიმოხრილი დედაკაცი, მაჯაზე „ გამობმულ ” ჟორჟიკას, სადღესასწაულოდ შესაწირი ბატკანივით სამჯერ შემოატარებდა ეკლესიას და ხელაპყრობილი, ისევ ნაჩურჩულები ლოცვით შედიოდა ტაძარში. ამბიონზე მდგომი ილარიონ მოძღვარიც ღიმილით ეგებებოდა ანიკოს - ერთგულ მლოცველსა და ეკლესიის მოამაგეს. უხაროდა ხუცესს ტაძარში სულიერის დანახვა და ის უფრო მეტად ახარებდა, რომ მარტო არ იქნებოდა შემწირველ-შემსმენელი ნაცარმიყრილი მუგუზალივით შესუდრული ჭეშმარიტებისა. „ დრო არის ეშმაკის აღზევებისაო ” იტყოდა ხოლმე ცაცხვის ჩრდილში მჯდომი ილარიონ მოძღვარი. მართლაც არ ედგათ კარგი დრო ღვთისმსახურებს. სოციალიზმის წიაღში ამოზრდილ კომუნიზმს სამასხარაოდ გაეხადა ეკლესიაცა და მღვდელიც. სოფლად ხუცესი თმაგაბურძგნულ გიჟად ჰყავდათ შერაცხული, რომელსაც ხშირად აპანღურებდნენ კიდეც, ქალაქში კი, ჩამორჩენილობის, დრომოჭმულობისა და სიბრიყვის განსახიერებად იყო ქცეული კაბოსანი. მომაკვდავის საზიარებლად ან მიცვალებულის გასაპატიოსნებლად თუ მიადგებოდნენ მოძღვარს და მაშინაც დაცინვის, კისკისისა და ბრიყვული ხუმრობის ობიექტად აქცევდნენ ქრისტეს მოციქულს. მაგრამ ტყუილად არ უთქვამთ, როგორიც ერი, ისეთი ბერიო... მოძღვრებს ნამეტანი მძიმე სატარებელი გაუხდათ უღელი ქრისტესი და ეგრეც რომ არ ყოფილიყო, როცა შენი სიტყვა და საქმე ჩირად არ უღირს არავის და სიმართლე და ჭეშმარიტებაც ხშირად ცარიელ ტაძარში იქადაგება, გეძალება ადამიანური ბუნება და გინდა, არ გინდა, ხანდახან გიწევს სოფლის დაკრულზე ლეკურის ცეკვა. ასეთ დღეში იყო „ დალხენილი ” ქვეყანა და იმას ვერ ხვდებოდა ხალხი, რომ საკუთარი სულის პანაშვიდზე ღრიანცელით იყვნენ გასუქებულ-გაბრუებულნი. ლეკურზე და ცეკვა-თამაშზე ცოტა ქვევით მოგიყვებით, ახლა კი პატარა ჟორჟიკას ამბავი გავაგრძელოთ.
ასეთია ცხოვრება - ჟორჟიკას ბუსუსებივით რომ ეფინებოდა ულვაშები, წკრიალა ხმა ნელ-ნელა მამლის ყივილივით უვაჟკაცდებოდა და სიმაღლეშიც ასწრებდა თანატოლებს, ანიკო წელში იხრებოდა, სუსტდებოდა და ბოლოს იქამდე მივიდა, რომ ფეხებდასიებული დედაკაცი ჯოხზე დაყრდნობილი ძლივსღა დაიარებოდა. უჭირდა ანიკოს, ფეხს ვეღარ ადგამდა და გრძნობდა ნელ-ნელა ქალი, დიდი დრო რომ აღარ ჰქონდა დარჩენილი მიწის ზემოთ, მაგრამ პატარა ჟორჟიკას ღმერთის ამარა დატოვება უფრო ადარდებდა დედაკაცს, ვიდრე სიცოცხლესთან გაყრა - უღიმღამო, ხშირად გაუსაძლის, მაგრამ მაინც ტკბილ და ვერდასათმობ სიცოცხლესთან. დარდსაც ვერ იკლავდა გულში, მკერდში ჩაიკრავდა შვილიშვილს სიბერისგან გამხმარი დედაკაცი, აქვითინდებოდა